
ADB-მ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.3%-ზე, ინფლაციის კი 5.2%-მდე გაზარდა
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა და აღნიშნავს, რომ ეკონომიკამ წლის პირველ ნახევარში, მიუხედავად გარე შოკებისა, მდგრადობა შეინარჩუნა.
ADB-ის სექტემბრის ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის ზრდის პროგნოზი 6.3%-მდე გაიზარდა, რაც 0.8 პროცენტული პუნქტით მეტია წინა, ივლისის 5.5%-იან პროგნოზზე. ხოლო 2027 წლის პროგნოზი უცვლელი რჩება და 5.2%-ს შეადგენს.
"საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ მოლოდინს გადააჭარბა, რასაც ხელი შეუწყო მომსახურების სექტორის, მოხმარებისა და ექსპორტის ძლიერმა ზრდამ. იმის გათვალისწინებით, რომ ეკონომიკური აქტივობა მოსალოდნელზე მაღალი იყო და რეგიონული გავლენები შეზღუდული რჩება, 2026 წლის ზრდის პროგნოზი 5.5%-დან 6.3%-მდე გაიზარდა, ხოლო 2027 წლის პროგნოზი უცვლელად 5.2%-ზე დარჩა",- წერია ანგარიშში.
რაც შეეხება მთლიანად კავკასიის, ცენტრალური და დასავლეთი აზიის რეგიონს, რომელშიც საქართველოც შედის, როგორც მიმდინარე, ისე მომდევნო წლის ზრდის პროგნოზი 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და მოსალოდნელია, რომ 2026 წელს ზრდა 3.7% იქნება, 2027 წელს კი 4.1%. ეს ცვლილება ასახავს აზერბაიჯანის, ტაჯიკეთისა და თურქეთის ეკონომიკური ზრდის უფრო დაბალ პროგნოზებს.
კავკასიის, ცენტრალური და დასავლეთი აზიის რეგიონის სექტემბრის განახლებული პროგნოზები ქვეყნების მიხედვით ასეთია:
• საქართველო: 6.3% (0.8 ზრდა პ.პ.-ით) • უზბეკეთი: 7% (0.3 ზრდა პ.პ.-ით) • ყირგიზეთი: 8.9% (უცვლელი) • თურქმენეთი: 6.3% (უცვლელი) • სომხეთი: 5% (უცვლელი) • ყაზახეთი: 4.8% (უცვლელი) • ტაჯიკეთი: 7% (0.3 შემცირება პ.პ.-ით) • თურქეთი: 2.8% (0.3 შემცირება პ.პ.-ით) • აზერბაიჯანი: 1.6% (0.4 შემცირება პ.პ.-ით)
ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2025 წელთან შედარებით, ფასების ზრდის წნეხი გაძლიერდა სომხეთში, საქართველოში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა და თურქმენეთში, მაშინ როდესაც ინფლაცია შენელდა ყაზახეთში, თურქეთსა და უზბეკეთში.
საქართველოში ფასების ზრდის დაჩქარება ყველაზე მკვეთრი იყო, რაც განპირობებული იყო საწვავის, ტრანსპორტისა და სურსათის ფასების მატებით. ამის საპასუხოდ, სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25%-მდე გაზარდა. მაღალი საიმპორტო ფასების ფონზე, ADB-მ საქართველოს 2026 წლის ინფლაციის პროგნოზი 5.2%-მდე გაიზარდა აქამდე არსებული 4.9%-ის ნაცვლად, 2027 წლის ინფლაციის პროგნოზი კი უცვლელია 3.3%-ის დონეზე.
"2026 წლის პირველ ნახევარში ინფლაციურმა წნეხმა მოიმატა, ძირითადად გარე ფასების შოკების გამო. საშუალო ინფლაციამ 5.2%-ს მიაღწია, 2025 წლის იმავე პერიოდში არსებული 3.1%-ის ნაცვლად, რაც მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს ეროვნული ბანკის 3%-იან სამიზნე მაჩვენებელს.
ინფლაციის ზრდის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორები ენერგიისა და სურსათის ფასები იყო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ფიზიკური მიწოდების შეფერხება არ დაფიქსირებულა, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამო საერთაშორისო ნავთობის ფასების ზრდამ პირდაპირ გაზარდა საწვავის ფასები და ირიბად - ტრანსპორტირებისა და წარმოების ხარჯები. შედეგად, ტრანსპორტის ინფლაცია ერთი წლის წინანდელი –2.2%-დან 7.7%-მდე დაჩქარდა. სურსათის ფასები კი 8%-ით გაიზარდა, წინა წლის 6.1%-თან შედარებით, რაც სურსათის იმპორტზე საქართველოს მაღალი დამოკიდებულებითა და გლობალური ფასების ზრდით აიხსნება",- წერია ანგარიშში.
საქართველოსთან დაკავშირებით ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყნის საგარეო პოზიცია 2026 წლის პირველ ნახევარში მყარი დარჩა, მიუხედავად ტურიზმის სექტორის შესუსტებისა.
საფინანსო ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 3.8%-მდე შემცირდა, რაც საქონლის ექსპორტის ზრდას უკავშირდება, თუმცა ტურიზმის სექტორის შესუსტებამ შესაძლოა ეს გაუმჯობესება შეაფერხოს.
"მიუხედავად იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის საერთო გავლენა შეზღუდული დარჩა, რეგიონში საჰაერო მიმოსვლის შეფერხებებმა ტურიზმის სექტორი შეასუსტა. 2026 წლის პირველ ნახევარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2%-ით შემცირდა, რაც საპირისპიროა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებული 3.8%-იანი ზრდისა",- წერია ანგარიშში და ასევე აღნიშნულია, რომ უცხოური ვალუტის ძლიერმა შემოდინებამ ხელი შეუწყო ლარის სტაბილურობასა და საერთაშორისო რეზერვების დაგროვებას, რის შედეგადაც რეზერვების მოცულობამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) რეზერვების ადეკვატურობის შეფასების მაჩვენებლის 118%-ს გადააჭარბა.
BM.GE
წყარო: bm.ge