
6 თვეში საქართველოში ექსპლუატაციაში 1 459 ობიექტი შევიდა - სად ჩაბარდა ყველაზე მეტი?
2026 წლის პირველ ნახევარში (იანვარი-ივნისი) საქართველოში ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების რაოდენობა და საერთო ფართობი მცირედით შემცირდა.
კერძოდ, საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, წლის 6 თვეში ქვეყანაში სულ 1 459 ობიექტი ჩაბარდა, რომელთა საერთო ფართობი 1 546 158 კვადრატულ მეტრს შეადგენს. 2025 წლის პირველ ნახევართან შედარებით, ექსპლუატაციაში შესული ობიექტების რაოდენობა 5.3%-ით (1 540 ობიექტიდან), ხოლო ჩაბარებული ფართობის მოცულობა 3.6%-ით (1.60 მლნ მ²-დან) არის შემცირებული.
რეგიონული გადანაწილება
სტატისტიკის თანახმად, ჩაბარებული ობიექტების უდიდესი წილი დედაქალაქზე მოდის, თუმცა თბილისში მშენებლობების დასრულების ტემპი საგრძნობლად შენელდა. ამის საპირისპიროდ, აჭარაში ექსპლუატაციაში მიღებული ფართობების მოცულობა მკვეთრად გაიზარდა, რაც რეგიონში მსხვილი კომპლექსების ჩაბარებაზე მიუთითებს.
თბილისი: დედაქალაქში ექსპლუატაციაში 466 ობიექტი (763 719 მ²) შევიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (954 029 მ²), ჩაბარებული ფართობის მოცულობა 19.9%-ით არის შემცირებული.
აჭარის ა.რ.: რეგიონში ექსპლუატაციაში 50 ობიექტი შევიდა, თუმცა ჩაბარებული ფართობის მოცულობამ 368 970 მ² შეადგინა, რაც გასული წლის 6 თვის მაჩვენებელზე (214 535 მ²) 72%-ით მეტია.
სხვა რეგიონები: ობიექტების რაოდენობით თბილისის შემდეგ მცხეთა-მთიანეთი ლიდერობს 221 ობიექტით (97 951 მ²). კახეთში ექსპლუატაციაში 176 ობიექტი (53 441 მ²) შევიდა, ხოლო ქვემო ქართლში - 146 ობიექტი (80 117 მ²).
საცხოვრებელი უძრავი ქონება ბაზრის 70%-ს იკავებს
შენობა-ნაგებობების ტიპოლოგიის მიხედვით, ბაზარზე საცხოვრებელი სექტორი ლიდერობს, რომელზეც ექსპლუატაციაში შესული საერთო ფართობის 70.7% მოდის. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საცხოვრებელი ფართობების მოცულობა პრაქტიკულად უცვლელია, თუმცა კლება ფიქსირდება კომერციული და ინდუსტრიული ობიექტების ჩაბარების ნაწილში.
საცხოვრებელი შენობები: ჩაბარდა 925 ობიექტი, საერთო ფართობით 1 094 034 მ² (+1.01%).
სასტუმროები: ექსპლუატაციაში შევიდა 20 ობიექტი, ფართობით 147 294 მ² (-8.65%).
სამრეწველო და სასაწყობო: ჩაბარდა 135 ობიექტი, ფართობით 128 256 მ² (-22.5%).
სავაჭრო ობიექტები: ექსპლუატაციაში შევიდა 144 ობიექტი, ფართობით 58 207 მ² (-21.9%).
BM.GE
წყარო: bm.ge