
აგროთანადაფინანსების ახალ პროგრამაში ბიუროკრატია იზრდება, თუმცა ფერმერს შესაძლოა, სესხის აღება გაუმარტივდეს - კონიაშვილი
სოფლის მეურნეობის დარგის წარმომადგენლების ნაწილი მიიჩნევს, რომ აგროთანადაფინანსების ახალმა პროგრამამ შესაძლოა, ბიუროკრატიული ბარიერები გაზარდოს, თუმცა ეფექტიანობის გასაზრდელად სახელმწიფოს მხრიდან მონიტორინგის გამკაცრება სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია.
როგორც BMG‑სთან რძის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს, გასულ პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან რიგ პროექტებზე ხშირად სუბსიდია ისე გაიცემოდა, რომ მისი შესწავლა დეტალურად არ ხდებოდა. შესაბამისად, მისი თქმით, ის გარემოება, რომ პროექტს პირველ რიგში სახელმწიფო შეაფასებს და ამ მიმართულებით მონიტორინგს გაამკაცრებს, მნიშვნელოვანია. ამასთან, კახა კონიაშვილი მიიჩნევს, რომ ახალი პროგრამის ფარგლებში შესაძლოა, ფერმერებს ბანკიდან სესხის აღებაც გაუმარტივდეთ.
„ზოგადად, პროგრამას თუ შევეხებით, ბევრი სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ერთი მხარე ამბობს, რომ ეს უფრო გაართულებს პროცესს და ფერმერებს უფრო გაუძნელდებათ წვდომა ფინანსებზე. ჩემი აზრით, ის, რომ სახელმწიფო უფრო გაამკაცრებს მონიტორინგის ნაწილს პროგრამის მსვლელობისას, ეს ძალიან დადებითი მომენტია. ერთი მხრივ, ეს, რა თქმა უნდა, ზრდის ბიუროკრატიულ ბარიერებს, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან, საბოლოო მიზნის მისაღწევად და ეფექტიანობის გასაზრდელად, ეს უფრო მნიშვნელოვანი თემა არის, იმიტომ რომ ხშირად შეიძლება თანხები ისე ყოფილიყო გაცემული, რომ დეტალურად არ ყოფილიყო შესწავლილი, რამდენად ჰქონდა კონკრეტულ მიმართულებას, პროექტს წარმატების მაღალი პროცენტი.
რაც შეეხება იმას, რომ ჯერ სახელმწიფო აფასებს ამას [პროექტს] და ის ადგენს, ღირს თუ არა ამ პროექტში თანადაფინანსების გამოყოფა და შემდეგ უკვე ბანკში უწევს მისვლა ბენეფიციარს, ჩემი გადმოსახედიდან, ეს უფრო სწორი მიმართულებაა, იმიტომ რომ ბანკს და სახელმწიფოს განსხვავებული მიდგომები და განსხვავებული ხედვები აქვთ პროექტის შეფასებისას. სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია სტრატეგიული დაგეგმარება და ის გზა, რომლისკენაც უნდა რომ წაიყვანოს კონკრეტული მიმართულება და ის სხვა გადმოსახედიდან აფასებს ამას, უფრო სახელმწიფოებრივი, წმინდა წყლის აგროტექნიკური მიმართულებით. ხოლო ბანკის მთავარი ამოცანაა, რომ განსაზღვროს ფინანსურად რამდენად "აწევს" ესა თუ ის ბენეფიციარი ამ პროექტს და ტყუილად ხომ არ „გაისვრის“ ის იმ თანხას, რომელიც შემდგომში თავის ტკივილი იქნება მისთვის.
ამიტომ, ჩემი აზრით, პირიქით, შეიძლება გაუადვილდეს კიდევაც ბენეფიციარს ბანკიდან სესხის აღება. სოფლის პროექტების სააგენტო თუ დაადგენს, რომ აქ [კონკრეტულ პროექტში] ღირს თანხის ჩადება და ეს პერსპექტიული პროექტია, ამ შემთხვევაში უკვე უფრო მეტი ნდობა ექნება, ჩემი აზრით, ბანკს, რომ დააფინანსოს ესა თუ ის მიმართულება.
სახელმწიფოსგან თუ უკვე გაქვთ იმის გარანტია, რომ თქვენ თუ 1 მილიონს აიღებთ სესხად, 1 მილიონს ის მოგცემთ, ან 2 მილიონს თუ აიღებთ, 2 მილიონსაც მოგცემთ, ჩემი აზრით, გადახდისუნარიანობის კოეფიციენტი საკმაოდ იზრდება ბანკის თვალში“, - განაცხადა კახა კონიაშვილმა.
ცნობისთვის, მთავრობამ აგროთანადაფინანსების ახალი მოდელი დაამტკიცა. პროგრამის ერთ-ერთი მთავარი სიახლე თანადაფინანსების გაცემის წესია. თუ ადრე სახელმწიფო სუბსიდია სესხის მომსახურების პერიოდში პარალელურად გაიცემოდა, ახალი სისტემით ბენეფიციარმა ჯერ თავად უნდა განახორციელოს ინვესტიცია. 15 მილიონიდან 4 მლნ ლარამდე მცირდება თანადაფინანსების ლიმიტი. პროცენტის თანაგადახდა 11%-დან 8%-მდე ვადიანობა კი 66-დან 36 თვემდე შემცირდა. პროგრამის მიზანი, მთავრობის ინფორმაციით, პირველადი სასოფლო-სამეურნეო წარმოების ზრდის ხელშეწყობა და აგროსექტორში ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების მხარდაჭერაა, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შენახვისა და გადამუშავების ინფრასტრუქტურის შექმნისა და მოდერნიზაციის ხელშეწყობის გზით.
BM.GE
წყარო: bm.ge