მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 288 აპლიკანტი 5 ადგილზე: როგორ შეეხო კვოტების შემცირება ილიაუნის განათლების ადმინისტრირების პროგრამას
288 აპლიკანტი 5 ადგილზე: როგორ შეეხო კვოტების შემცირება ილიაუნის განათლების ადმინისტრირების პროგრამას

288 აპლიკანტი 5 ადგილზე: როგორ შეეხო კვოტების შემცირება ილიაუნის განათლების ადმინისტრირების პროგრამას

BM.GE8 სექტემბერი, 2026, 13:00|bm.ge

განათლების მკვლევარ ლელა ჩახაიას განცხადებით, განათლების რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებები არა მხოლოდ ცალკეულ უნივერსიტეტებს - მაგალითად, ილია სახელმწიფო უნივერსიტეტს - არამედ მთლიანად უმაღლესი განათლების სისტემასა და მის აკადემიურ ხარისხს ურტყამს.

BMGTV-ის გადაცემა “წერტილთან” ინტერვიუში, სადაც განათლების მკვლევარმა ვრცლად მიმოიხილა განათლების რეფორმის პირველი წელი 2026 წლის ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა სამაგისტრო საფეხურზე.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საბაკალავრო საფეხურზე, ჯამურად, მიღების/კვოტების დიდი ცვლილება არ ყოფილა, სამაგისტრო საფეხურზე კვოტები 40%-ზე მეტით შემცირდა.

ლელა ჩახაიამ მაგალითად მოიყვანა ილიაუნის განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა, სადაც წელს 288 მსურველი დარეგისტრირდა, მაგრამ თუ განათლების რეფორმამდე ყოველწლიურად 40 სტუდენტს იღებდნენ, წელს განათლების სამინისტროს მიერ განსაზღვრული კვოტა მხოლოდ 5 სტუდენტია.

განათლების მკვლევარმა გამოყო ის ფაქტიც, რომ ზუგდიდისა და სოხუმის უნივერსიტეტებში სამაგისტრო მიღება მთლიანად გაუქმდა. მისივე შეფასებით, სახელმწიფო ატარებს პოლიტიკას, რომლის მიზანიც აკადემიური და სამეცნიერო კომპონენტის შემცირება და სწავლის ხანგრძლივობის მაქსიმალურად შემოკლებაა.

- როგორც აღვნიშნეთ, საბაკალავრო საფეხურზე მისაღები ადგილები მცირედით შემცირდა და მკვეთრი ცვლილება არ ყოფილა, თუმცა თუ სამაგისტრო საფეხურის კვოტებს შევხედავთ, ნახავთ, რომ ის 40%-ზე მეტით არის შეკვეცილი. ეს შემცირება, კონსერვატორიისა და სამედიცინო უნივერსიტეტის გარდა, აბსოლუტურად ყველა უნივერსიტეტს შეეხო. ილიას უნივერსიტეტი სამაგისტრო საფეხურზე, რა თქმა უნდა, სერიოზულად დაზარალდა, მაგრამ მაგალითად, ზუგდიდისა და სოხუმის უნივერსიტეტებში სამაგისტრო საფეხური საერთოდ გაუქმდა.

- რით ახსნა ასეთი გადაწყვეტილება განათლების სამინისტრომ?

- არანაირი განმარტება არ ყოფილა. ასევე, რომ შეხედოთ სხვა რეგიონულ სასწავლებლებს - თელავის, ახალციხის, ისევე როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა თუ ტექნიკურ უნივერსიტეტს - ყველა საჯარო უნივერსიტეტში სამაგისტრო საფეხურზე მიღება აბსოლუტურად შემცირებულია. ეს იმ ზოგადი ტენდენციის გაგრძელებაა, როდესაც სწავლის ხანგრძლივობას ამცირებენ როგორც საშუალო, ისე საბაკალავრო და სამაგისტრო დონეზე. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ილიაუნის მიღმა არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც მთლიანად განათლების სისტემას ურტყამს. გასაგებია, რომ სწავლების ხარისხი შეიძლება ყველგან იდეალური არ იყო, მაგრამ პირველი - თუ ხარისხი იდეალური არ არის, მაშინ მისი გასაუმჯობესებელი ღონისძიებები უნდა გაატარო, ამ გადაწყვეტილებიდან კი არცერთი არ უკავშირდება ხარისხის ამაღლებას; მეორე - თუ რაღაც ცუდია, მხოლოდ მისი შეკვეცით უკეთესი ვერ გახდება.

