მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "აბსოლუტურად ყველაფერი გაძვირდა" - თაზო დათუნაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე
"აბსოლუტურად ყველაფერი გაძვირდა" - თაზო დათუნაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე

"აბსოლუტურად ყველაფერი გაძვირდა" - თაზო დათუნაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე

BM.GE16 სექტემბერი, 2026, 15:43|bm.ge

„ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული ფასების შემცირების ნაცვლად, საქართველოში აგვისტოს თვეში აბსოლუტურად ყველაფერი გაძვირდა“ - ამის შესახებ, 3 სექტემბერს, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის თაზო დათუნაშვილის განცხადება გავრცელდა.

პოლიტიკოსი აღნიშნულ შეფასებას საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს უკავშირებს და კონკრეტულ მაჩვენებლებს ასახელებს: „აგვისტოში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 5.6%-მდე გაიზარდა. 2026 წლის აგვისტოში, 2025 წლის შესაბამის თვესთან შედარებით დიზელის საწვავი 39%-ით გაძვირდა; ბენზინი - 23%-ით; ქათმის ხორცი - 15%-ით; ძროხის ხორცი - 18%-ით; თევზეული - 18%-ით; პური და პურპროდუქტები - 7%-ით“.

BMG-მ გადაამოწმა რამდენად აისახა სამთავრობო კომისიის მუშაობა სურსათის ფასებზე და როგორია ფასების დინამიკა საქართველოში.

2025 წლის დეკემბერში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც საქართველოში, ევროპის ბაზართან შედარებით, სასურსათო პროდუქტების მაღალ ფასებზე ისაუბრა. მისი თქმით, ფასებს შორის არსებული სხვაობა, მათ შორის, სადისტრიბუციო კომპანიებისა და საცალო ქსელების მაღალი ფასნამატებითა და მოგების მაღალი მარჟებით იყო განპირობებული. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სურსათზე ფასები უნდა შემცირდეს და ამ მიზნით საკითხის შესწავლა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება დააანონსა. მან სამართალდამცავ უწყებებს საკითხის სიღრმისეული შესწავლისკენ მოუწოდა, მათ შორის, იმის დასადგენად, იკვეთებოდა თუ არა ფასნამატებში დანაშაულის ნიშნები, ხოლო პარლამენტს შესაბამისი საპარლამენტო კომისიის შექმნის თხოვნით მიმართა.

2025 წლის დეკემბრის ბოლოს შეიქმნა სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, ხოლო 2026 წლის თებერვალში - საპარლამენტო დროებითი კომისია. პარალელურად, სამთავრობო მედიების, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლების საჯარო განცხადებების საშუალებით, აქტიურად ვრცელდებოდა გზავნილი, რომ კომისიების მუშაობის შედეგად სურსათზე ფასები უნდა შემცირებულიყო. (ბმული 1; ბმული 2).

კვერცხის ფასი

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარში კვერცხი წინა თვესთან შედარებით 5.46%-ით გაძვირდა.

თებერვალში კვერცხის მწარმოებელმა კომპანიებმა — „სავანეთმა“, „დილამ“, „კოდამ“ და „კუმისმა“ - პროდუქციის 5%-ით გაიაფების შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. კომპანიების განცხადებით, გადაწყვეტილება „საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის გათვალისწინებით“ მიიღეს, რომელიც სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირებას უკავშირდებოდა. შედეგად, კვერცხის ფასი დაახლოებით დეკემბრის ნიშნულს უნდა დაჰბრუნებოდა.

მოგვიანებით, ფასების კომისიის სხდომაზე, კვერცხის მწარმოებელი კომპანია „დილას“ დირექტორმა გია ლობჟანიძემ პირდაპირ განაცხადა, რომ კვერცხზე ფასის დაწევა და მისი დეკემბრის ნიშნულზე დაბრუნება კომპანიების მოგების შემცირების ხარჯზე მოხდა.

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის აგვისტოში კვერცხის ფასი წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მხოლოდ 1.41%-ით იყო შემცირებული. ეს ერთი კვერცხის შემთხვევაში დაახლოებით ერთი თეთრის ფარგლებში გაიაფებას ნიშნავს.

საბოლოო ჯამში, კვერცხის ფასი უფრო ადმინისტრაციული ჩარევის წარუმატებელ სიმბოლოდ დარჩა, ვიდრე მომხმარებლისთვის ფასების რეალური და მდგრადი შემცირების მაგალითად.

რა დაადგინა კომისიამ?

