
ევროკომისია ისრაელთან ასოცირების შეთანხმების გადახედვას გეგმავს
1.1 მილიონზე მეტი მოქალაქის მიერ ხელმოწერილი პეტიციის საფუძველზე, ევროკომისია ისრაელთან ასოცირების შეთანხმებას გადახედავს.
ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს განცხადებით, უახლოეს კვირებში კომისია ინიციატივის ორგანიზატორებს შეხვდება და საკითხს დეტალურად განიხილავს. ამ პროცესის შემდეგ ევროპარლამენტში საჯარო მოსმენა გაიმართება, ევროკომისია კი საპასუხო ნაბიჯების გადადგმის თაობაზე გადაწყვეტილებას 2027 წლის მაისამდე მიიღებს.
როგორც ირკვევა, პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება „ევროპის მემარცხენე ალიანსმა“ თითქმის ორი წლის წინ დაიწყო. 11 მემარცხენე პოლიტიკური პარტიის გამაერთიანებელმა ორგანიზაციამ ევროკავშირისგან ისრაელთან სავაჭრო და პოლიტიკური დიალოგის შეჩერება მოითხოვა.
ალიანსის შეფასებით, ეს ზომა აუცილებელია, რადგან ისრაელი ღაზაში გენოციდის პრევენციას ვერ უზრუნველყოფს. არსებული ინფორმაციით, ინიციატივას ყველაზე მეტი მხარდამჭერი საფრანგეთში გამოუჩნდა, სადაც პეტიციას ხელი 339,479-მა მოქალაქემ მოაწერა. მეორე ადგილზე 283,863 ხელმოწერით იტალია გავიდა, მესამე პოზიცია კი 151,821 ხმით ესპანეთმა დაიკავა.
ცნობისთვის, 1995 წელს გაფორმებული და 2000 წელს ამოქმედებული ასოცირების შეთანხმება ევროკავშირსა და ისრაელს შორის პოლიტიკურ დიალოგსა და სავაჭრო ურთიერთობებს არეგულირებს.
ევროკავშირის მონაცემებით, 2025 წელს ბლოკი ისრაელის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო, რადგან ქვეყნის გლობალური სასაქონლო ვაჭრობის დაახლოებით მესამედი სწორედ ევროკავშირზე მოდიოდა.
BM.GE
წყარო: bm.ge