
ADB აზიის კრიტიკული მინერალების მიწოდების ჯაჭვების გასაძლიერებლად ახალი ინიციატივით გამოდის
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დღეს წარადგინა დაფინანსების ახალი მექანიზმი, რომლის მიზანია აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნებს დაეხმაროს კრიტიკული მინერალების მიწოდების ჯაჭვების განვითარებაში, რაც აუცილებელია სუფთა ენერგიის, ბატარეების, ელექტრომობილებისა და ციფრული ტექნოლოგიების საწარმოებლად.
„კრიტიკული მინერალები განსაზღვრავს მომავალი ინდუსტრიული ეპოქის სახეს,“ - განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა მასატო კანდამ ADB-ის 59-ე წლიურ შეხვედრაზე, - „აზია და წყნარი ოკეანის რეგიონი არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ნედლეულის მიმწოდებლის როლით. რეგიონმა ასევე უნდა შექმნას სამუშაო ადგილები, ტექნოლოგიები და მიიღოს დამატებითი ღირებულება, რომელსაც ეს მინერალები ქმნის.“
„ეს მექანიზმი შეიქმნა როგორც გადაუდებელი აუცილებლობის, ასევე სამართლიანობის გამო: პასუხისმგებლიანი მიწოდების ჯაჭვების შესაქმნელად, რათა ჩვენი განვითარებადი წევრი ქვეყნები გახდნენ კონკურენტუნარიანი მოწინავე წარმოებაში და ადგილობრივად შექმნან ახალი შესაძლებლობები", - დასძინა მან.
როგორც ADB წერს, საპარტნიორი დაფინანსების მექანიზმი – კრიტიკული მინერალებიდან წარმოებამდე მიზნად ისახავს რეგიონის ხელშეწყობას გადავიდეს მხოლოდ მოპოვებიდან უფრო მაღალი ღირებულების დარგებში, როგორიცაა გადამუშავება, წარმოება და რეციკლირება. მექანიზმი ხელს შეუწყობს პროექტების მომზადებას, რეფორმებს და კრიტიკული მინერალების ღირებულებათა ჯაჭვში საჯარო ინვესტიციებისა და კერძო დაფინანსების მხარდაჭერას.
მექანიზმი ორი კომპონენტისგან შედგება: საგრანტო და კატალიზური დაფინანსების ფანჯრებისგან.
საგრანტო ფანჯარა დააფინანსებს პროექტებს საწყის ეტაპზე, მათ შორის ტექნიკურ-ეკონომიკურ და გარემოსდაცვით და სოციალურ შეფასებებს, ტექნიკურ დახმარებასა და ცოდნის გაზიარებას. იაპონიის მთავრობამ საგრანტო ფანჯრისთვის გამოყო 20 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ – 1.6 მილიონი აშშ დოლარი.
"კატალიზური დაფინანსების ფანჯარა მიზნად ისახავს სხვა ფინანსური პარტნიორების თანადაფინანსების მოზიდვას და რისკების გაზიარებას. კორეის ექსპორტ-იმპორტის ბანკმა (Korea Eximbank) და კორეის სავაჭრო დაზღვევის კორპორაციამ (K SURE) მემორანდუმებს მოაწერეს ხელი თითოეული 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით და გახდნენ მექანიზმის პირველი პარტნიორები.
მექანიზმი ეფუძნება ADB-ის 2025 წლის სტრატეგიას, რომელიც მიმართულია რეგიონში პასუხისმგებლიანი და მდგრადი ღირებულებათა ჯაჭვის - კრიტიკული მინერალებიდან წარმოებამდე - მხარდაჭერაზე. ADB უკვე მხარს უჭერს ბატარეების წარმოებასა და რეციკლირებაში ინდოეთში, გეოლოგიური მონაცემების რუკაზე დატანას მონღოლეთში, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ კრიტიკული მეტალების წარმოებასა და ცირკულარულ მიდგომების ჩამოყალიბებას უზბეკეთში, კრიტიკული მინერალების სტრატეგიის შემუშავებას ყაზახეთში, და კრიტიკული მინერალების სამოქმედო გზამკვლევსა და მარეგულირებელ რეფორმებს ფილიპინებში.
ADB-მა პარტნიორებთან თანამშრომლობით ასევე შექმნა კრიტიკული მინერალების მონაცემთა ბაზა, რომლის მიზანია კრიტიკული მინერალების მიწოდების ჯაჭვებზე ინფორმაციის გაუმჯობესება და პოლიტიკის კოორდინაციის მხარდაჭერა.
მექანიზმის ფარგლებში მხარდაჭერილი ყველა პროექტი დაექვემდებარება ADB-ის მკაცრ გარემოსდაცვით და სოციალურ მოთხოვნებს, სათანადო მოკვლევასა და ზემოქმედების შეფასებებს.
მექანიზმის მიზანია სუფთა ენერგიისა და ციფრული ტექნოლოგიების მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება, ამავდროულად სამუშაო ადგილების შექმნა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერა რეგიონში.
ADB მრავალმხრივი განვითარების წამყვანი ბანკია, რომელიც მხარს უჭერს მდგრად, ინკლუზიურ, და მედეგ ეკონომიკურ ზრდას აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში. მუშაობს რა, წევრ ქვეყნებთან და პარტნიორებთან ერთად კომპლექსური გამოწვევების დასაძლევად, ADB ეყრდნობა ინოვაციურ ფინანსურ ინსტრუმენტებს და სტრატეგიულ თანამშრომლობას, რათა გარდაქმნას ადამიანების ცხოვრება, შექმნას ხარისხიანი ინფრასტრუქტურა და დაიცვას ჩვენი პლანეტა. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაციის მფლობელია 69 წევრი ქვეყანა, მათ შორის 50 რეგიონიდანაა წარმოდგენილი", - წერია ADB-ის პრესრელიზში.
BM.GE
წყარო: bm.ge