
განსახლების საკითხები თავიდანვე უნდა შეესწავლათ... მშენებლობა შესაძლოა, გაიწელოს - ურბანისტი ტრამვაიზე
სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ დიდი დიღომი-დიდუბის ტრამვაის პროექტის მშენებლობა შესაძლოა, დროში გაიწელოს.
როგორც BMG-სთან არქიტექტორი და ურბანისტი ანა ბიბილაშვილი აცხადებს, თბილისის მერიის მიერ პროექტის მშენებლობისთვის დასახელებული 4 წლიანი ვადა რეალისტურია, თუმცა მეორე მხრივ, მუნიციპალიტეტს გარკვეული რისკები არ აქვს გათვლილი, რამაც შესაძლოა, პროცესები გააჭიანუროს.
მისი თქმით, მათ შორის ტერიტორიიდან განსახლების პროცესს იმაზე დიდი დრო და ფინანსური რესურსი შეიძლება დასჭირდეს, ვიდრე ამას თბილისის მერია ვარაუდობს. ურბანისტი მიიჩნევს, რომ შესაბამისი დეტალური გათვლები ამ დრომდეც უნდა გაკეთებული.
„ტრამვაის პროექტთან დაკავშირებით გამოჩნდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა — ეს არის კერძო ინტერესი. ტრამვაი გაივლის რამდენიმე მონაკვეთზე, სადაც კერძო საკუთრებაა შესაბამისად, ქალაქმა უნდა გამოისყიდოს ეს კერძო საკუთრება. როგორც გამოჩნდა, კომენტარებიდან, ყოველ შემთხვევაში ასე იკითხება, ჯერ არ იცის ქალაქმა, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ და თვითონ [თურქულმა] კომპანიამ, ვინც სამუშაოები უნდა შეასრულოს, რამდენ კერძო საკუთრებას შეეხება, რა საფრთხეები შეიძლება იყოს.
როგორც ჩანს, წინასწარი შეფასება არ მომხდარა, რამდენ და რა ტიპის კერძო საკუთრებებს შეეხება, მიწებს, შენობებს გამოვისყიდით? ეს ხომ ქალაქმა უნდა შეისყიდოს იმისთვის, რომ გათავისუფლდეს ტერიტორია. ვინმე იქნება თუ არა წინააღმდეგი, საჭირო გახდება თუ არა სამართლებრივი პროცესი?
ამაში ფასს ხომ ჩვენ ვიხდით, ქალაქის მოსახლეობამ უნდა გადაიხადოს ბიუჯეტიდან ეს თანხები. თვითონვე აცხადებენ ამას, რომ ეს იქნება თბილისის მერიის გადასაწყვეტი. სახელმწიფოს აქვს უფლება, რომ გამოისყიდოს ნებისმიერი ისეთი ნაკვეთი თუ ქონება, რომელიც სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტს აფერხებს, მაგრამ რა თანხებით, საიდან მოდის ეს თანხები, აქვს თუ არა საკმარისად განსაზღვრული თბილისს. ხომ არ მოხდება ისე, რომ ეს თანხები იმდენად დიდი იქნება, რომ ქალაქს მოუწევს დროში გაწელოს მშენებლობის პროცესი და მივიღოთ ნახევრად აშენებული ინფრასტრუქტურა. ეს რისკები თავიდანვე უნდა იყოს დაზღვეული და მათივე კომენტარებიდან ჩანს, რომ არ არის.
როდესაც ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტები იგეგმება, ჯერ ხდება ამის შესწავლა. წინასწარ ჯერ ხელშეკრულება გააფორმო და თქვა, რომ ახლა ამას ვიწყებთ და შემდეგ დაიწყო გარკვევა, რა რისკები არსებობდეს, ეს, რა თქმა უნდა, გეგმარებით პროცესში არასწორია. ეს საკითხები თავიდანვე უნდა ყოფილიყო შესწავლილი და ამ მხრივ რისკებს ვხედავ, რომ შეიძლება დროში გაიწელოს. თუმცა თვითონ მშენებლობის დრო აბსოლუტურად ადეკვატურია, რაც გამოცხადებულია და სავსებით შესაძლებელია, რომ ამ დროში განხორციელდეს მშენებლობა”, - განაცხადა ანა ბიბილაშვილმა.
ცნობისთვის, თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობას თურქული ერთობლივი კომპანია EYE განახორციელებს. თბილისი სატრანსპორტო კომპანიასა და და ტენდერში გამარჯვებულ თურქულ ერთობლივ საწარმო EYE-ს (Emre Ray + Yüksel + Erk) შორის ხელი ტრამვაის პროექტირებასა და მშენებლობაზე ₾287-მილიონიანი ხელშეკრულება გაფორმდა. თავად ტრამვაის ხაზის პროექტირება მშენებლობის ვადად 36 თვე სახელდება, თუმცა თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ მშენებლობის პროცესში შესაძლოა, საჭირო გახდეს განსახლების პროცესიც. აქედან გამომდინარე, დედაქალაქის მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ არაა გამორიცხული ამ პროცესს 4 წლამდე პერიოდიც დასჭირდეს.
BM.GE
წყარო: bm.ge