
თბილისში საქართველოსა და აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მე-11 სხდომა გაიმართება
საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი ეწვია. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი დახვდა.
როგორია ქვეყნების ეკონომიკური კავშირები?
ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა გაიმართება.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, კომისიის შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელოვან პერსპექტივებსა და რეგიონულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს განიხილავენ.
„კომისიის ფარგლებში განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ინვესტიციების, ვაჭრობისა და სხვა მიმართულებებით. ჩვენ ასევე გვექნება შესაძლებლობა, ვისაუბროთ იმ რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე, სადაც საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობას უდიდესი როლი აქვს, განსაკუთრებით კი შუა დერეფნის კონტექსტში“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი თბილისს დელეგაციასთან ერთად ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში არიან აზერბაიჯანის ეკონომიკის, ენერგეტიკის, ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის, ასევე მეცნიერებისა და განათლების მინისტრები.
BM.GE
წყარო: bm.ge