
აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელია ის, რითაც იზომება მოსახლეობის ცხოვრების დონე და არა ფარდობითი - კობახიძე
ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ქვეყანაში სიღარიბის დონისა და მოქალაქეთა შემოსავლების გაზომვის კრიტერიუმებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ცხოვრების დონის შესაფასებლად მთავარი ინდიკატორი აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელია, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს ეფუძნება.
კობახიძის განმარტებით, ქვეყანა სიღარიბის დასათვლელად იმავე მიდგომას იყენებს, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები, და აღნიშნული მონაცემები დროში შედარებადია.
საქსტატი სიღარიბეს რამდენიმე განცალკევებული კატეგორიით განსაზღვრავს. მათ შორის ყველაზე ფართო და მედიანური მოხმარების 60%-ს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი, ხოლო მეორეა მედიანური მოხმარების 40%-ს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი. ამისთვის, საქსტატი ყოველწლიურად ითვლის მედიანური მოხმარების მაჩვენებლებს მთელი მოსახლეობისთვის და ამ რიცხვის შესაბამისად გამოითვლის მოსახლეობის იმ წილს, რომლებიც ცხოვრობენ იმ შინამეურნეობებში, რომელთა მოხმარებაც მედიანური მოხმარების 60%-ს და 40%-ის ზღვარს ქვემოთაა.
„სიღარიბის მთავარი ინდიკატორი არის აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი. ამით იზომება მოსახლეობის ცხოვრების დონე, გაუმჯობესდა თუ არ გაუმჯობესდა. ფარდობითი ვერ იქნება მთავარი ინდიკატორი, აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელია ის, რითაც იზომება მოსახლეობის ცხოვრების დონე. რაც შეეხება იმას, თუ როგორ აისახება ეს ყველაფერი მოსახლეობაზე. მინდა მაგალითად მოვიყვანო საშემოსავლო გადასახადის მაჩვენებლები. რამდენს იხდიდნენ ჩვენი მოქალაქეები საშემოსავლო გადასახადს 2020 წელს და რამდენს იხდიან დღეს. აქედან შეგიძლიათ მარტივად გადაამრავლოთ ოთხზე და მიიღებთ იმას, თუ რამდენი იყო მოსახლეობის შემოსავლები 2020 წელს და რამდენია 2025 წელს. 2020 წელს ჩვენი მოქალაქეების ნეტო შემოსავალი იყო 13, 3 მილიარდი ლარი. დღესCompass-ის მონაცემებით ეს მაჩვენებელი აჭარბებს 33 მილიარდ ლარს. ეს გადასახადები ბიუჯეტში შეიტანა ჩვენმა 1 მლნ 400 000-მა თანამოქალაქემ. 5 წლის წინ თუ მათი შემოსავლები იყო 13 მილიარდი, ახლა არის 33 მილიარდი. შესაბამისად, თავადაც შეგიძლიათ გასცეთ კითხვას პასუხი, გაუმჯობესდა თუ არა მოსახლეობის შემოსავლები ამ ქვეყანაში.
აბსოლუტური სიღარიბე იანგარიშება საერთაშორისო სტანდარტებით. ამ მეთოდოლოგიას იზიარებს მსოფლიო ბანკიც. როგორც ანგარიშობენ საერთაშორისო სტანდარტებით სიღარიბეს, ისე ანგარიშობს საქართველოც. ერთი და იგივე მეთოდოლოგია იყო 2012 წელსაც და მიმდინარე წელსაც. ამ ერთი და იგივე მეთოდოლოგიით, 2012 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 1 მლნ 120 000 და ზუსტად იგივე მეთოდოლოგიით დღეს სიღარიბის მაჩვენებელი არის 280 000“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ბრიფინგზე ასევე უპასუხა კრიტიკას იმის შესახებ, აისახება თუ არა ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობაზე. კობახიძის თქმით, ბოლო სამ წელიწადში ქვეყანაში საშუალო ხელფასი 48%-ით არის გაზრდილი, რაც პირდაპირ აისახება სოციალურ პროგრამებსა და ჯანდაცვაზე.
„ნეტო შემოსავლები, საშემოსავლო გადასახადის მიხედვით 13,3 მილიარდი ლარი იყო. გახდა 33 მილიარდი. რომელი ეკონომისტი ამბობს იმას, რომ ეკონომიკური ზრდა არ აისახება მოსახლეობაზე? სისულელეა, ვინც ამას ამბობს, ის არ არის ეკონომისტი. მხოლოდ ბოლო სამ წელიწადში საშუალო ხელფასი საქართველოში 48%-ით გაიზარდა. ეს ყველაფერი შემდეგ აისახება ბიუჯეტზეც და მათ შორის, მოსახლეობის სოციალური დახმარების მაჩვენებლებზე, ჯანდაცვაზე “, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ,2025 წელს საქართველოში სიღარიბის ფარდობით ზღვარს მიღმა მყოფი პირების რაოდენობა შემცირდა - საქსტატის თანახმად, ფარდობითი სიღარიბე მოსახლეობის 17.3%-ს შეადგენდა, რაც 2024 წელთან შედარებით 1.6 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.
საქსტატის თანახმად, 2025 წელს ერთი შინამეურნეობის (ოჯახის) საშუალო ყოველთვიური ხარჯები შეადგენდა 1936 ლარს, ერთი ადამიანის საშუალო ყოველთვიური ხარჯები კი 603 ლარს. შესაბამისად, 2025 წელს იმისთვის, რათა ოჯახი ფარდობითი სიღარიბის 60%-ის ზღვარს მიღმა ყოფილიყო მისი საშუალო ყოველთვიური ხარჯები 1161 ლარზე ნაკლები უნდა ყოფილიყო, რაც ერთ ადამიანზე 362 ლარზე ნაკლებია.
ამ ზღვარს მიღმა 2025 წელს მოსახლეობის 17.3% ცხოვრობდა. რაც შეეხება ფარდობითი სიღარიბის 40%-ის ზღვარს, მის მიღმა მოსახლეობის 5.2% ცხოვრობდა, რაც 2024 წელთან შედარებით 1.5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. ეს ზღვარი ლარებში ოჯახზე 774 ლარს, ერთ ადამიანზე კი 241.2 ლარს შეადგენს.
BM.GE
წყარო: bm.ge