
2025 წელს, აგროსასურსათო ექსპორტმა $1.8 მილიარდს გადააჭარბა, წელს - $1.3 მილიარდს|რას ვაწარმოებთ და სად ვყიდით?
2025 წელს საქართველოს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 1.845 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის 1.68 მლრდ დოლართან შედარებით 9.9%-ით მეტია. ზრდის ტენდენცია მიმდინარე წელსაც გრძელდება - 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ექსპორტირებული აგროსასურსათო პროდუქციის ღირებულებამ 1.3 მლრდ დოლარს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მონაცემს 13%-ით აღემატება.
აგროსასურსათო ექსპორტის რეკორდულ მაჩვენებელზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც გაამახვილა ყურადღება „ფერმერთა დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე. პრემიერის განცხადება BM.GE-სთვის თემის უფრო ფართოდ განხილვის საფუძველი გახდა - რა პროდუქტებმა განაპირობა 2025 წლის რეკორდული მაჩვენებელი, გაიზარდა, თუ - არა ექსპორტირებული პროდუქციის ფიზიკური მოცულობა, რამდენად დივერსიფიცირებულია საექსპორტო ბაზრები და როგორია ექსპორტის ზრდის პარალელურად აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტის დინამიკა.
ბოლო წლებში აგროსასურსათო ექსპორტი მზარდი ტენდენციით ხასიათდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 2012 წელს მისი ღირებულება 511 მლნ დოლარი იყო, 2020 წელს - 942 მლნ დოლარი, 2021 წელს პირველად გადააჭარბა 1 მლრდ დოლარს და 1.142 მლრდ დოლარი შეადგინა, 2023 წელს - 1.437 მლრდ დოლარი, ხოლო 2024 წელს - 1.680 მლრდ დოლარი. შესაბამისად, 2012 წელთან შედარებით, 2025 წლისთვის აგროსასურსათო ექსპორტის ღირებულება დაახლოებით 3.6-ჯერ, ანუ 261%-ით გაიზარდა.
თუმცა ექსპორტის ღირებულების ზრდა თავისთავად არ ნიშნავს, რომ საქართველოდან გატანილი პროდუქციის ფიზიკური მოცულობაც იმავე მასშტაბით გაიზარდა. საექსპორტო შემოსავალზე გავლენას როგორც პროდუქციის რაოდენობა, ისე მისი საშუალო საექსპორტო ფასი ახდენს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რა პროდუქტებმა შექმნა 2025 წლის ზრდა და როგორ შეიცვალა მათი ექსპორტის რაოდენობა.
რამ განაპირობა ექსპორტის ზრდა?
2025 წელს ძირითად საექსპორტო პროდუქტებს შორის კვლავ სპირტიანი სასმელები და ღვინო იყო.
სპირტიანი სასმელების ექსპორტმა 282.7 მლნ დოლარი, ღვინის - 267.9 მლნ, მინერალური და მტკნარი წყლების - 173.1 მლნ, კაკლოვანი ხილის, ძირითადად თხილის - 171.7 მლნ, ხოლო უალკოჰოლო გაზიანი სასმელების ექსპორტმა 166.5 მლნ დოლარი შეადგინა.
თუმცა 2024 წელთან შედარება აჩვენებს, რომ მთლიანი ექსპორტის ზრდა ორი უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტის, ღვინისა და სპირტიანი სასმელების, მატებას არ გამოუწვევია.
2024 წელს სპირტიანი სასმელების ექსპორტი 288.6 მლნ დოლარს, ღვინის კი 276 მლნ დოლარს შეადგენდა. შესაბამისად, 2025 წელს ორივე კატეგორიის საექსპორტო ღირებულება შემცირდა. მათი ჯამური ექსპორტი 564.6 მლნ დოლარიდან 550.6 მლნ დოლარამდე, დაახლოებით 14 მლნ დოლარით შემცირდა.
შემცირდა მათი წილიც მთლიან აგროსასურსათო ექსპორტში - 2024 წელს ღვინოსა და სპირტიან სასმელებზე ექსპორტის დაახლოებით 33.6% მოდიოდა, 2025 წელს კი - 29.8%.
ზრდის მთავარი წყარო სხვა პროდუქტები იყო.
ცხრილი 1: პროდუქტები, რომელთაც 2025 წლის ექსპორტის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს
წყარო: საქსტატი
ამრიგად, აგროსასურსათო ექსპორტის დაახლოებით 165 მლნ დოლარიანი წლიური ზრდის 85% ამ ხუთ პროდუქტზე მოდიოდა. განსაკუთრებით დიდი იყო კაკლოვანი ხილის წვლილი - მისი ექსპორტის ღირებულება დაახლოებით 66 მლნ დოლარით გაიზარდა და მთლიანი ზრდის თითქმის 40% შექმნა.
