
2025 წელს ქვეყანაში უმუშევრად 224 ათასი ადამიანი ითვლებოდა
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოში დასაქმებული იყო დაახლოებით 1.4 მლნ ადამიანი, აქედან დაქირავებით დასაქმებული 961 ათასი, თვითდასაქმებული 426 ათასი, ხოლო უმუშევრად ითვლებოდა 224 ათასი პირი. სამუშაო ძალის მაჩვენებელი 2025 წელს დაახლოებით 1.6 მლნ ადამიანი იყო.
საქსტატის ცნობითვე, 2025 წელს უმუშევრობის დონე 2024 წელთან შედარებით უცვლელი დარჩა და 13.9% შეადგინა.
ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ შარშან დასაქმება კი შემცირდა, თუმცა ასევე შემცირდა სამუშაო ძალაც, ანუ ის ადამიანები, ვინც სამსახურს ეძებენ.
კერძოდ, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2025 წელს სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წინა წელთან შედარებით 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 54.5% შეადგინა, ხოლო დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 46.9% შეადგინა.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში უცვლელი დარჩა. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 1.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და შესაბამისად 47.3% და 46.3% შეადგენს.
შარშან დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 69.3% შეადგენდა, რაც 0.8 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წელთან შედარებით.
ამას გარდა, უმუშევრობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში წინა წელთან შედარებით 1.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 2.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
წინა წელთან შედარებით 2025 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად შემცირდა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ასევე ქვემო ქართლის და გურიის რეგიონებში, შესაბამისად 3.1, 2.9 და 2 პროცენტული პუნქტით. ყველაზე მაღალი უმუშევრობის დონე 17.5% თბილისშია. უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით.