26 ნოემბერი: ზეთისხილის მსოფლიო დღე და ქართული ზეთისხილის წარმატების ისტორია
26 ნოემბერს მსოფლიო ზეთისხილის დღეს აღნიშნავს. საქართველო „ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს“ (IOC) წევრია და ამ კულტურის განვითარების თანამედროვე ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკვე დაიკავა.
საქართველოში ზეთისხილის ინდუსტრიის აღორძინება ქართველ ბიზნესმენ გიორგი სვანიძის სახელს უკავშირდება. სწორედ მისი ინიციატივით დაიწყო 2009 წელს კახეთში ზეთისხილის პირველი ბაღის გაშენება. მას შემდეგ ეს მიმართულება მნიშვნელოვნად განვითარდა და საქართველოში ზეთისხილის კულტივაცია სულ უფრო მეტ ფერმერსა და მეწარმეს აერთიანებს.
გიორგი სვანიძის ინიციატივითა და აქტიური მონაწილეობით საქართველო 2019 წელს „ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს“ (IOC) წევრი გახდა, რომელიც მსოფლიოს 47 ქვეყანას აერთიანებს და ზეთისხილის ზეთის მსოფლიო წარმოების 94%-ზე მეტს მოიცავს. იმავე წელს საქართველომ საბჭოს თავმჯდომარეობა მოიპოვა, ხოლო გიორგი სვანიძე 2019–2020 და 2020–2021 წლებში ორგანიზაციის პრეზიდენტად აირჩიეს.
აღსანიშნავია, რომ 26 ნოემბერი ზეთისხილის მსოფლიო დღედ 2019 წელს UNESCO-ს გადაწყვეტილებით გამოცხადდა. საქართველოსთვის ამ დღის აღნიშვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ქვეყანა ზეთისხილის საერთაშორისო ორგანიზაციის საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობს და მისი განვითარების პროცესის ნაწილია.
„სვანიძის ზეთისხილის“ დამფუძნებელი გიორგი სვანიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ზეთისხილის წარმოებას დიდი მომავალი აქვს. მისი საქმიანობის შედეგად ქვეყანაში შეიქმნა არა მხოლოდ ზეთისხილის ბაღები, არამედ წარმოების სრული ციკლი - ნერგების გამოყვანიდან და ნედლეულის მოყვანიდან დაწყებული, გადამუშავებით და მზა პროდუქციის წარმოებით დასრულებული.
საქართველოში გაშენებული ზეთისხილის ბაღების ფართობი დღეს 2 500 ჰექტარზე მეტია.
„ზეთისხილის ზეთი ადრე 100%-ით იმპორტირებული პროდუქტი იყო. ის თანხები, რაც აქამდე ქვეყნიდან გადიოდა, დღეს ქართველ ფერმერებსა და მეწარმეებს რჩებათ“, - აცხადებს გიორგი სვანიძე.
ქართული ზეთისხილის ინდუსტრიის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი 2025 წლის ოქტომბერში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ტარიბანას ველზე, ახალი ულტრათანამედროვე საწარმოს გახსნა გახდა. იტალიური და გერმანული წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმოს დღეში 80 ტონამდე ზეთისხილის გადამუშავება შეუძლია. საწარმო ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება და სეზონზე 150-მდე ადამიანის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის.
ახალი საწარმოს განსაკუთრებული უპირატესობა ისიცაა, რომ იგი უშუალოდ ზეთისხილის ბაღების სიახლოვეს მდებარეობს. ეს მოსავლის აღებიდან რამდენიმე საათში გადამუშავების შესაძლებლობას იძლევა, რაც ზეთის უმაღლესი ხარისხის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია. საწარმო მხოლოდ კომპანიის საკუთარ მოსავალზე არ არის გათვლილი - მასში სხვა ქართველი ფერმერების მიერ მოყვანილი ზეთისხილის გადამუშავებაც არის შესაძლებელი.
„სვანიძის ზეთისხილი“ აწარმოებს 100%-ით ქართულ, ნატურალურ ექსტრა ვირჯინ ზეთისხილის ზეთსა და მარინადებს. პროდუქცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მზადდება და „ქართული ხარისხის“ ნიშნით არის წარმოდგენილი.
ქართული ზეთისხილის მიმართ ინტერესი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც იზრდება. კომპანიის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ექსპორტის გაფართოებაა. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, მათ შორის საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ასევე ყაზახეთი, ნიდერლანდები და ევროპის სხვა ბაზრები კომპანიის საექსპორტო საქმიანობისა და განვითარების პრიორიტეტებს შორისაა.
„სვანიძის ზეთისხილის“ საქმიანობა მხოლოდ ერთი კომპანიის წარმატებით არ შემოიფარგლება. ის საქართველოში ახალი აგრარული მიმართულების განვითარებას, ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას, რეგიონებში დასაქმების შესაძლებლობების შექმნასა და ქართველი ფერმერების ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ზეთისხილის ბაღები იმ მიწების ათვისების შესაძლებლობას ქმნის, რომლებიც ადრე სასოფლო-სამეურნეო თვალსაზრისით ნაკლებად გამოყენებული იყო.
კომპანიის სამომავლო გეგმები კიდევ უფრო ამბიციურია: ზეთისხილის ბაღების გაფართოება, მილიონობით ახალი ხის დარგვა, წარმოების ზრდა, ასორტიმენტის გამრავალფეროვნება და საექსპორტო ბაზრების ათვისება. მიზანი საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე პრემიუმ ხარისხის ზეთისხილის ზეთის მწარმოებელ ქვეყნად დამკვიდრებაა.
26 ნოემბერი კიდევ ერთი შესაძლებლობაა, გავიხსენოთ, რომ ქართული ზეთისხილის წარმატების ისტორია მხოლოდ სოფლის მეურნეობის განვითარებას არ ნიშნავს. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთი ადამიანის ხედვა, მრავალწლიანი შრომა და მიზანმიმართული ინვესტიცია მთელი დარგის განვითარების საფუძვლად იქცეს. დღეს ქართული ზეთისხილი უკვე აღარ არის მხოლოდ მომავლის შესაძლებლობა - ის ქართული წარმოების რეალური ისტორიაა.