მნიშვნელოვნად გაიზარდა კარტოფილის ექსპორტიც - 2024 წლის დაახლოებით 7.5 მლნ დოლარიდან 2025 წელს 27.3 მლნ დოლარამდე, ანუ დაახლოებით 3.6-ჯერ. მოცვის ექსპორტი კი 28.2 მლნ დოლარიდან 46.4 მლნ დოლარამდე გაიზარდა.
მეტი პროდუქტი გავიდა?
ექსპორტის ღირებულების ზრდა ყველა შემთხვევაში ფიზიკური მოცულობის იმავე ტემპით მატებას არ ნიშნავდა.
მაგალითად, 2025 წელს ღვინის ექსპორტის რაოდენობა დაახლოებით 5%-ით შემცირდა და 89.7 მლნ ლიტრი შეადგინა, ხოლო ექსპორტის ღირებულება დაახლოებით - 3%-ით. ამასთან, ერთი ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 2024 წლის 2.91 დოლარიდან 2025 წელს 2.98 დოლარამდე გაიზარდა.
განსხვავებული სურათი იყო კარტოფილის შემთხვევაში: ექსპორტირებული რაოდენობა 35 ათასი ტონიდან 82.5 ათას ტონამდე, ანუ დაახლოებით 2.4-ჯერ გაიზარდა, ხოლო ექსპორტის ღირებულება 7.5 მლნ დოლარიდან 27.3 მლნ დოლარამდე - დაახლოებით 3.6-ჯერ.
შესაბამისად, 2025 წლის რეკორდული მაჩვენებელი მხოლოდ ექსპორტირებული პროდუქციის ფიზიკური მოცულობის ცვლილებას არ ასახავს - ცალკეული პროდუქტების შემთხვევაში მასზე საექსპორტო ფასების ცვლილებაც მოქმედებდა.
იმპორტის მაჩვენებელი კვლავ მაღალია
აგროსასურსათო სექტორის საგარეო ვაჭრობის სრული სურათისთვის ექსპორტთან ერთად იმპორტის დინამიკაც მნიშვნელოვანია.
2024 წელს საქართველოში 2.196 მლრდ დოლარის აგროსასურსათო პროდუქცია შემოვიდა, მაშინ როდესაც ექსპორტმა 1.680 მლრდ დოლარი შეადგინა. შესაბამისად, აგროსასურსათო პროდუქციით საგარეო ვაჭრობის უარყოფითი სალდო დაახლოებით 516 მლნ დოლარი იყო.
2025 წლის მონაცემებიც იმპორტის მნიშვნელოვან მასშტაბზე მიუთითებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მხოლოდ აზერბაიჯანიდან საქართველოში 98.9 მლნ დოლარის აგროსასურსათო პროდუქცია შემოვიდა, რაც მთლიანი აგროსასურსათო იმპორტის დაახლოებით 4%-ს შეადგენდა.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ აგროსასურსათო პროდუქციის სავაჭრო ბალანსი მუდმივად უარყოფითია, რაც იმას ნიშნავს, რომ იმპორტი აღემატება ექსპორტს.
გრაფიკი1: აგროსასურსათო პროდუქციის სავაჭრო ბალანსი (მლნ აშშ დოლარი)
წყარო: საქსტატი
იმპორტზე დამოკიდებულება განსაკუთრებით მაღალია რამდენიმე საბაზისო სასურსათო პროდუქტში. საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს ხორბლის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი მხოლოდ 19% იყო. ქვეყანაში ხორბლის მოსავალი 145 ათასი ტონა იყო, მაშინ როდესაც იმპორტმა 648 ათასი ტონა შეადგინა.
დაბალია თვითუზრუნველყოფა ხორცის შემთხვევაშიც - 47%, მათ შორის ფრინველის ხორცში მხოლოდ 30%. ბოსტნეულის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 48%, ხოლო რძისა და რძის პროდუქტების - 68% იყო. შესაბამისად, ამ პროდუქტებზე შიდა მოთხოვნის მნიშვნელოვანი ნაწილი იმპორტით ივსება.
საექსპორტო ბაზრები - რუსეთი კვლავ პირველ ადგილზეა
აგროსასურსათო ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი რამდენიმე ძირითად ბაზარზეა კონცენტრირებული.
