
2025 წელს “ორი ნაბიჯის” გაყიდვები 1.63 მილიარდ ლარამდე გაიზარდა - კომპანიის შედეგები გასაჯაროვდა
საქართველოს საცალო ვაჭრობის ერთ-ერთი წამყვანი ქსელის, „ორი ნაბიჯის“ შემოსავალი 2025 წელს 293.1 მილიონი ლარით, ანუ 22%-ით გაიზარდა და 1.63 მილიარდ ლარს მიაღწია. ამავე პერიოდში კომპანიის კონსოლიდირებული წმინდა მოგება 28%-ით გაიზარდა და 66 მილიონ ლარი შეადგინა, მაღაზიების რაოდენობა კი 529-დან 635-მდე გაიზარდა. ამასთან, წლის განმავლობაში კომპანიამ 68.4 მილიონი ლარის დივიდენდები გამოაცხადა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 12.6 მილიონი ლარით აღემატება. ამის შესახებ კომპანიის ფინანსურ ანგარიშში არის აღნიშნული.
დოკუმენტის თანახმად, 2025 წელს კომპანიის მთავარ ხარჯს მარაგების შესყიდვა, ანუ საქონლის თვითღირებულება წარმოადგენდა, რაზეც 1.33 მილიარდი ლარი დაიხარჯა. ამასთან, ფინანსურ ანგარიშში მითითებულია რომ კომპანიამ მარაგები მომწოდებლებისგან ფასდაკლებებითა და ფასდათმობებით შეიძინა, რომელთა ჯამური ღირებულება 339.1 მილიონი ლარი იყო. შესაბამისად, რომ არა აღნიშნული ფასდათმობები კომპანიას მხოლოდ მარაგების შესყიდვა 1.76 მილიარდი ლარი დაუჯდებოდა, რაც მთლიანად მიღებულ შემოსავლებზე მეტი იქნებოდა, ეს კი ნიშნავს რომ "ორი ნაბიჯის" ქსელის საქმიანობა მნიშვნელოვლად არის დამოკიდებული მომწოდებლების მიერ მისთვის გაწეულ ფასდათმობებზე.
შესაბამისად, 2025 წელს ქსელის მიერ რეალიზებული საქონლის მარჟა, ანუ სხვაობა შესყიდვაში გადახდილ თანხასა და მომხმარებლებისგან მიღებულ თანხას შორის 293.7 მილიონ ლარს შეადგენდა, ეს კი 18.05%-ის მარჟას შეადგენდა. ყველაზე მაღალი - 20.76%-ის მარჟა დაფიქსირდა საკვები პროდუქტების კატეგორიაში, არასაკვებ პროდუქტებზე მარჟა 14.12% იყო, სასმელებზე კი 7.65%.
პროდუქციის კატეგორიების მიხედვით, ყველაზე მაღალი მთლიანი მოგების მარჟა საკვებ პროდუქტებზე დაფიქსირდა.
პროდუქტის კატეგორია ამონაგები თვითღირებულება მთლიანი მოგება მარჟა საკვები პროდუქტები ₾1,172.8 მლნ ₾929.3 მლნ ₾243.5 მლნ 20.76% სასმელები ₾217.1 მლნ ₾200.5 მლნ ₾16.6 მლნ 7.65% არასაკვები პროდუქტები ₾237.6 მლნ ₾204.1 მლნ ₾33.6 მლნ 14.12% სულ ₾1,627.6 მლნ ₾1,333.9 მლნ ₾293.7 მლნ 18.05%
2025 წელს გაყიდვებისა და კომერციული ხარჯები 185.5 მილიონი ლარი იყო, 2024 წლის 148.3 მილიონ ლართან შედარებით ზრდა 37.2 მილიონი ლარი, ანუ 25.1% იყო.
„ორი ნაბიჯის“ მმართველობით ანგარიშგებაში აღნიშნულია, რომ 2025 წლის ბოლოს ჯგუფში დაახლოებით 5,300 ადამიანი იყო დასაქმებული.
ანგარიშგება 2024 წლის ბოლოს დასაქმებულთა შესადარის რაოდენობას არ უთითებს, ამიტომ დასაქმებულთა რაოდენობის წლიური ცვლილების თანხობრივად ან პროცენტულად გამოხატვა შეუძლებელია. ამასთან, 5,300 თანამშრომლის მაჩვენებელი მთელ ჯგუფს ეხება და არა მხოლოდ უშუალოდ მაღაზიების ოპერირების კომპანიას.
დასაქმებულთა ანაზღაურებასთან დაკავშირებული ხარჯები კი ანგარიშგებაში დეტალურად არის მოცემული. კონსოლიდირებული მონაცემებით, გაყიდვებისა და კომერციული საქმიანობის პერსონალის ანაზღაურებაზე 83.8 მილიონი ლარი დაიხარჯა, ადმინისტრაციული პერსონალის ანაზღაურებაზე კი 21 მილიონი ლარი.
ამ ორი კატეგორიის ჯამური ხარჯი 104.9 მილიონი ლარი იყო, 2024 წლის 82.6 მილიონ ლართან შედარებით. ზრდა 22.2 მილიონი ლარი, ანუ დაახლოებით 26.9% იყო.
2025 წლის ბოლოს მაღაზიების ყველაზე დიდი ნაწილი თბილისში იყო განთავსებული. კომპანიის მონაცემებით, რეგიონული განაწილება შემდეგი იყო:
• თბილისი - 326 მაღაზია; • იმერეთი - 61; • კახეთი - 53; • ქვემო ქართლი - 49; • სამეგრელო - 44; • შიდა ქართლი - 32; • აჭარა - 31; • მცხეთა-მთიანეთი - 16; • საქართველოს სხვა რეგიონები - 23.
კომპანიის მაღაზიების რაოდენობის ზრდა უფრო სწრაფი იყო, ვიდრე ერთ მაღაზიაზე გაანგარიშებული წლიური ამონაგების ზრდა.
2025 წლის ამონაგების 1.628 მილიარდი ლარის გაყოფით წლის ბოლოს არსებული 635 მაღაზიაზე, ერთ მაღაზიაზე წლიური ამონაგების პირობითი მაჩვენებელი დაახლოებით 2.56 მილიონი ლარი გამოდის. 2024 წელს ანალოგიური გაანგარიშებით, 1.334 მილიარდი ლარისა და 529 მაღაზიის გათვალისწინებით, მაჩვენებელი დაახლოებით 2.52 მილიონი ლარი იყო.
ეს ნიშნავს, რომ წლის ბოლოს არსებული მაღაზიების რაოდენობის გამოყენებით გაანგარიშებული საშუალო წლიური ამონაგები ერთ ობიექტზე დაახლოებით 40.3 ათასი ლარით, ანუ 1.6%-ით გაიზარდა.
2025 წელს „ორმა ნაბიჯმა“ მფლობელებისთვის 68.4 მილიონი ლარის დივიდენდები გამოაცხადა. 2024 წელს გამოცხადებული დივიდენდების მოცულობა 55.8 მილიონ ლარს შეადგენდა.
ეს ნიშნავს, რომ გამოცხადებული დივიდენდები 12.6 მილიონი ლარით, ანუ 22.6%-ით გაიზარდა.
BM.GE
წყარო: bm.ge