
2027 წლის ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სამივე კანდიდატი ცნობილია
2026 წლის 29 აპრილს FIFA-ს საბჭოს მიერ გამოცხადებული საარჩევნო პროცესის დაწყების შემდეგ, FIFA-ს გენერალურმა სამდივნომ წევრი ასოციაციების მიერ ორგანიზაციის პრეზიდენტობის კანდიდატებად წარდგენილი შემდეგი პირების განაცხადები მიიღო.
FIFA-ს საპრეზიდენტო არჩევნები 2027 წლის 18 მარტს, მაროკოს დედაქალაქ რაბათში, FIFA-ს 77-ე კონგრესის ფარგლებში გაიმართება.
კანდიდატები არიან:
• ფილიპ დიალო • ჯანი ინფანტინო • კოძო ტაშიმა
FIFA-ს მმართველობის რეგულაციების შესაბამისად, კანდიდატურები გადაეგზავნა საარჩევნო კომიტეტს განსახილველად, რომელიც შეამოწმებს მათ შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან და მიიღებს გადაწყვეტილებას კანდიდატების დაშვების შესახებ.
როგორც FIFA-ს წესდებითა და საარჩევნო კალენდრით არის განსაზღვრული, წევრ ასოციაციებს წარდგენილი და არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე კანდიდატების ვინაობა არაუგვიანეს 2027 წლის 18 თებერვლისა ეცნობებათ.
ინფანტინოს გადადგომის არაერთი მოწოდების მიუხედავად, ის ფიფას პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში კვლავ მთავარ ფავორიტად მიიჩნევა. ორგანიზაციის წევრი ასოციაციების დიდი ნაწილი, განსაკუთრებით კი ევროპის ფარგლებს გარეთ, მისი ხელმძღვანელობით კმაყოფილია. ინფანტინომ ეროვნული საფეხბურთო ფედერაციებისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები გამოყო და თითოეულ მათგანს 2030 წლამდე დამატებით 25 მილიონი დოლარის გამოყოფასაც დაჰპირდა. თუმცა, მისი მორიგი საპრეზიდენტო ვადის მოპოვების მცდელობამ შესაძლოა ფიფას პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადების შეზღუდვის საკითხზე კითხვები გააჩინოს.
ორგანიზაციის წესდების თანახმად, პრეზიდენტს მაქსიმუმ სამი სრულფასოვანი ვადით შეუძლია თანამდებობის დაკავება. თუმცა, 2022 წელს ფიფას იურიდიულმა სამსახურმა განმარტა, რომ ინფანტინოს პირველი, 2016-2019 წლების პერიოდი, როდესაც მან ზეპ ბლატერის დაუსრულებელი საპრეზიდენტო მანდატი გადაიბარა, სრულფასოვან ვადად არ უნდა ჩაითვალოს და შესაბამისად, ვადების საერთო ლიმიტშიც არ უნდა შევიდეს.
BM.GE
წყარო: bm.ge