
48%-იანი ზრდის ნაცვლად FDI-ის 19.7%-იანი კლება I კვარტალში - საქსტატმა მონაცემები შეცვალა|რატომ
2026 წლის I კვარტალში, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სინამდვილეში 19.7%-ით შემცირებულა, არათუ 47.7%-ით გაზრდილა.
საქმე ის არის, რომ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2026 წლის I კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მოცულობა 281 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 19.7%-ით ნაკლებია.
საქსტატმა პირველ კვარტალში FDI-ის შესახებ წინასწარი მონაცემები 9 ივნისს გამოაქვეყნა. მაშინ 2026 წლის პირველი კვარტალის მაჩვენებელი 2025 წლის პირველი კვარტალის წინასწარ შეფასებულ მონაცემს - 183.6 მილიონ დოლარს შეადარეს. შედეგად, ინვესტიციების 47.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა; თუმცა 17 აგვისტოს საქსტატმა 2025 წლის FDI-ის დაზუსტებული სტატისტიკა გამოაქვეყნა და აღმოჩნდა, რომ 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 350 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოსულა, ნაცვლად მანამდე გამოქვეყნებული 183.6 მილიონი დოლარისა.
შესაბამისად, დღეს საქსტატმა 2026 წლის პირველი კვარტალის 281 მილიონი დოლარი უკვე დაზუსტებულ მაჩვენებელს შეადარა, რის შედეგადაც წლიური ცვლილება 47%-იანი ზრდის ნაცვლად 19.7%-იან კლებად დაკორექტირდა.
საქსტატის განმარტებით, 2026 წლის პირველი კვარტალის FDI-ის მაჩვენებელიც მომდევნო წელს დაზუსტდება და ის შესაძლოა, როგორც ზრდის, ისე - კლების მიმართულებით შეიცვალოს.
რაც შეეხება 2026 წლის პირველი ორი კვარტალის ჯამურ მაჩვენებელს, საქართველოში ამ პერიოდში 750 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21%-ით ანუ 210 მილიონი დოლარით ნაკლებია.
BM.GE
წყარო: bm.ge