
2023 წელს დადებული ₾20.7-მილიონიანი კონტრაქტებით კომპანია "ჯავას" 10 ბაღი უნდა აეშენებინა - არცერთი არ აშენებულა
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ სამშენებლო კომპანია შპს „ჯავა“ შავ სიაში შეიყვანა. გადაწყვეტილებები 2026 წლის მაისში იქნა მიღებული და უკავშირდება ხუთ სახელმწიფო კონტრაქტს, რომლებიც კომპანიას საერთო ჯამში 10 საბავშვო ბაღის მშენებლობა/რეაბილიტაციას ავალდებულებდა. აღნიშნული კონტრაქტები სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს“ ჰქონდა გაფორმებული.
კონტრაქტები საბავშვო ბაღების მშენებლობასა და რეაბილიტაციას ეხებოდა კახეთში, იმერეთსა და გურიაში. ხელშეკრულებების საერთო ღირებულება დაახლოებით 20.7 მილიონ ლარს შეადგენდა, თუმცა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანიამ ჯამურად მხოლოდ 3.38 მილიონი ლარის სამუშაოები შეასრულა, რაც პროექტების ღირებულების დაახლოებით 16%-ია.
ნაფარეულის საბავშვო ბაღი - ₾3.4 მილიონიანი პროექტიდან ათვისება 3%-ია
კონტრაქტი შპს „ჯავასა“ და მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის 2023 წლის 24 მაისს გაფორმდა. ტენდერი ითვალისწინებდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის პროექტირებასა და მშენებლობას.
ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას თავდაპირველად განსაზღვრულ ვადებში უნდა მოემზადებინა საპროექტო დოკუმენტაცია და აეშენებინა ახალი საბავშვო ბაღი. მოგვიანებით სამუშაოების დასრულების ვადა 2025 წლის 30 სექტემბრამდე გაგრძელდა.
3.47 მილიონი ლარის ღირებულების პროექტზე კომპანიამ მხოლოდ 102 357 ლარის სამუშაოები შეასრულა, რაც ხელშეკრულების ღირებულების 3%-ს შეადგენს. ვადაგადაცილებამ 142 დღე შეადგინა და მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონტრაქტი 2026 წლის 23 მარტს ცალმხრივად შეწყვიტა.
ქუთაისის ორი საბავშვო ბაღი - ათვისება 13%-ია
კონტრაქტი 2023 წლის 19 ოქტომბერს გაფორმდა. პროექტი ითვალისწინებდა ქუთაისის №26 და №29 საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას. ხელშეკრულების პირობებით, კომპანიას 3 თვეში უნდა მოემზადებინა დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, ხოლო შემდეგ 12 კალენდარული თვის განმავლობაში შეესრულებინა სამშენებლო სამუშაოები. ანუ პროექტის დასრულებისთვის თავდაპირველად ჯამში დაახლოებით 15 თვე იყო განსაზღვრული.
ხელშეკრულების ღირებულება საბოლოოდ 2.43 მილიონ ლარს შეადგენდა. შესრულებული სამუშაოების მოცულობამ კი მხოლოდ 327 446 ლარი შეადგინა, ანუ 13%. კონტრაქტი 2026 წლის 17 მარტს შეწყდა.
ენისელის საბავშვო ბაღი - 15%-იანი ათვისება
ხელშეკრულება მუნიციპალური განვითარების ფონდმა შპს „ჯავასთან“ 2023 წლის 5 სექტემბერს გააფორმა. ტენდერი შეეხებოდა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას.
კომპანიას ხელშეკრულების თანახმად, 3 თვეში უნდა მოემზადებინა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, ხოლო შემდეგ 10 კალენდარული თვის განმავლობაში უნდა დაესრულებინა სამშენებლო სამუშაოები. შესაბამისად, პროექტის განხორციელებისთვის თავდაპირველად 13-თვიანი ვადა იყო განსაზღვრული.
3.48 მილიონი ლარის ღირებულების პროექტზე კომპანიამ მხოლოდ 533 978 ლარის სამუშაოები შეასრულა, რაც ხელშეკრულების ღირებულების 15%-ს შეადგენს. ხელშეკრულება 2026 წლის 20 მარტს შეწყდა.
ოზურგეთისა და ქვემო ნატანების ბაღები - პროექტის ათვისება 12%-ია
კონტრაქტი ასევე 2023 წლის 5 სექტემბერს გაფორმდა. ტენდერი ითვალისწინებდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ოზურგეთის №3 საბავშვო ბაღისა და სოფელ ქვემო ნატანების საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას.
ხელშეკრულების პირობებით, კომპანიას 3 თვეში უნდა მოემზადებინა პროექტი და შემდგომ 10 თვეში დაესრულებინა სამშენებლო სამუშაოები. მთლიანობაში სამუშაოების განხორციელებისთვის 13 თვე იყო განსაზღვრული.
ხელშეკრულების საბოლოო ღირებულება 3.69 მილიონ ლარს შეადგენდა. შესრულებულმა სამუშაოებმა კი მხოლოდ 450 701 ლარი, ანუ პროექტის 12% შეადგინა. ხელშეკრულება 2026 წლის 3 აპრილს შეწყდა.
ოთხი საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტი გურიის რეგიონში - ათვისება 35%
ყველაზე დიდი კონტრაქტი 5.63 მილიონი ლარის ოდენობით მუნიციპალური განვითარების ფონდმა შპს „ჯავასთან“ 2023 წლის 12 ოქტომბერს გააფორმა.
ტენდერი ეხებოდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის, ეწერის, ჯურუყვეთისა და შრომისუბანის საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას.
ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას 5 თვეში უნდა მოემზადებინა დეტალური საპროექტო დოკუმენტაცია, ხოლო შემდეგ 18 თვის განმავლობაში შეესრულებინა სამშენებლო სამუშაოები. შესაბამისად, პროექტის დასრულებისთვის თავდაპირველად 23-თვიანი ვადა იყო განსაზღვრული.
5.63 მილიონი ლარის ღირებულების პროექტზე კომპანიამ 1.96 მილიონი ლარის სამუშაოები შეასრულა, რაც ხელშეკრულების ღირებულების 35%-ს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ეს „ჯავას“ ყველაზე მაღალი შესრულების მაჩვენებელი იყო, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხელშეკრულება 2026 წლის 3 აპრილს მაინც შეწყვიტა.
კომპანიის განმარტება პროექტების ვადაგადაცილებება-შეუსრულებლობაზე
შპს „ჯავა“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის წარდგენილ განმარტებებში პროექტების შეფერხების მიზეზად რამდენიმე გარემოებას ასახელებდა. კომპანიის განცხადებით, სამუშაოების მიმდინარეობას აფერხებდა საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის გაგრძელება და ობიექტების დაგვიანებით გათავისუფლება, რის გამოც მშენებლობის სრულფასოვნად დაწყება ვერ ხერხდებოდა. ასევე, „ჯავა“ მიუთითებდა არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებზე, ტერიტორიებზე გამოვლენილ საინჟინრო და გეოლოგიურ პრობლემებზე, საპროექტო დოკუმენტაციასა და ადგილზე არსებულ მდგომარეობას შორის შეუსაბამობებზე, აგრეთვე პროექტებში დამატებითი ცვლილებებისა და კორექტირებების აუცილებლობაზე. კომპანიის პოზიციით, სწორედ ეს ფაქტორები გახდა სამუშაოების გაჭიანურებისა და ვადების გადაცილების მიზეზი. თუმცა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ აღნიშნა, რომ მიუხედავად აღნიშნული გარემოებებისა და შემსყიდველის მიერ ვადების არაერთგზის გახანგრძლივებისა, სამუშაოების ტემპი კრიტიკულად დაბალი რჩებოდა, რიგ შემთხვევებში კი საერთოდ შეჩერებული იყო, რის გამოც კომპანიამ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები სათანადოდ ვერ შეასრულა.
ბიზნეს რეესტრის თანახმად, კომპანია "ჯავა" 2006 წელს არის რეგისტრირებული, მისი 50-50%-ის წილებს ფლობენ გიორგი და ვახტანგ ჯავახაძე. ამონაწერის თანახმად, კომპანია აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ არის დაყადაღებული.
BM.GE
წყარო: bm.ge