
4 თვეში პესტიციდები 19%-ით გაძვირდა, ექსპორტზე კი 33%-ით უფრო ძვირად გავყიდეთ - სად ვყიდულობთ/ვყიდით?
საქართველოში ინსექტიციდების, მცენარეთა აღმოცენების საწინააღმდეგო საშუალებებისა და ზრდის რეგულატორების იმპორტი 2026 წლის იანვარ–აპრილში შემცირებულია, თუმცა ერთეული პროდუქციის ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში ქვეყანაში 23.8 მლნ დოლარის ღირებულების, 3 007 ტონა პესტიციდი შემოვიდა. შედარებისთვის, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტი 31.5 მლნ დოლარს და 4 739 ტონას შეადგენდა. შესაბამისად, იმპორტი ღირებულებით 24.4%-ით, ხოლო მოცულობით 36.5%-ით შემცირდა.
მიუხედავად შემცირებული რაოდენობისა, ბაზარზე ფასები გაიზარდა. 2025 წელს ერთი ტონა პესტიციდის საშუალო ღირებულება 6,652 დოლარი იყო, მაშინ როცა 2026 წელს ის 7,917 დოლარამდე გაიზარდა, რაც დაახლოებით 19%-იან გაძვირებას ნიშნავს.
იმპორტის ძირითადი ნაწილი კვლავ რამდენიმე ქვეყანაზე ნაწილდება. სტატისტიკაში ლიდერობს თურქეთი 4.8 მლნ დოლარით (737 ტონა), შემდეგ მოდის ჩინეთი 4.6 მლნ დოლარით (955 ტონა) და გერმანია 3.2 მლნ დოლარით (254 ტონა). ჩამონათვალში ასევე არიან - შვეიცარია (1.48 მლნ დოლარი, 64 ტონა), იტალია (1.41 მლნ დოლარი, 122 ტონა), ესპანეთი (1.2 მლნ დოლარი, 210 ტონა), უკრაინა (1.16 მლნ დოლარი, 121 ტონა), საფრანგეთი (1.13 მლნ დოლარი, 46 ტონა), აშშ (852 ათასი დოლარი, 40 ტონა) და რუსეთი (700 ათასი დოლარი, 97 ტონა).
რაც შეეხება ექსპორტს, საქართველოდან ინსექტიციდების, მცენარეთა აღმოცენების საწინააღმდეგო საშუალებებისა და ზრდის რეგულატორების ექსპორტი 2026 წლის იანვარ-აპრილში ზრდის ტენდენციას აჩვენებს. უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში ექსპორტმა 328 ათასი დოლარი შეადგინა, რაც 25 ტონა პროდუქციას მოიცავდა. შედარებისთვის, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტი 238 ათასი დოლარი და 24 ტონა იყო. შესაბამისად, ექსპორტი ღირებულებით 37.4%-ით გაიზარდა, ხოლო მოცულობით 4.1%-ით.
მნიშვნელოვნად არის გაზრდილი საშუალო საექსპორტო ფასი. 2025 წელს, 4 თვეში ერთი ტონა პროდუქციის საშუალო ღირებულება 9,916 დოლარი იყო, ხოლო 2026 წელს ის 13,120 დოლარამდე გაიზარდა, რაც 32.3%-იან გაძვირებაზე მიუთითებს.
ექსპორტის ძირითადი ნაწილი ორ ბაზარზე გადის. ყველაზე მეტი პროდუქცია სომხეთში გაიყიდა - 21 ტონა, საიდანაც საქართველომ 279 ათასი დოლარის შემოსავალი მივიღეთ. მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება აზერბაიჯანია, სადაც 3.5 ტონა პესტიციდის რეალიზაციიდან 49 ათასი დოლარი დაფიქსირდა.
მთავრობა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასის რეგულირებას გეგმავს - კანონპროექტი
BM.GE
წყარო: bm.ge