
2015-2024 წლებში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა/საქსტატი
საქსტატის ინფორმაციით, აღწერათაშორის პერიოდში, 2015-2024 წლებში ჯამში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა.
ბუნებრივი მატება დაბადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობას შორის სხვაობას ასახავს და მოსახლეობის ცვლილების ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია. ის, მიგრაციული სალდოსგან განსხვავებით, ქვეყანაში მიმდინარე შიდა დემოგრაფიულ პროცესებს აჩვენებს.
2015-2019 წლებში ბუნებრივი მატება დადებითი იყო, თუმცა მკვეთრად მცირდებოდა. 2015 წელს ბუნებრივი მატების მაჩვენებელი 10 100 შეადგენდა, 2019 წელს ბუნებრივი მატება 1.6 ათასამდე დაეცა.
2020 წელს ქვეყანაში პირველად დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება, -4 000. 2021 წელს კლება კიდევ უფრო გაღრმავდა და -14 000 მიაღწია, რაც მთელი პერიოდის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია და პანდემიურ პერიოდს უკავშირდება. 2022 წელს კლების მასშტაბი შემცირდა, თუმცა უარყოფითი მაჩვენებელი შემდეგ წლებშიც შენარჩუნდა.
ჯამურად, 2020-2024 წლებში საქართველოში ბუნებრივი კლება 31 800 იყო. 2015-2019 წლების დადებითი ბალანსი ამ კლებას ვერ ფარავს, შედეგად 2015-2024 წლების განმავლობაში გარდაცვლილთა რაოდენობა დაბადებულთა რაოდენობას დაახლოებით 4 200 აღემატება.
გრაფიკი1: სხვაობა გარდაცვლილთა და დაბადებულთა რიცხოვნობას შორის
წყარო: საქსსტატი
საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2015-2025 წლების დემოგრაფიული მონაცემების გადაანგარიშებისას დაბადებისა და გარდაცვალების მაჩვენებლები არ შეცვლილა. აღწერებს შორის პერიოდში გამოვლენილი დემოგრაფიული ბალანსის კორექტირება მიგრაციული კომპონენტის გადასინჯვით განხორციელდა. ეს ნიშნავს, რომ ბუნებრივი მატების დინამიკა გადაანგარიშებამდეც და მის შემდეგაც იგივეა, ხოლო მოსახლეობის საერთო ცვლილების სურათი სწორედ მიგრაციის მონაცემების ცვლილების ხარჯზე შეიცვალა.
მიგრაციული კომპონენტის გადასინჯვის შესახებ დეტალურად იხილეთ ჩვენი სტატია.
BM.GE
წყარო: bm.ge