
მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ
პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მიღებული ცვლილებების თანახმად, მინისტრის პირველ მოადგილეს ან მოადგილეს ენიჭება უფლებამოსილება, შეთავსებით შეასრულოს ამავე სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ-ისა და საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის ფუნქციები. გარდა ამისა, მათ შეეძლებათ დაიკავონ პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაც.
საკანონმდებლო ცვლილებას 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 5 წინააღმდეგი წავიდა.
დოკუმენტის მიხედვით, მინისტრის მოადგილეებს დამატებითი თანამდებობრივი უფლებამოსილების შეთავსება შემდეგი პირობებით შეეძლებათ.
„მინისტრის პირველმა მოადგილემ/მოადგილემ შეიძლება შეთავსებით შეასრულოს შესაბამისი სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი/მისი სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის, შესაბამისი სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილება.
პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა შეიძლება შეთავსებით ეკავოს მინისტრის პირველ მოადგილეს/მოადგილეს“.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, მინისტრის მოადგილეებისთვის აღნიშნული დამატებითი ფუნქციების დაკისრება დამატებითი ანაზღაურების დაწესებას არ ითვალისწინებს. ეს მოვალეობები ანაზღაურების გარეშე განხორციელდება.
ავტორები აღნიშნავენ, რომ ცვლილება უზრუნველყოფს სახელმწიფო პოლიტიკის უფრო ეფექტიან მართვას.
„აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს შესაბამისი მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის კოორდინირებულ განხორციელებასა და მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესებას, კონკრეტულ სფეროებში პასუხისმგებლობის კონცენტრირებასა და უწყებათაშორისი კოორდინაციის გაუმჯობესებას, რიგი საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტას, არსებული ადამიანური რესურსის გონივრულად გამოყენებას“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
ცნობისთვის, პარლამენტში კანონის ინიცირებამდე, ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში თავის სპეციალურ წარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი უკვე დანიშნა.
BM.GE
წყარო: bm.ge