
24-25 ივლისს ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვისას ძაბვის რეგულატორები სათანადოდ არ რეაგირებდნენ - "ენგურჰესი"
მიმდინარე წლის ზაფხულში საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის დროს ენგურჰესის 1,3 ,4 და 5 გენერატორებისს აგზნების სისტემები და ძაბვის რეგულატორები სათანადოდ არ რეაგირებენ.
ამის შესახებ ენგურჰესის მმართველი კომპანია შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერს, სადაც 560 000 ევროს გამარტივებულ შესყიდვაზე ითხოვდა თანხმობას.
"მიმდინარე წლის 24-25 ივლისს სისტემურმა ავარიებმა, რომელიც საქართველოს ენერგოსისტემის იზოლირებულ რეჟიმში გადასვლის დროს (დაირღვა აზერბაიჯანის ენერგოსისტემასთან პარალელური მუშაობის რეჟიმი) განვითარდა, რასაც მოყვა ენერგოსისტემის მთლიანი ჩაქრობა, აჩვენა, რომ N1,3, 4 და 5 გენერატორებისს აგზნების სისტემები და ძაბვის რეგულატორები სათანადოდ არ რეაგირებენ სასიტემო ავარიების დროს განვითარებულ პროცესებზე", - აღნიშნულია დოკუმენტში.
აქედან გამომდინარე, შპს „ენგურჰესი“ ჰიდროელექტროსადგურის 260 მგვტ სიმძლავრის 4 ჰიდროგენერატორის აგზნების სისტემებისა და ძაბვის რეგულატორების განახლებას გეგმავს. სახელმწიფო კომპანიამ აღნიშნული დანადგარები ტენდერის გარეშე, Voith Hydro GmbH & Co KG-ისგან 16 ოქტომბერს შეისყიდა.
"მიმწოდებელთან თავდაპირველად შესყიდულ ობიექტს წარმოადგენს შპს ,,ენგურჰესის” 260 მვტ სიმძლავრის ხუთივე ჰიდროაგრეგატის რეაბილიტაციის პროგრამით შესრულებული სამუშაოები. რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ჰიდროგენერატორების აგზნების სისტემები და ძაბვის რეგულატორები.
ენგურის ჰიდროელექტროსადგურზე კომპანია „Voith Hydro GmbH” & Co KG-ის მიერ, დამონტაჟებული გენერატორების აგზნების სიტემა და ძაბვის რეგულატორი 2006-2012 წლებიდან იმყოფება მუშაობაში. აღნიშნულ პერიოდში ამოწურა თავისი ტექნიკური რესურსი და მათი მუშაობა რისკის შემცველია.თავდაპირველი სისტემა დაფუძნებულია პლატფორმებზე, რომელიც მწარმოებლის მიერ ეტაპობრივად ამოღებულ იქნა წარმოებიდან, მისი სათადარიგო ნაწილების, ბაზარზე მოძიება პრაქტიკულად შეუძლებელია, ამასთან, მიმდინარე წლის 24-25 ივლისს სასიტემო ავარიებმა, რომელიც განვითარდა საქართველოს ენერგოსისტემის იზოლირებულ რეჟიმში გადასვლის დროს (დაირღვა აზარბაიჯანის ენერგოსისტემასთან პარალელური მუშაობის რეჟიმი) და რასაც მოყვა ენერგოსისტემის მთლიანი ჩაქრობა, აჩვენა, რომ N1,3 ,4 და 5 გენერატორებისს აგზნების სიტემები და ძაბვის რეგულატორები სათანადოდ არ რეაგირებენ სასიტემო ავარიების დროს განვითარებულ პროცესებზე.
ამდენად, ზამთრის სეზონის დადგომის წინა აუცილებელია მათი მოდერნიზება, რაც გულისხმობს არსებული აგზნების სისტემების ძალოვანი ნაწილის შენარჩუნებას და მათი მართვის და კონტროლის სისტემები ახლი თანამედროვე ციფრული მოწყობილბებით შეცვლას.
