
1995 წლის შემდეგ პირველად, იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი 1%-მდე გაზარდა
იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი ბოლო 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად, 1%-მდე გაზარდა. არსებული ინფორმაციით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილებას მხარი მმართველთა საბჭოს წევრების უმრავლესობამ, 8-დან 7-მა გუბერნატორმა დაუჭირა. ერთადერთი გამონაკლისი იყო საბჭოს წევრი ტოიჩირო ასადა, რომელიც მხარს განაკვეთის უცვლელად დატოვებას უჭერდა და აცხადებდა, რომ ზრდის საჭიროება არ არსებობდა.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ქვეყანა ამჟამად შესუსტებული იენისა და მზარდი ინფლაციის გამოწვევების წინაშე დგას. ეს ტენდენცია კი, ნაწილობრივ, ირანის ომით გამოწვეულ კრიზისს უკავშირდება. იაპონიის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, მწარმოებელთა ფასების ინდექსი მაისში 6.3%-ით გაიზარდა. ეს მატება კი ბოლო სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე სწრაფ ტემპზე მიუთითებს და ის ძირითადად ენერგორესურსების გაზრდილმა ღირებულებამ გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ სამომხმარებლო ინფლაცია კვლავ 2%-ზე დაბალ ნიშნულზე რჩება, ნავთობის ფასების მატება ბაზარზე სხვადასხვა პროდუქტის ღირებულებას მაინც ზრდის.
ქვეყნის მთავარი ფინანსური ინსტიტუტის მიერ მსგავსი გადაწყვეტილების მიღების ფონზე საფონდო ბირჟაზე Nikkei 225-ის ინდექსი 0.46%-ით გაიზარდა. იაპონური იენი კი დოლართან მიმართებით მცირედით გამყარდა.
ცნობისთვის, იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი ბოლოს გასული წლის დეკემბერში, 0.75%-მდე გაზარდა.
BM.GE
წყარო: bm.ge