2024 წელს რუსეთში 624.3 მლნ დოლარის აგროსასურსათო პროდუქცია გავიდა, რაც საქართველოს მთლიანი აგროსასურსათო ექსპორტის 37.2%-ს შეადგენდა. შედარებისთვის, ევროკავშირის 27 ქვეყანაზე ერთად ექსპორტის 10.7%, აზერბაიჯანზე - 10.4%, ხოლო სომხეთზე - 9.5% მოდიოდა.
რუსეთის ბაზარზე კონცენტრაცია განსაკუთრებით თვალსაჩინოა ცალკეული პროდუქტების შემთხვევაში. ღვინის ექსპორტის ნახევარზე მეტი რუსეთის ბაზარზე მოდის. 2024 წელს მოცვის 28.2 მლნ დოლარის ექსპორტიდან 24.3 მლნ დოლარი, ანუ დაახლოებით 86%, სწორედ რუსეთში გავიდა.
ამასთან, 2025 წელს მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ევროკავშირის მიმართულებით. ევროკავშირის ქვეყნებში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა 244.6 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის დაახლოებით 180 მლნ დოლართან შედარებით 64.2 მლნ დოლარით, ანუ 36%-ით მეტია.
ზრდა ძირითადად თხილის ექსპორტმა განაპირობა - ევროკავშირის ქვეყნებში მისი ექსპორტის ღირებულებამ 137.5 მლნ დოლარი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 55.4 მლნ დოლარით გაიზარდა. შედეგად, ევროკავშირის წილი მთლიან აგროსასურსათო ექსპორტში 2024 წლის დაახლოებით 10.7%-დან 2025 წელს 13.3%-მდე გაიზარდა.
გაიზარდა ექსპორტი აზერბაიჯანშიც - 2025 წელს ამ ბაზარზე 207.6 მლნ დოლარის აგროსასურსათო პროდუქცია გავიდა, რაც წინა წელთან შედარებით 19%-ით მეტია და მთლიანი აგროსასურსათო ექსპორტის დაახლოებით 11%-ს შეადგენს.
ამრიგად, ევროკავშირის მიმართულებით ექსპორტის ზრდის მიუხედავად, ქართული აგროსასურსათო ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი რამდენიმე ძირითად ბაზარზეა კონცენტრირებული და რუსეთი კვლავ ძირითად საექსპორტო მიმართულებად რჩება.
ზრდა 2026 წელსაც გრძელდება
2025 წლის რეკორდული მაჩვენებლის შემდეგ აგროსასურსათო ექსპორტის ზრდა მიმდინარე წელსაც გაგრძელდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან 1.3 მლრდ დოლარის აგროსასურსათო პროდუქცია გავიდა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13%-ით მეტია. 2025 წლის იანვარ-აგვისტოში აგროსასურსათო ექსპორტი 1.118 მლრდ დოლარს შეადგენდა.
2026 წლის ძირითად საექსპორტო პროდუქტებს შორის კვლავ სპირტიანი სასმელები, ღვინო და უალკოჰოლო სასმელებია, ასევე თხილი, მოცვი, კურკოვანი ხილი და დაფნის ფოთოლი.
რომ შევაჯამოთ: 2025 წელს საქართველოს აგროსასურსათო ექსპორტმა ისტორიულ მაქსიმუმს - 1.845 მლრდ დოლარს მიაღწია. ზრდის სტრუქტურა აჩვენებს, რომ რეკორდი ღვინისა და სპირტიანი სასმელების მატებას არ გამოუწვევია - ორივე კატეგორიის ექსპორტის ღირებულება შემცირდა, ხოლო წლიური ზრდის მნიშვნელოვანი ნაწილი კაკლოვანი ხილის, უალკოჰოლო სასმელების, კარტოფილის, მოცვისა და მინერალური წყლების ექსპორტის მატებამ შექმნა.
ამასთან, ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი აგროსასურსათო სექტორის საგარეო ვაჭრობის მხოლოდ ერთი მხარეა. საქართველო რიგი საბაზისო სასურსათო პროდუქტების შემთხვევაში კვლავ მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმპორტზე, რასაც თვითუზრუნველყოფის დაბალი მაჩვენებლებიც აჩვენებს.
საექსპორტო ბაზრების მიმართულებით გარკვეული დივერსიფიკაცია შეინიშნება - განსაკუთრებით გაიზარდა ევროკავშირში ექსპორტი, თუმცა ქართული აგროსასურსათო პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ რამდენიმე ძირითად ბაზარზეა კონცენტრირებული და რუსეთი კვლავ ძირითად საექსპორტო მიმართულებად რჩება.
BM.GE
წყარო: bm.ge