გენერატორების აგზნების სიტემები და ძაბვის რეგულატორი წარმოადგენს გენერატორებისა და შესაბამისად ენერგოსისტემის მართვის სისტემის უსაფრთხოებისა და საიმედობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან კომპონენტს. განსაკუთრებით ელექტროსისტემაში განვითრებული ავარიული სიტუაციების დროს. რადგან გენერატორის აგზნების სისტემა და ძბვის რეგულატორი მჭიდროდ არის დაკავშირებული ტურბინის ციფრული მართვის სისტემებთან, „აგრეგატის საერთო მართვის და კონტროლის სისტემასთან“ , ,,ჯგუფური რეგულირების სისტემასთან" და რომლებიც ასევე მოწოდებული და ექსპლუატაციაში გაშვებულ იქნა კომპანია „Voith Hydro GmbH” & Co KG ს მიერ, ამ მჭიდრო ფუნქციური და პროგრამული ინტეგრაციის გამო, მესამე მხარის მიერ სისტემის ნებისმიერი ჩანაცვლება ან განახლება შექმნის მიუღებელ ტექნიკურ რისკს და შეიძლება გამოიწვიოს ამ სისტემების არასტაბილურობა, ოპერაციული დარღვევები ან ხელმისაწვდომობის დაკარგვა.
„Voith Hydro GmbH” & Co KG არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც შეუძლია ამ განახლების უსაფრთხო და პაუხისმგებლიანი გზით განხორციელება, ნებისმიერი სხვა მესამე პირის ჩარევა , რომელიც არ არის თავდაპირველი მწარმოებელი (OEM) გამორიცხავს Voith Hydro-ს ტურბინის მართვის სისტემის სათანადო ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობის აღებას", - აღნიშნულია დოკუმენტში.
სახელმწიფომ შესყიდვების სააგენტომ 15 ოქტომბერს შპს "ეგურჰესს" გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობა მისცა.
2026 წლის ზაფხულში ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის ავარიული გათიშვა ჯამში სამჯერ დაფიქსირდა. 24 და 25 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება თბილისსა და რეგიონების ნაწილში რამდენიმე საათით შეწყდა. სასისტემო გათიშვა დაფიქსირდა 5 აგვისტოსაც. სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმა განაცხადა, რომ 5 აგვისტოს გათიშვა ტესტირების პროცესს უკავშირდებოდა, რომლის მიზანიც სწორედ 24-25 ივლისს მომხდარი ავარიული გათიშვების მიზეზების დადგენა იყო. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ავარიის დროს თითქმის ყველა ძირითადი გადამცემი ხაზის მაჩვენებელი „განულებული“ იყო. 24-25 ივლისის ე.წ. ბლექაუთების მიზეზების დადგენაზე ამ დრომდე მუშაობენ როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი), ისე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. სემეკის წინასწარი შეფასებით, 25 ივლისს ავარიის გამომწვევი მიზეზი იყო „იმერეთის“ მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე არსებული ავარია, რომელიც მერე უკვე გადაეცა მთელ სისტემას და სისტემაში არსებულმა გამორთვის ინსტრუმენტებმა სათანადოდ არ იმუშავა. რაც შეეხება "ენგურჰესს", სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ "დაცვის სისტემების გარკვეულ ნაწილში პრობლემა იყო".
"ენგურჰესი რამდენადაც თქვენთვის ცნობილია, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ჩვენი ჰიდროენერგეტიკული ობიექტი, რომელსაც შეუძლია სიხშირის რეგულირებაში მონაწილეობა და სხვადასხვა ტექნიკური საკითხების დაბალანსება. რომელსაც გააჩნია თავისი დაცვის სისტემები. წინასწარი ინფორმაციით, დაცვის სისტემების გარკვეულ ნაწილში იყო ასევე პრობლემა. აქედან გამომდინარე, მოწვეულია ტექნიკური ჯგუფი საზღვარგარეთიდან, რომელმაც თავის დროზე დაამონტაჟა ეს ყველაფერი. აღნიშნული ჯგუფი დამატებით ნახავს და შეისწავლის არსებულ მდგომარეობას და მოგვაწვდიან მაშინ შესაბამის დასკვნებს", - აცხადებდა ნარმანია 4 აგვისტოს.
BM.GE
წყარო: bm.ge