მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ექიმს არ უნდა უწევდეს ფიქრი, რომ პაციენტის ტანჯვის შესამსუბუქებელმა ნაბიჯმა შესაძლოა, სანქცია გამოიწვიოს - ამირან გამყრელიძე
ექიმს არ უნდა უწევდეს ფიქრი, რომ პაციენტის ტანჯვის შესამსუბუქებელმა ნაბიჯმა შესაძლოა, სანქცია გამოიწვიოს - ამირან გამყრელიძე

ექიმს არ უნდა უწევდეს ფიქრი, რომ პაციენტის ტანჯვის შესამსუბუქებელმა ნაბიჯმა შესაძლოა, სანქცია გამოიწვიოს - ამირან გამყრელიძე

BM.GE13 სექტემბერი, 2026, 17:21|bm.ge

"ჯანდაცვის პოლიტიკა და რეგულირება უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებებს, პროფესიულ კონსულტაციებსა და შედეგების წინასწარ შეფასებას - და არა ემოციებს, პოლარიზაციასა და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს",- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი ამირან გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ბრალდებული ექიმის, მაია კოხტაშვილის საქმეს ეხმაურება.

გამყრელიძე გადაწყვეტილების მიმღებებს მოუწოდებს, გადახედონ ნაჩქარევად მიღებულ რეგულაციებს და შეაფასონ მათი შესაძლო შედეგები როგორც პაციენტებისთვის, ისე სამედიცინო პერსონალისთვის.

"ბევრჯერ მითქვამს და დამიწერია, რომ საქართველოს სამედიცინო საზოგადოება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და პატივსაცემი საზოგადოებაა. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა იმ სოლიდარობითა და მოსახლეობის განსაკუთრებული მობილიზებით, რაც ქვეყანამ ქალბატონი მაია კოხტაშვილის შემთხვევასთან დაკავშირებით იხილა. ალბათ, არც არის გასაკვირი, თუ რამდენად დიდი იმედია მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით რეგიონებში, ისეთი გულისხმიერი და მაღალკვალიფიციური ექიმ-სპეციალისტის არსებობა, როგორიც ქალბატონი მაიაა. სოციალურ მედიაში, ალბათ, გაეცანით ქვეყნის წამყვანი ნევროლოგებისა და ფსიქიატრების შეფასებებს ქალბატონი მაიას პროფესიონალიზმთან დაკავშირებით. მე სრულად ვენდობი და ვიზიარებ მათ პოზიციას. ჩემი პირადი კავშირებითაც გადავამოწმე ინფორმაცია ახმეტაში და ვერ ვიპოვე ადამიანი, რომელიც ქალბატონი მაიას პიროვნებასა და პროფესიონალიზმს უარყოფითად აფასებდა. მიუხედავად მრავალი პრობლემისა, მოსახლეობას სჯერა ექიმის — მისი რჩევების, რეკომენდაციების, დანიშნული მკურნალობის — და, როდესაც უჭირს, მოუთმენლად ელოდება მასთან შეხვედრას. სწორედ ამიტომ არ მესმის, რატომ უნდა ვცდილობდეთ იმ მეთოდებით, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვნახეთ, ჩრდილი მივაყენოთ მთლიანად სამედიცინო საზოგადოებას. რატომ ვუბრუნდებით იმ ავადსახსენებელ პერიოდს, როდესაც აქტუალური იყო კამპანია — „შავი ლაქები თეთრ ხალათზე“? რა სიკეთე მოუტანა ამ მოძრაობამ საზოგადოებას, გარდა სამედიცინო საზოგადოებისადმი ნდობის შერყევის მცდელობისა? მაშინაც მოსახლეობა არ აჰყვა ამ კამპანიას და, ვფიქრობ, ახლაც საზოგადოებამ მკაფიოდ აჩვენა, რომ არ მიიღებს მსგავს მიდგომას — განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცდილობენ მაღალი ავტორიტეტისა და საუკეთესო რეპუტაციის მქონე ექიმი სრულიად მიუღებელი ფორმით წარმოაჩინონ. დავფიქრდეთ: ასეთ პოლარიზებულ საზოგადოებაში კიდევ ნუ დავასხამთ ნავთს ცეცხლზე. ამას ნამდვილად არ იმსახურებს მრავალჭირნახული და ღირსეული საქართველოს სამედიცინო საზოგადოება. ამასთან ერთად, აუცილებელია, დავფიქრდეთ იმ რეგულაციებზეც, რომლებსაც მტკიცებულებებისა და სათანადო პროგნოზირების გარეშე ვიღებთ. ნაჩქარევად მიღებულმა და არასათანადოდ შეფასებულმა რეგულაციებმა შესაძლოა, საბოლოოდ, პაციენტებს უფრო მეტი ზიანი მოუტანოს და რთულ მდგომარეობაში ჩააყენოს სამედიცინო პერსონალი. ექიმის უპირველესი მოვალეობა პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. ექიმს არ უნდა უწევდეს შიშით ფიქრი იმაზე, რომ პაციენტის ტკივილისა და ტანჯვის შესამსუბუქებლად გადადგმულმა პროფესიულმა ნაბიჯმა შესაძლოა, სამართლებრივი ან სხვა სახის სანქცია გამოიწვიოს. ამიტომ მივმართავთ გადაწყვეტილების მიმღებებს: გთხოვთ, კიდევ ერთხელ გადახედოთ ნაჩქარევად მიღებულ რეგულაციებს და შეაფასოთ მათი შესაძლო შედეგები როგორც პაციენტებისთვის, ისე სამედიცინო პერსონალისთვის. ჯანდაცვის პოლიტიკა და რეგულირება უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებებს, პროფესიულ კონსულტაციებსა და შედეგების წინასწარ შეფასებას — და არა ემოციებს, პოლარიზაციასა და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 11 სექტემბერს განაცხადა, რომ დააკავეს ახმეტის კლინიკის ექიმი, რომელმაც, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეს ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტი დაუმზადა. მაია კოხტაშვილი სასამართლოზე ამბობდა, რომ მასთან დასახმარებლად მამაკაცი მივიდა, რომელიც ექიმს არწმუნებდა, რომ ბებიის მკურნალობისთვის კონკრეტული წამალი სჭირდებოდა. ექიმს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა, რომელიც მოქალაქეებმა შეუგროვეს და ამჟამად თავისუფალია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ღვინის სერტიფიკატის საფასური მცირე მარნებისთვის გამოწვევაა - "ნოდოს მეღვინეობა"

ღვინის სერტიფიკატის საფასური მცირე მარნებისთვის გამოწვევაა - "ნოდოს მეღვინეობა"

BM.GE

Bulgari-მ აშშ-ში პირველი საჯარო არტ-ინსტალაცია წარადგინა

Bulgari-მ აშშ-ში პირველი საჯარო არტ-ინსტალაცია წარადგინა

BM.GE

რეგულაციები აყალიბებს ხელსაყრელ გარემოს, ახმეტაში მომხდარის მსგავსი პროვოკაციული მოვლენებისთვის - დავით კილაძე

რეგულაციები აყალიბებს ხელსაყრელ გარემოს, ახმეტაში მომხდარის მსგავსი პროვოკაციული მოვლენებისთვის - დავით კილაძე

BM.GE

ალიშერ უსმანოვის სანქციების სიიდან ამოღებას სლოვაკეთთან ერთად საფრანგეთიც ითხოვს - Euronews

ალიშერ უსმანოვის სანქციების სიიდან ამოღებას სლოვაკეთთან ერთად საფრანგეთიც ითხოვს - Euronews

BM.GE