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა კომისიამ დაადგინა, რომ სურსათის ფასი ერთი კონკრეტული რგოლის მიერ არ განისაზღვრება. ფასწარმოქმნა კომპლექსური პროცესია, რომელზედაც გავლენას ღირებულებათა ჯაჭვის ყველა მონაწილე — მწარმოებელი, იმპორტიორი, დისტრიბუტორი და საცალო ქსელი — ახდენს. ფასზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს არა მხოლოდ პროდუქტის თვითღირებულებასა და მარჟას, არამედ საბრუნავი კაპიტალის ღირებულებას, გადახდის პირობებს, ლოგისტიკასა და სხვა გარე ეკონომიკურ ფაქტორებს.

კომისიის დასკვნის თანახმად, არ დასტურდება საცალო ვაჭრობის სექტორში გადაჭარბებული მოგების არსებობა და არც მონოპოლიური მდგომარეობა. კომისიის შეფასებით, საცალო ბაზარი კონკურენტული დინამიკითა და დაბალი კონცენტრაციით ხასიათდება, ხოლო სექტორის მომგებიანობის მაჩვენებლები საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.

საბოლოოდ, კომისიამ დაასკვნა, რომ „ეფექტიანი პოლიტიკა უნდა იყოს მიმართული არა ფასების ადმინისტრაციულ კონტროლზე, არამედ ბაზრის სტრუქტურული გაუმჯობესებისკენ, გამჭვირვალობის ზრდისკენ და ღირებულებათა ჯაჭვის ეფექტიანობის ამაღლებისკენ“.

ამრიგად, კომისიის კვლევამ პრობლემები სისტემურ დონეზე — პროდუქტის მწარმოებლიდან მომხმარებლამდე არსებულ მთელ ჯაჭვში — დაინახა.

შედეგად, აქცენტი ბაზარზე ფასების შემცირებიდან მომხმარებლისთვის დაბალი ფასის მოძიების გამარტივებაზე გადავიდა. მთავრობამ მომხმარებლისთვის იაფი პროდუქტის მოძიების მექანიზმი შექმნა — აამოქმედა ფასების საძიებო პორტალი ekalata.gov.ge , რომელიც სხვადასხვა ქსელურ მარკეტში პროდუქციის ფასების შედარების საშუალებას იძლევა.

რაც შეეხება ფასების შემცირებას, ინფლაციური წნეხი სურსათის ჯგუფში კვლავ ნარჩუნდება.

ინფლაციის დონე და სურსათის ფასების დინამიკა

2026 წლის აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 5.6% შეადგინა. 2024–2026 წლების ინფლაციის დინამიკა აჩვენებს, რომ წლიური ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები სწორედ მიმდინარე წელს დაფიქსირდა. კერძოდ, წლიურმა ინფლაციამ 2026 წლის აპრილში 5.9%-ს მიაღწია, მაისში 5.7%, ივნისში 5.8%, ივლისში 5.5%, ხოლო აგვისტოში 5.6% შეადგინა.

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ამრიგად, 2026 წელს ინფლაციის დონე წინა ორი წლის მაჩვენებლებზე მნიშვნელოვნად მაღალია და ბოლო 5 თვის განმავლობაში 5%-ზე ზემოთ ნარჩუნდება.

ვინაიდან „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული ფასების შემცირება, რომელზედაც თაზო დათუნაშვილი საუბრობს, ძირითადად სასურსათო პროდუქტებს შეეხებოდა, ჩვენც ამ ჯგუფზე გავამახვილეთ განსაკუთრებული ყურადღება.

სამომხმარებლო ფასების დეტალური წლიური ინდექსები აჩვენებს, რომ 2026 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები საშუალოდ 5%-ით გაიზარდა. თუმცა ფასების ზრდა ყველა ჯგუფს არ შეხებია — ხილსა და ყურძენზე ფასები 6.1%-ით შემცირდა. ყველაზე მეტად გაძვირდა თევზეული — 18.1%-ით, ხორცი და ხორცის პროდუქტები — 9.8%-ით, ზეთი და ცხიმი — 7.8%-ით, ხოლო პური და პურპროდუქტები — 7.1%-ით.

კონკრეტული პროდუქტების მიხედვით, 2026 წლის აგვისტოში, წინა წლის აგვისტოსთან შედარებით, ყველაზე მეტად გაძვირდა:

პომიდორი — 57.5%-ით,

ხახვი — 42.7%-ით,

კომბოსტო — 31.4%-ით,

თევზი — შებოლილი - 23.2%-ით, გაყინული - 17.3%-ით, ახალი თევზი - 16.9%-ით;

ძროხის ხორცი — 18.8%-ით;

ქიშმიში — 18.1%-ით;

კიტრი — 17.4%-ით;

ქათმის ხორცი — 15.3%-ით;

მზესუმზირის ზეთი — 13.4%-ით;

იოგურტი — 12.2%-ით;

ხორბლის პური — 11%-ით.

