
მსგავს პროგრამებს დევნილი ოჯახების ინდივიდუალური საჭიროებების შეფასება უნდა უძღოდეს წინ - ურუშაძე
ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა სანდრო ურუშაძემ, გადაცემა „ანალიტიკაში“ დევნილთა სოციალური და საცხოვრებელი პირობების მოგვარების გზებზე ისაუბრა.
მან ხაზი გაუსვა, რომ არსებული პრობლემების გადასაჭრელად კომპლექსური, ინდივიდუალური მიდგომა და სახელმწიფოებრივი დაგეგმვაა საჭირო.
"პირველი ეს ადამიანები აუცილებლად უნდა იყვნენ ჩართული ამ გადაწყვეტილებების მიღებაში. მეორე ნებისმიერი სოციალური სამუშაო მით უმეტეს დევნილებთან, მათი საჭიროებების ინდივიდუალური შეფასებითა და ოჯახური შეთავაზებით ხორციელდება. უნივერსალური რეცეპტი თითქოს 10 ათას ლარს დავარიგებთ და ეს ყველას მოერგება არ არსებობს. უამრავ ადამიანს განსხვავებული პრობლემა აქვს და ინდივიდუალური გამოსავალი სჭირდება. შესაბამისად, ჯერ სოციალური მუშაკები უნდა მიდიოდნენ, შეისწავლიდნენ ამ საჭიროებებს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა კეთდებოდეს ადეკვატური შეთავაზება. მესამე, ადამიანებს აღარ აქვთ იმედი, რომ ეს პრობლემა ოდესმე მოგვარდება. ამ დროს თქვენც იცით და ჩვენც ვხედავთ, რომ ქვეყანას აქვს იმისი ფინანსური შესაძლებლობა, დაგეგმოს და თქვას გარკვეული პერიოდის, ვთქვათ 3–5 წლის განმავლობაში, ყველა დევნილი ოჯახი მიიღებს საცხოვრებელ ფართობს. ეს შეიძლება იყოს ახალი ბინების ან სოციალური საცხოვრისების მშენებლობა [ამის გამოცდილება ჩვენს ქვეყანაში არსებობს] ან უკვე არსებული ბინების შესყიდვა [სამწუხაროდ, საქართველოში ბევრი ბინა ცარიელდება]. ანუ, თუ რეალურად გვინდა ამ საკითხის საბოლოოდ გადაჭრა და არა პრობლემის გადავადება ან ისეთი შეთავაზებების გაკეთება, რომლებიც უფრო ამ გაწამებული ადამიანების გაჩუმებას ემსახურება. რომ შევაჯამოთ დევნილებმა აუცილებლად უნდა მიიღონ მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების დრო და მერე არ უწევდეთ გაგება რა და როგორ ხდება, ასევე ამას წინ უნდა უძღოდეს ოჯახების ინდივიდუალური საჭიროებების შეფასება", - აცხადებს ურუშაძე.
დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვის მსურველთათვის განაცხადების მიღება 19 ოქტომბრიდან დაიწყო და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადები ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში მიიღება. პროგრამაში ჩართვა შეუძლია ყველა იმ დევნილ ოჯახს შეუძლია, რომელსაც სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი კომპენსაცია ჯერ არ მიუღია. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფულადი კომპენსაცია განცხადების შეტანის რიგითობის შესაბამისად გაიცემა, ხოლო მისი ოდენობა ოჯახის თითოეულ დევნილ წევრზე 10 ათას ლარს შეადგენს.
BM.GE
წყარო: bm.ge