
ჰაკერული ჯგუფი აცხადებს, რომ Novo Nordisk-ზე კიბერთავდასხმა განახორციელა და $25 მილიონს სძალავდა
სამშაბათს კიბერ-გამომძალველთა ჯგუფმა განაცხადა, რომ ფარმაცევტული გიგანტის, Novo Nordisk-ის ქსელიდან ერთ ტერაბაიტზე მეტი მონაცემი მოიპარა. ჯგუფის თქმით, მას შემდეგ, რაც კომპანიისგან 25 მილიონი დოლარის მიღების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, ისინი მონაცემების ნაწილის გაყიდვის ვარიანტებს განიხილავენ.
დაჯგუფება FulcrumSec-მა - კიბერ-გამომძალველთა ჯგუფი, რომელიც 2025 წლის ოქტომბერში გამოჩნდა - თავის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში განაცხადა, რომ Novo Nordisk-ის ქსელებში მონაცემების მოსაპარად ორ თვეზე მეტი გაატარა. მათი თქმით, მოპარული მონაცემები მოიცავს: კომპანიის პროგრამულ საწყის კოდს, კომერციულ საიდუმლოებებს უკვე გამოშვებულ და ჯერ გამოუცემელ მედიკამენტებზე, კლინიკური კვლევების მონაცემებს, ინფორმაციას თანამშრომლებზე, ექიმებსა და პაციენტებზე, ასევე კომპანიის საწარმოო ობიექტებსა და შიდა AI მოდელებზე.
Novo Nordisk-ის პრესსპიკერმა ელექტრონულ წერილში აღნიშნა: "კომპანია ინფორმირებულია მტკიცების შესახებ, თითქოს ჩვენი სისტემებიდან უნებართვოდ დაკოპირებული მონაცემები ონლაინ გამოქვეყნდა. ჩვენ ამ საკითხს სერიოზულად ვეკიდებით და ვინარჩუნებთ ჩვენი მთავარი პლატფორმების უწყვეტ მუშაობას. ამჟამად კონტაქტზე ვართ შესაბამის ორგანოებთან."
FulcrumSec-მა ელექტრონული ფოსტით Reuters-ს განუცხადა, რომ Novo Nordisk-ის წარმომადგენლები ჯგუფს 3 ივნისს დაუკავშირდნენ. კომპანიამ საკუთარი ვინაობა ვერიფიკაციისთვის ისეთი კონკრეტული ფაილების მოთხოვნით დაადასტურა, რომელთა შესახებაც მხოლოდ Novo Nordisk-ს შეეძლო სცოდნოდა.
დანიურმა კომპანიამ კიბერუსაფრთხოების ინციდენტი 11 ივნისს გაასაჯაროვა და აღნიშნა, რომ ადგილი ჰქონდა შეზღუდული რაოდენობის შიდა IT სისტემებზე უნებართვო წვდომას, რაც გარკვეულ პერსონალურ მონაცემებზე წვდომასაც მოიცავდა.
FulcrumSec-მა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც Novo Nordisk-მა 25 მილიონი დოლარის გადახდაზე უარი თქვა, ისინი კონკრეტულ მედიკამენტებთან და სხვა შიდა ინფორმაციასთან დაკავშირებული მონაცემების ნაწილისთვის "კერძო გაყიდვების ვარიანტებს განიხილავენ".
FulcrumSec-მა განაცხადა, რომ მოპარული მონაცემების ნაწილს არ გაასაჯაროებს. ეს მოიცავს ინფორმაციას კომპანიის ათასობით თანამშრომელსა და ექიმზე, ასევე დაახლოებით 11 500 პაციენტზე, რომლებიც კლინიკურ კვლევებში მონაწილეობდნენ.
ჯგუფმა ასევე აღნიშნა, რომ საკუთარი "ზიანის შემცირების სტრატეგიის" ფარგლებში, არ გამოაქვეყნებს მონაცემებს, რომლებიც საოპერაციო ტექნოლოგიებსა და იმ პროგრამულ უზრუნველყოფას ეხება, რომელიც Novo Nordisk-ის საწარმოო ობიექტებზე სენსორებთან და მანქანა-დანადგარებთან ურთიერთქმედებისთვის გამოიყენება.
Novo Nordisk ცნობილია სიმსუქნისა და დიაბეტის სამკურნალო პრეპარატებით, განსაკუთრებით Wegovy-ითა და Ozempic-ით.
BM.GE
წყარო: bm.ge