
აჭარის 2027 წლის ბიუჯეტში ხელფასების, საქონლისა და მომსახურების დაფინანსება ₾197 მილიონამდე იზრდება - როგორ ნაწილდება?
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტით, შრომის ანაზღაურებისა და საქონლისა და მომსახურების ხარჯებისთვის ჯამში 196.9 მლნ ლარია გათვალისწინებული, რაც 2026 წლის გეგმასთან შედარებით 11.6 მლნ ლარით, ანუ 6.3%-ით მეტია. აღნიშნული თანხა მოიცავს როგორც ადმინისტრაციულ, ისე სხვადასხვა საბიუჯეტო პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
კერძოდ, შრომის ანაზღაურებისთვის 91.1 მლნ ლარია გათვალისწინებული, რაც 2026 წლის 83.6 მლნ ლართან შედარებით 9.1%-ით მეტია. სახელფასო ხარჯების ზრდა ძირითადად საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურების ყოველწლიურ მატებას უკავშირდება. ამასთან, საქონლისა და მომსახურების ხარჯები 101.7 მლნ ლარიდან 105.8 მლნ ლარამდე, დაახლოებით 4%-ით იზრდება.
2027 წლის ბიუჯეტის პროექტით, სამინისტროებს შორის დაფინანსების ყველაზე მაღალი, 24.6%-იანი ზრდა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროშია დაგეგმილი. უწყების ბიუჯეტი 173.2 მლნ ლარიდან 215.9 მლნ ლარამდე იზრდება. აღსანიშნავია, რომ სამინისტროების მთლიანი დაფინანსება ადმინისტრაციულ ხარჯებთან ერთად სხვადასხვა პროგრამისა და ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისთვის გამოყოფილ თანხებსაც მოიცავს.
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 11.5%-ით, 97 მლნ ლარამდე იზრდება, განათლებისა და სპორტის სამინისტროსი - 5.9%-ით, 126 მლნ ლარამდე. კულტურის სამინისტროსთვის 54 მლნ ლარია გათვალისწინებული, რაც 2026 წლის გეგმას 3.8%-ით აღემატება, ხოლო სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს დაფინანსება 2.6%-ით, 42 მლნ ლარამდე იზრდება.
რაც შეეხება სხვა უწყებებს, აჭარის უმაღლესი საბჭოს დაფინანსება 8.3%-ით, 10.95 მლნ ლარამდე იზრდება, მთავრობის - 5.7%-ით, 7.87 მლნ ლარამდე, ხოლო უმაღლესი საარჩევნო კომისიის - 10.2%-ით, 1.77 მლნ ლარამდე.
საერთო ჯამში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტით, ასიგნებები 1.059 მლრდ ლარს შეადგენს.
BM.GE
წყარო: bm.ge