
აჭარაში $500 000-იანი ინვესტიციით, კაფსულა სასტუმრო "მარს ოაზისი" გაიხსნა
აჭარაში კაფსულა სასტუმრო „მარს ოაზისი“ გაიხსნა. როგორც ობიექტის დამფუძნებელმა მურად მახარაძემ BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში მდებარე კომპლექსი 4 ივლისს გაიხსნა და სტუმრებს თანამედროვე ტიპის კაფსულა სახლებსა და განსხვავებულ განთავსების გამოცდილებას სთავაზობს.
მისი თქმით, ტურისტული სივრცის მოწყობის სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, ხოლო კაფსულები ჩინეთიდან დაშლილ მდგომარეობაში ჩამოიტანეს და ადგილზე ააწყვეს, რაც ტერიტორიის რელიეფისა და მისასვლელი გზის სპეციფიკით იყო განპირობებული.
„კაფსულები ჩინეთიდან კონტეინერებით ჩამოვიტანეთ, დაშლილ მდგომარეობაში, რადგან ამ ტერიტორიაზე მათი სრულად აწყობილი სახით შემოტანა რთული იყო. ადგილზე შევქმენი გუნდი და აწყობის პროცესი თავად გავმართეთ.
ობიექტი ბათუმის ცენტრიდან 10 კილომეტრში, აეროპორტიდან 7 კილომეტრში, ხოლო გონიო-კვარიათის მიმართულებიდან დაახლოებით 6 კილომეტრში მდებარეობს და გამორჩეულია 360 გრადუსიანი პანორამული ხედებით. ამ ეტაპზე კომპლექსში 6 კაფსულაა განთავსებული – სამი 38 კვადრატული მეტრის და სამი 28 კვადრატული მეტრის ფართობის. 38 კვადრატული მეტრის კაფსულები ოროთახიანია და აღჭურვილია ცალკე საძინებლით, სამზარეულოთი, ტექნიკითა და „ჭკვიანი სახლის“ სისტემით. 28 კვადრატული მეტრის კაფსულები კი სტუდიოს ტიპისაა და გათვლილია წყვილისა და მცირე ოჯახის განთავსებაზე. სრული დატვირთვის შემთხვევაში დაახლოებით 21 სტუმრის მიღება შეგვიძლია“, – განაცხადა მურად მახარაძემ.
პროექტში, მიწის ღირებულების ჩათვლით, დაახლოებით 500 000 დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. როგორც დამფუძნებელი აღნიშნავს, თავად კაფსულების ღირებულება ჩინეთში, კომპლექტაციის მიხედვით, დაახლოებით 20-23 ათასი დოლარიდან იწყება.
მახარაძის ინფორმაციით, კაფსულები დამზადებულია ენერგოეფექტური მასალებით. კონსტრუქცია გალვანიზირებულ მილებს ეფუძნება, გარედან ალუმინით არის შეფუთული, ხოლო შიდა ნაწილი თბოიზოლაციითა და ხმის დამხშობი მასალებით არის აღჭურვილი.
მურად მახარაძის განცხადებით, უკვე რამდენიმე ჯავშანიც მიღებულია.
„საქართველოში მსგავსი ტიპის სასტუმრო კომპლექსი, სადაც კაფსულებია გაერთიანებული, ფაქტობრივად პირველია. გახსნაზე ბევრი ადამიანი მოვიდა და დაინტერესება საკმაოდ მაღალი იყო. ამჟამად, წინასწარი ჯავშნები ძირითადად ადგილობრივებისგან არის, თუმცა გვინდა საერთაშორისო ბაზარიც დავაინტერესოთ.
ამ ეტაპზე, კვების სერვისის გარეშე, 38 კვადრატული მეტრის კაფსულაში ერთი ღამის განთავსების ფასი 400 ლარია, ხოლო 28 კვადრატული მეტრის კაფსულაში – 320 ლარი.“, – აღნიშნა მან.
მისივე განმარტებით, კომპლექსის აუზებს, გამწვანებულ სივრცეებს, საბავშვო ზონასა და დასასვენებელ ადგილებს მოიცავს. ასევე დაგეგმილია კვების ობიექტის დამატება, რომელიც დაახლოებით 20 ივლისიდან ამოქმედდება.
ობიექტში ამჟამად 6 ადამიანია დასაქმებული, თუმცა ინფრასტრუქტურის გაფართოების შემდეგ თანამშრომელთა რაოდენობის დაახლოებით 10-მდე გაზრდა იგეგმება.
BM.GE
წყარო: bm.ge