
30%-ით შემცირებული გაყიდვები - „პონგინო ვაინში“ სტუმრების გეოგრაფია შეიცვალა
საგარეჯოში მდებარე მეღვინეობა „პონგინო ვაინის“ დამფუძნებელი გულნარა რომანაძე აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე კომპანიას გაყიდვები და ვიზიტორების რაოდენობა დაახლოებით 30%-ით შეუმცირდა.
როგორც რომანაძემ BM.GE-სთან აღნიშნა, ყველაზე მეტად გავლენა ისრაელიდან დაგეგმილი ვიზიტების გაუქმებამ მოახდინა, რადგან მეღვინეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარი სწორედ ეს ქვეყანა იყო.
„სადღაც ალბათ 30%-ით შემცირებულია გაყიდვაც და სტუმრიანობაც. ძალიან ბევრი ჯავშანი, ძირითადად ისრაელიდან მაქვს გაუქმებული. თუმცა, ახლა ახალი ქვეყნები წამოვიდა - განსაკუთრებით ინგლისი, ამერიკა, გერმანია და პოლონეთი. გარკვეული რაოდენობით სტუმრები იტალიიდანაც გვყავს, რაც წინა წლებში ნაკლებად იყო წარმოდგენილი. მთლიანობაში, წელს სტუმრების კონტინგენტი მნიშვნელოვნად შეიცვალა“, - ამბობს მეღვინე.
მისი თქმით, ჯერ რთულია იმის პროგნოზირება, როგორი იქნება ტურისტული სეზონის დარჩენილი ნაწილი და სექტემბრამდე ვითარების დაკვირვებაა საჭირო. გულნარა რომანაძის განმარტებით, „პონგინო ვაინი“ პრემიუმ სეგმენტზეა ორიენტირებული და მისი მომხმარებლები ძირითადად მაღალი მსყიდველუნარიანობის მქონე ტურისტები არიან, რომლებიც საქართველოში ავთენტური ღვინისა და ტრადიციული ოჯახური გარემოს გამოცდილებისთვის ჩამოდიან.
"ჩვენი სტუმარი არის ადამიანი, რომელსაც ხარისხიანი ღვინო და ქართული ავთენტურობა აინტერესებს. მოდის იმის სანახავად, როგორ ცხოვრობს ქართული ოჯახი და როგორ იქმნება ღვინო. შესაბამისად, ჩვენი სეგმენტი ყოველთვის მაღალბიუჯეტიანი ტურისტი იყო", - აღნიშნავს ის.
მეღვინის თქმით, აზიური ბაზრებიდან, მათ შორის ინდოეთიდან და არაბული ქვეყნებიდან ჩამოსული ვიზიტორები „პონგინო ვაინის“ ძირითად სამიზნე აუდიტორიას არ წარმოადგენენ, რის გამოც ამ მიმართულებებიდან ტურისტული ნაკადების ზრდა კომპანიაზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ ახდენს.
„პონგინო ვაინი“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში მდებარე მეღვინეობაა, რომელიც ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს. მეღვინეობა პრემიუმ კლასის ადგილწარმოშობის ღვინოებს აწარმოებს, მათ შორის ხაშმის საფერავს, ქისს, მუსკატსა და რქაწითელს. ღვინის წარმოებასთან ერთად, მეღვინეობა ღვინის ტურიზმის მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს და სტუმრებს სხვადასხვა დეგუსტაციასა და მასტერკლასს სთავაზობს.