
252 ათასზე მეტ მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაუძვირდა - საზოგადოება და ბანკები
საზოგადოება და ბანკების ინფორმაციით, 2026 წლის 1 აპრილის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 252 029 სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-მდე გაზარდა. შესაბამისად, 252,029 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება.
252 029 ხელშეკრულებიდან, რაოდენობრივად უმეტესი ნაწილი იპოთეკური და სამომხმარებლო სესხებია (80%). 19% მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული სესხებია და დიდ ბიზნესზე ხელშეკრულებების 1%-ია გაფორმებული.
ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 19.9 მლრდ ლარის მოცულობის სესხებია გაცემული. ლარში გაცემული და ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხების მოცულობა 3.9 მილიარდია, სამომხმარებლო სესხებზე კი 6.2 მლრდ ლარი არის გაცემული. მცირე და საშუალო ბიზნესზე ყველაზე დიდი მოცულობის სესხია გაცემული (6.3 მლრდ ლარი), ხოლო დიდ ბიზნესზე 3.4 მლრდ. ლარის. ლარში გაცემული და ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხის საშუალო მოცულობა 56,276 ლარს, სამომხმარებლო სესხის 43,587 ლარს, მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული სესხის 130,138 ლარს და დიდ ბიზნესზე გაცემული სესხის 1,541,963 ლარს შეადგენს.
"ინფლაცია ბოლო 2 წლის მაქსიმუმზეა. ის მიზნობრივ, 3%-იან მაჩვენებელს, ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2026 წლის მეორე კვარტალიდან უნდა დაახლოებოდა, თუმცა ახლო აღმოსავლეთში დაწყებულმა კონფლიქტმა ენერგომატარებლებზე და ტრანსპორტირებაზე ფასები გაზარდა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 8.25 პროცენტამდე გაზრდის შესახებ არის მკაცრი, თუმცა აუცილებელი პრევენციული ნაბიჯი ფასების ზრდის შესაჩერებლად. ინფლაციის 5.9%-მდე დაჩქარება პირდაპირ საფრთხეს უქმნის მოსახლეობის მსყიდველობით უნარს, რაც ცენტრალური ბანკის მხრიდან ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვდა. თუ ფასების ზრდის ტემპი არ შემცირდა, არ არის გამორიცხული რეფინანსირების განაკვეთი კიდევ უფრო გაიზარდოს", - აცხადებენ "საზოგადოება და ბანკებში".
დღეს, 6 მაისს, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით 8,25%-მდე გაზარდა. სებ-ი ამ გადაწყვეტილებას ახლო აღმოსავლეთში დაწყებულ ომს და მისგან გამომდინარე ინფლაციურ წნეხს უკავშირებს, რადგან აპრილში ინფლაცია 5.9%-მდე გაიზარდა, რაც ბოლო ორი წლის მაქსიმალური მაჩვენებელია. ეს 2024 წლის 22 მაისის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთის ზრდის პირველი გადაწყვეტილებაა.
BM.GE
წყარო: bm.ge