
2025 წელს რკინიგზამ დასაქმებულთა რაოდენობა 9%-ით შეამცირა - გათავისუფლდა 1 029 ადამიანი
2025 წელს საქართველოს რკინიგზაში დასაქმებულთა რაოდენობა 9%-ით შემცირდა - ამის შესახებ კომპანიის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის თანახმად, 2025 წლის ბოლოს კომპანია სულ 10,719 ადამიანს ასაქმებდა, რაც 2024 წელთან შედარებით 1,029 დასაქმებულით ნაკლებია.
თუმცა, დასაქმებულთა რაოდენობის კლების მიუხედავად, 2025 წელს რკინიგზის მიერ გაცემული ხელფასები გაიზარდა, რაც ანაზღაურებების ზრდას უკავშირდება. თუკი 2024 წელს კომპანია დასაქმებულებზე საშუალოდ 1630 ლარის ხელფასს გასცემდა, 2025 წელს ეს რიცხვი 1,829 ლარამდე გაიზარდა, რაც 12.2%-იანი მატებაა. შედეგად საქართველოს რკინიგზის ჯამური სახელფასო დანახარჯების მოცულობამ 2025 წელს 246.4 მილიონ ლარს მიაღწია, რაც წლიურ ჭრილში 5.6%-იან მატებას წარმოადგენს.
თანამშრომელთა ანაზღაურება საქართველოს რკინიგზისთვის უმსხვილეს ხარჯს წარმოადგენს, ამასთან 2025 წელს შემოსავლებთან მიმართებით სახელფასო დანახარჯების წილი გაიზარდა. 2025 წელს კომპანიას ჯამურად 612 მილიონი ლარის შემოსავალი ჰქონდა, რასთან მიმართებითაც სახელფასო ხარჯებს 40%-ის წილი ჰქონდა, ხოლო 2024-ში გაცემული 233 მილიონი ლარის ხელფასები, კომპანიის შემოსავლებთან მიმართებით 36%-ზე იყო.
ამასთან, საქართველოს რკინიგზის მმართველობით ანგარიშში აღნიშნულია, რომ კომპანიას აქვს პროცესების გაციფრულების სტრატეგია, რაც დამატებით იძლევა შესაძლებლობას, რომ გარკვეული ფუნქციები, რომლებიც თანამშრომელთა მიერ სრულდება, ტექნოლოგიური გადაწყვეტის მეშვეობით შესრულდეს.