
ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა ნავთობპროდუქტების წარმოების გაფართოებამ მოახდინა - გოგიტა თოდრაძე
საქართველოს ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ივნისში დამმუშავებელი მრეწველობის სექტორი იყო, სადაც ზრდა ძირითადად ნავთობპროდუქტების წარმოების გაფართოებას უკავშირდებოდა, - ამის შესახებ საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.6% შეადგინა, ხოლო წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.9%-ით განისაზღვრა.
ეკონომიკური ზრდის მიზეზებზე საუბრისას თოდრაძემ აღნიშნა, რომ ივნისში საქართველოს კერძო სექტორის ბრუნვამ 16.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 14%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
„კონკრეტული სექტორების მიხედვით, ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა დამმუშავებელმა მრეწველობამ, რაც ძირითადად, ნავთობპროდუქტების წარმოების მოცულობის გაფართოებასთან იყო დაკავშირებული, როგორიცაა ნაფთა, გაზოილი და მაზუთი. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კატეგორიის ნავთობპროდუქტების ექსპორტი დაახლოებით 12-ჯერ არის გაზრდილი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ჩინეთის და აფრიკის ქვეყნების, ასევე თურქეთის მიმართულებით“, - აღნიშნა მან.
საქსტატის ხელმძღვანელის განმარტებით, ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ასევე ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორის გააქტიურებამ. მისივე თქმით, ზრდა დაფიქსირდა მშენებლობის სექტორშიც, რაც როგორც საცხოვრებელი, ისე არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობას უკავშირდებოდა.
„ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო საჰაერო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან, როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით, და ასევე საგარეო ვაჭრობაში შექმნილი პოზიტიური ტენდენციების შესაბამისად გაიზარდა ტვირთის სატრანსპორტო დამუშავების და დასაწყობების მაჩვენებელი.
„მშენებლობის სექტორში კი ზრდა დაკავშირებული იყო როგორც საცხოვრებელი, ისე არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობასთან და, სხვათა შორის, გაზრდილია საპროექტო სამუშაოების მოცულობაც“, - განაცხადა თოდრაძემ.
თოდრაძემ ასევე ისაუბრა ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორზე, სადაც ზრდის მთავარ ფაქტორებად ტელეკომუნიკაციების მომსახურების გაფართოება და IT მიმართულება დაასახელა.
„რაც შეეხება ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორს, ზრდა ძირითადად ტელესაკომუნიკაციო საქმიანობის მომსახურების მოცულობის გაფართოებასთან არის დაკავშირებული, თუმცა, როგორც წინა თვეებში, აღნიშნულ სექტორში ზრდას ასევე განაპირობებს კომპიუტერული პროგრამების შემუშავება, IT სფეროში მომსახურების გაწევა და მასთან დაკავშირებული მომსახურების მოცულობის გაფართოება ზოგადად“, - აღნიშნა საქსტატის ხელმძღვანელმა.
მისივე ინფორმაციით, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორში ზრდა ძირითადად კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების მატებამ განაპირობა.
რაც შეეხება სექტორებს, სადაც კლება დაფიქსირდა, თოდრაძის განცხადებით, შემცირება ენერგეტიკისა და სამთო-მოპოვებით მრეწველობის მიმართულებებით იყო.
„რაც შეეხება სამთო-მოპოვებით მრეწველობას, აქ შემცირება ძირითადად ლითონის მადნების მოპოვებასთან იყო დაკავშირებული, ხოლო ენერგეტიკის სექტორში კლების ტენდენცია გამოვლინდა ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავებაში - დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით“, - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.
BM.GE
წყარო: bm.ge