
25 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით დედაენის ბაღში ფანზონა და „თბილისური ბაზარი“ გაიმართება - კალაძე
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაენის ბაღში, 25 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, ფანზონის მოწყობა იგეგმება, სადაც დიდ ეკრანზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თამაშების ტრანსლირება გაიმართება.
როგორც კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, პროექტი თბილისის მერიის ორგანიზებითა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობით ხორციელდება.
„საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის 2026-2027 წლების გათამაშებისთვის მზადებას იწყებს, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შესაძლებლობას გვაძლევს. ამიტომ მაქსიმალური მხარდაჭერა და გამხნევება სჭირდება ჩვენს გუნდს. ნაკრები ორკვირიანი საწვრთნელი შეკრების ფარგლებში, ოთხ შეხვედრას გამართავს. დედაენის ბაღში მისულ გულშემატკივრებს მატჩების ჩვენებამდე სხვადასხვა აქტივობა დახვდება, რომელიც სტარტს თამაშის დაწყებამდე ოთხი საათით ადრე აიღებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მერის თქმით, აღნიშნულ პერიოდში დედაენის ბაღში პარალელურად გაიმართება ფესტივალი „თბილისური ბაზარი“, სადაც ათეულობით ქართველი მეწარმე მიიღებს მონაწილეობას.
„იმ თარიღებში, როდესაც შეხვედრის ტრანსლირება არ იქნება, მოქალაქეებს 14:00 საათიდან, ტერიტორიაზე განთავსებული სასმლისა და კვების ობიექტები, მოსასვენებელი სივრცეები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფანშოპი, საქართველოს კიბერფეხბურთის ფედერაციის ინტერაქციული ზონა დახვდება, ასევე, პატარა გულშემატკივრებისთვის ტრადიციულად ცალკე გამოყოფილ ზონაში საბავშვო-თემატური აქტივობები იგეგმება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
25 სექტემბერს, პირველ ტურში, საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებს, ხოლო 3 დღეში უკრაინას დაუპირისპირდება. 2 და 5 ოქტომბერს კი უნგრეთს და ჩრდილოეთ ირლანდიას ესტუმერბა.
BM.GE
წყარო: bm.ge