
გერმანია უკრაინას დამატებით 200 მილიონ ევროს გამოუყოფს
გერმანია უკრაინას ზამთრის დახმარების სახით დამატებით 200 მილიონ ევროს გამოუყოფს. დახმარება მოიცავს ელექტროენერგიის, გათბობისა და წყალმომარაგების უზრუნველყოფას, რუსეთის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული თავდასხმების ფონზე.
გერმანიის ბუნდესტაგის საბიუჯეტო კომიტეტმა დაფინანსება 13 ნოემბერს დაამტკიცა.
გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად უკრაინას სასწრაფოდ ესაჭიროება დამატებითი მხარდაჭერა, რათა მოსახლეობა აუცილებელი რესურსებით უზრუნველყოს და რუსეთის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე გახშირებული თავდასხმების მიუხედავად, ენერგეტიკული და წყალმომარაგების სისტემების ფუნქციონირება შეინარჩუნოს.
"რუსეთის მიზანმიმართული თავდასხმები უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მხოლოდ ერთ დასკვნამდე მიგვიყვანს: იმის ნაცვლად, რომ მოსკოვმა საბოლოოდ დაიწყოს სერიოზული მოლაპარაკებები, მას მიაჩნია, რომ ზამთრის სიცივე მის მხარესაა. ეს სტრატეგია მარცხისთვისაა განწირული, რადგან პუტინი კვლავ სათანადოდ ვერ აფასებს უკრაინისა და მისი პარტნიორების გამძლეობას.
ჩვენ მხარს ვუჭერთ გაჭირვებულ ოჯახებს, უზრუნველვყოფთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წვდომას გათბობასა და სასმელ წყალზე და ვეხმარებით ჯანდაცვის მომსახურების შენარჩუნებას. ჩვენი გზავნილი ნათელია: ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ და გავაგრძელებთ მის გაძლიერებას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება", - თქვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge