
4 თვეში 63 000 ლარზე მეტი კერძო სექტორში - ირაკლი ქარსელაძის დეკლარაცია თანამდებობის დატოვების შემდეგ
საქართველოს ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია შეავსო. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ თანამდებობის დატოვების შემდეგ ქარსელაძემ კერძო სექტორში გადაინაცვლა, სადაც 4 თვის განმავლობაში იმაზე მეტი ანაზღაურება მიიღო, ვიდრე გასულ წელს სამინისტროში მუშაობისას.
დეკლარაციის მიხედვით, ირაკლი ქარსელაძე საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობას 2025 წლის 23 აპრილამდე იკავებდა.
სამინისტროში (2025 წლის 1 იანვრიდან 23 აპრილამდე) მისმა მიღებულმა ანაზღაურებამ ხელზე 37 284 ლარი შეადგინა.
თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, 2025 წლის 1 ივნისიდან 30 სექტემბრამდე, იგი მუშაობდა შპს „დემკოში“ ბიზნესის განვითარების დირექტორად. ამ 4-თვიან პერიოდში კერძო კომპანიიდან მისმა ხელფასმა ხელზე 63 422,88 ლარი შეადგინა.
შესაბამისად, კერძო სექტორში ქარსელაძის თვიური ანაზღაურება საშუალოდ 15 800 ლარს აღემატებოდა.
აღსანიშნავია, რომ შპს-ს მფლობელი და დირექტორი დევი დუმბაძეა.
ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, ქარსელაძემ გადადგომიდან ერთ თვეში 30 მაისს ახალი კომპანია "კავკასუს პრაიმ ბილდერსი" დააფუძნა.
რეესტრის მიხედვით, ქარსელაძე ამ კომპანიის დირექტორის პოსტს იკავებს და პირველ ეტაპზე მისი 50%-იანი წილის მფლობელი იყო. მისი პარტნიორი ამ დროისთვის ბიზნესმენი დევი დუმბაძე გახლდათ, რომელიც ასევე 50%-ის წილს ფლობდა. სწორედ მის კომპანიაში იყო დასაქმებული ქარსელაძე 4 თვით. 2025 წლის სექტემბერში ამონაწერი შეცვალა და კომპანია სრულად ქარსელაძის საკუთრება გახდა.
დეკლარაციაში მითითებულია, რომ ირაკლი ქარსელაძე დეკლარაციის შევსების მომენტში ფლობს შპს „კაუკასუს პრაიმ ბილდერსის“ 100%-იან წილს და ამავე კომპანიის დირექტორია. 2025 წლის განმავლობაში აღნიშნული საწარმოდან მას შემოსავალი არ მიუღია.
გარდა ამისა, მისმა მეუღლემ, მედეა ქარსელაძემ 2026 წლის 11 მარტს დააფუძნა და გახდა შპს „4 სი მენეჯმენტის“ 100%-იანი წილის მესაკუთრე და დირექტორი (ვინაიდან კომპანია 2026 წელს დარეგისტრირდა, გასული წლის პერიოდზე შემოსავალი მითითებული არ არის).
უძრავი ქონება, საბანკო ანგარიშები და ვალდებულებები
ირაკლი ქარსელაძე ფლობს 100%-იან წილს თბილისში, ეკატერინე ბაღდავაძის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთზე, რომელიც 2017 წელს 100 000 აშშ დოლარად შეიძინა (შენობის საერთო ფართი 311.69 კვ.მ-ია).
დეკლარაციის შევსების მომენტში ირაკლი ქარსელაძეს „თიბისი ბანკის“ სესხის ოფსეტურ ანგარიშზე 60 235,26 აშშ დოლარი, ხოლო მიმდინარე ანგარიშებზე 3 143,8 ლარი და 2 013,75 აშშ დოლარი ერიცხებოდა.
ყოფილ მინისტრს 2017 წელს „თიბისი ბანკიდან“ აღებული აქვს 247 500 აშშ დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხი, რომლის გასავალმაც გასულ წელს 8 128,11 აშშ დოლარი შეადგინა.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 2025 წლის თებერვალში ირაკლი კობახიძის მთავრობის გადაწყვეტილებით ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაიყო და მისი შემადგენლობიდან რეგიონული განვითარების სამინისტრო გამოვიდა. მაშინ ითქვა რომ ამ ახალი უწყების ხელმძღვანელის პოსტს სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დაიკავებდა, ხოლო ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობას ირაკლი ქარსელაძე შეინარჩუნებდა. თუმცა მალევე ცნობილი გახდა, რომ საკადრო საკითხზე შეუთანხმებლობის გამო, გრიგოლ ლილუაშვილი მინისტრის პოსტს აღარ დაიკავებდა და ახალ უწყებას კახაბერ გულედანი უხელმძღვანელებდა. აპრილში კი ირაკლი ქარსელაძემაც დატოვა თანამდებობა და ამ პოსტზე რევაზ სოხაძე დაინიშნა.
ირაკლი ქარსელაძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2021 წლის 22 თებერვლიდან 2025 წლის 24 აპრილამდე ხელმძღვანელობდა.
BM.GE
წყარო: bm.ge