- თქვენი აზრით, რა იყო სამაგისტრო პროგრამებზე კვოტების მკვეთრი შეკვეცის მთავარი მიზანი?

ამაზე ზუსტი მსჯელობა ჭირს, თუმცა იკვეთება ტენდენცია სწავლების შემოკლებისკენ: პროგრამები გახდეს ნაკლებად აკადემიური, ნაკლებად სამეცნიერო და სისტემა უფრო პროფესიულ, მოკლევადიან კვალიფიკაციებზე გადავიდეს. რაც შეეხება უშუალოდ ილიაუნის - ყველაზე ძლიერი დარტყმა ცალსახად ამ უნივერსიტეტმა მიიღო. რეგიონულ თუ სოხუმის უნივერსიტეტებზე საუბრის მიუხედავად, ილიაუნის შემთხვევაში უპრეცედენტო შეკვეცასთან გვაქვს საქმე. მაგალითად, პირადად მე წარმოვადგენ ილიაუნის განათლების სკოლას, სადაც განათლების ადმინისტრირების ძალიან კარგი სამაგისტრო პროგრამა გვაქვს. ამ პროგრამაზე წლიურად, დაახლოებით, 40 სტუდენტს ვიღებდით ხოლმე, წელს კი სახელმწიფომ კვოტა 5 სტუდენტამდე შეამცირა. თითქოს განათლების მიმართულება დატოვეს, მაგრამ სხვა უნივერსიტეტებთან შედარებით აქაც ბევრად ნაკლები ადგილი გამოყვეს: მაგალითად, ბათუმის უნივერსიტეტში იმავე პროგრამაზე 20 ადგილია, ხოლო ილიას უნივერსიტეტში, რომელიც ამ მიმართულებით პიონერი იყო - მხოლოდ 5 ადგილი დაგვიტოვეს. შედეგად, ამ 5 ადგილზე 288-მა მსურველმა შემოიტანა აპლიკაცია. აღსანიშნავია ისიც, რომ თუ შრომის ბაზარსა და დასაქმებაზე ვსაუბრობთ, წარსულის გამოცდილება აჩვენებს, რომ ამ პროგრამის კურსდამთავრებულთა 90% მიღებული დიპლომით არის დასაქმებული. ისინი ძალიან წარმატებით მუშაობენ და განათლების სისტემაში მათ ნებისმიერ ეტაპზე შეხვდებით.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ყველაფერი OpenAI-ს უახლესი მოდელის GPT-6 Astra-ს შესახებ

ყველაფერი OpenAI-ს უახლესი მოდელის GPT-6 Astra-ს შესახებ

BM.GE

„მინიმალურ მარჟაზე და დანის პირზე ვმუშაობთ“ - ტურიზმის სექტორი მხარჯველუნარიანი ვიზიტორების კლებასა და გაზრდილ ხარჯებს ებრძვის

„მინიმალურ მარჟაზე და დანის პირზე ვმუშაობთ“ - ტურიზმის სექტორი მხარჯველუნარიანი ვიზიტორების კლებასა და გაზრდილ ხარჯებს ებრძვის

BM.GE

"უკვე ვფიქრობ - ღირს კი ამ საქმის გაგრძელება?" - მეღვინე სერტიფიცირების 10 -ლარიან მოსაკრებელზე

"უკვე ვფიქრობ - ღირს კი ამ საქმის გაგრძელება?" - მეღვინე სერტიფიცირების 10 -ლარიან მოსაკრებელზე

BM.GE

საქართველო  მსოფლიოში ღვინის წარმოებით მე-16 ადგილზეა - რა ტენდენციებია ბაზარზე?

საქართველო  მსოფლიოში ღვინის წარმოებით მე-16 ადგილზეა - რა ტენდენციებია ბაზარზე?

BM.GE