
2025 წელს სოფლის მეურნეობის წილი ეკონომიკაში 5.9% იყო - საქსტატი
საქართველოს ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და თევზჭერის სექტორის წილი 2025 წელს 5.9%-მდე შემცირდა. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული.
სტატისტიკის მიხედვით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სექტორის წილი ეკონომიკაში კლებადი ტენდენციით ხასიათდება. თუ 2022 წელს სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და თევზჭერის წილი მთლიანი შიდა პროდუქტის 7.6%-ს შეადგენდა, 2023 წელს ეს მაჩვენებელი 6.9%-მდე, 2024 წელს კი 6.3%-მდე შემცირდა. 2025 წლის წინასწარი მონაცემებით, სექტორის წილი უკვე 5.9%-ია.
თუმცა, ეკონომიკაში წილის შემცირება არ ნიშნავს, რომ დარგი მოცულობაში შემცირდა. პირიქით, საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და თევზჭერის სექტორის გამოშვებამ 8.6 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 6.4%-ით მეტია. ამავე პერიოდში დარგში შექმნილი დამატებული ღირებულება 5.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, ხოლო შუალედურმა მოხმარებამ 3.2 მილიარდი ლარი შეადგინა.
უშუალოდ სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვებამ 2025 წელს 8.38 მილიარდი ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2024 წელს ეს მაჩვენებელი 7.84 მილიარდი ლარი იყო. შესაბამისად, ერთ წელიწადში დარგის გამოშვება დაახლოებით 550 მილიონი ლარით გაიზარდა.
სექტორის სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი მემცენარეობას ეკავა. გასულ წელს მემცენარეობის პროდუქციის ღირებულებამ 4.12 მილიარდი ლარი შეადგინა და სოფლის მეურნეობის მთლიანი გამოშვების 49% შექმნა. მეცხოველეობის პროდუქციის მოცულობა 3.7 მილიარდი ლარი იყო, რაც მთლიანი გამოშვების 44%-ს შეადგენს, ხოლო სასოფლო-სამეურნეო მომსახურებების მოცულობამ 561.3 მილიონი ლარი, ანუ 7% შეადგინა.
საქსტატის პუბლიკაციიდან ირკვევა, რომ სოფლის მეურნეობა მოსახლეობის შემოსავლებში კვლავ მნიშვნელოვან როლს ასრულებს, თუმცა მისი მნიშვნელობა თანდათან მცირდება. 2025 წელს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების წილი შინამეურნეობების ფულად შემოსავლებში 4.3% იყო, მაშინ როდესაც 2022 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 6.5%-ს აღწევდა.