ამავე პერიოდში რიგ პროდუქტებზე ფასები შემცირდა. ყველაზე მეტად გაიაფებული პროდუქტები:

მანდარინი — 29.9%-ით;

ნიორი — 29%-ით;

ფორთოხალი — 22.8%-ით;

ქლიავი — 20.2%-ით;

ატამი — 19.1%-ით;

კივი — 18.5%-ით;

ლიმონი — 18.5%-ით;

ყურძენი — 13.9%-ით;

ლობიო — მწვანე - 10.5%-ით; ხმელი - 7.1%-ით;

შაქარი — 9.9%-ით;

მაკარონი და მაკარონის ნაწარმი — 8.2%.

ამრიგად, სურსათის ჯგუფების უმეტესობაზე და ცალკეულ პროდუქტებზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდა მართლაც დაფიქსირდა, თუმცა ხილის ქვეჯგუფში და ასევე სხვა რიგ პროდუქტებზე (მაგალითად, შაქარი, მაკარონი, ლობიო) ფასები შემცირდა.

რაც შეეხება საწვავის ფასებს, პოლიტიკოსის განცხადებაში მოყვანილი მონაცემები საქსტატის სტატისტიკას შეესაბამება. 2026 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ბენზინი 23.2%-ით, დიზელი კი 39.6%-ით გაძვირდა.

საქსტატის მონაცემებით, ინფლაციის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა არა მხოლოდ სურსათისა და საწვავის, არამედ სხვა ძირითადი ჯგუფების გაძვირებამაც. ტრანსპორტის ჯგუფში ფასები 15.2%-ით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე ყველაზე მეტად (1.81 პროცენტული პუნქტით) აისახა. საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიისა და აირის ჯგუფში ფასები 8.5%-ით, ხოლო ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში — 5.2%-ით გაიზარდა.

ფასებმა მოიმატა მედიკამენტების ყველა ჯგუფში, რომელსაც საქსტატი აკვირდება: ანტიბიოტიკები — 13.9%-ით, სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები — 11.9%-ით, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები — 9.2%-ით, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები — 5.2%-ით, ვიტამინები — 4%-ით და ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები — 2.3%-ით.

გაიაფება შეინიშნება ინტერნეტის გადასახდელის, საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ავეჯისა და ახალი მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში. კერძოდ, ინტერნეტის გადასახდელი 25.5%-ით, ტელევიზორები 16.3%-ით, გაზქურები 13.3%-ით, სარეცხი მანქანები 16.6%-ით, მაცივრები 12.8%-ით, მაგიდები 11.6%-ით, სამზარეულოს გარნიტური 7.5%-ით, სკამი 6.3%-ით, ხოლო ახალი მსუბუქი ავტომობილები 5.2%-ით გაიაფდა.

საქსტატის მონაცემები აჩვენებს, რომ 2026 წლის აგვისტოში საქართველოში ფასების ზრდა მართლაც მაღალი იყო - წლიურმა ინფლაციამ 5.6% შეადგინა, ხოლო ცალკეულ ჯგუფებსა და პროდუქტებზე ფასების ზრდამ ორნიშნა მაჩვენებელს მიაღწია. თუმცა ფასების ზრდა აბსოლუტურად ყველა პროდუქტსა და მომსახურებაზე არ გავრცელებულა. სტატიაში განხილულია რიგი სასურსათო პროდუქტები და არასასურსათო საქონელი, რომელთა ფასებიც შემცირდა.

შესაბამისად, თაზო დათუნაშვილი ფასების დონის მატებაზე სწორად მიუთითებს, ასევე მის მიერ დასახელებული ფასების ზრდის ცალკეული მაჩვენებლები საქსტატის მონაცემებს შეესაბამება, თუმცა ამ მონაცემებზე დაყრდნობით იმის თქმა, რომ აგვისტოში „აბსოლუტურად ყველაფერი გაძვირდა“, გადაჭარბებულია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

100 000-ლარიანი ზღვარი კარგია, მაგრამ რჩება უმძიმესი განაკვეთების საფრთხე|შეფასება და კითხვები

100 000-ლარიანი ზღვარი კარგია, მაგრამ რჩება უმძიმესი განაკვეთების საფრთხე|შეფასება და კითხვები

BM.GE

თბილისში დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება - კალაძე

თბილისში დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება - კალაძე

BM.GE

თეგეტა იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის კამპანიას კიდევ ერთი კომპანია შემოუერთდა

თეგეტა იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის კამპანიას კიდევ ერთი კომპანია შემოუერთდა

BM.GE

ყველაზე დაბალი ხელფასი კვლავ განათლების სექტორშია - სად არის ყველაზე მაღალი/დაბალი ანაზღაურება საქართველოში?

ყველაზე დაბალი ხელფასი კვლავ განათლების სექტორშია - სად არის ყველაზე მაღალი/დაბალი ანაზღაურება საქართველოში?

BM.GE