
უკანონო შემოსავლები და კორუფცია - რა სასჯელს ითვალისწინებს ექსპრემიერისთვის წარდგენილი ბრალდებები?
საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს 2026 წლის 24 აგვისტოს ახალი ბრალი წაუყენეს. საქართველოს პროკურატურის განცხადებით, საქმე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას უკავშირდება, რაც თავდაცვის სამინისტროს სისტემის საიდუმლო შესყიდვის მეშვეობით მოხდა.
ბრალდების მხარის ვერსიით, 2021-2024 წლებში მოქმედმა სქემამ სახელმწიფოსთვის თითქმის 7 მილიონი ლარის ზიანი გამოიწვია, თავად ირაკლი ღარიბაშვილმა კი ქრთამის სახით 750 ათასი ლარი მიიღო. ახალი ბრალდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ ჯგუფურად და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ეხება და, პროკურატურის მიერ მითითებული კვალიფიკაციით, 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ირაკლი ღარიბაშვილი უკვე იხდის 5-წლიან სასჯელს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე. ამ საქმეზე მასთან 2026 წლის იანვარში საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.
რას ეხებოდა ღარიბაშვილის პირველი ბრალი
ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე ბრალი 2025 წლის 24 ოქტომბერს წარედგინა.
პროკურატურის მაშინდელი ვერსიით, ღარიბაშვილი, რომელიც 2019-2024 წლებში თავდაცვის მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობებს იკავებდა, საჯარო თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ფარულად მონაწილეობდა ბიზნესსაქმიანობაში და იღებდა არალეგალური წარმომავლობის შემოსავლებს.
გამოძიების თანახმად, ამ თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, ღარიბაშვილი ქონებრივ დეკლარაციებში უთითებდა, რომ დიდი ოდენობით თანხებს ოჯახის წევრისგან საჩუქრის სახით იღებდა.
პროკურატურის განცხადებით, ამ გზით 830 ათასი ლარის თანხას ხელოვნურად შეექმნა კანონიერი წარმომავლობის სახე.
გარდა ამისა, გამოძიების ვერსიით, 2023-2024 წლებში ღარიბაშვილმა მასთან დაკავშირებული პირის სახელზე 463 630 ლარად ორი ავტომობილი შეიძინა, ოჯახის წევრის მეშვეობით კი 210 ათას ლარად კომპანიის 100%-იანი წილი შეიძინა. ამავე პერიოდში მისი ოჯახის წევრის სახელზე რეგისტრირებულ კომპანიაში, პროკურატურის ინფორმაციით, 3.67 მილიონი ლარი იქნა ინვესტირებული.
გამოძიების თანახმად, თანხის ძირითადი ნაწილი დოლარში იყო გადაყვანილი. 6.5 მილიონი აშშ დოლარი სამართალდამცველებმა 2025 წლის 17 ოქტომბერს ღარიბაშვილის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას აღმოაჩინეს და ამოიღეს.
მაშინდელი ბრალდების მნიშვნელოვანი თავისებურება ის იყო, რომ ბრალდების აღწერაში არ იყო მითითებული კონკრეტული ბიზნეს საქმიანობა ან ოპერაცია, საიდანაც უკანონო შემოსავალი იყო მიღებული.
ანუ, პროკურატურის მიერ 2025 წლის ოქტომბერში აღწერილი ბრალდების მიხედვით, დადგენილი იყო თანხის არალეგალური წარმომავლობა და მისი ლეგალიზაციის სავარაუდო მექანიზმი, თუმცა თავად უკანონო შემოსავლის გამომწვევი კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედება ბრალდებაში ცალკე ეპიზოდად წარმოდგენილი არ იყო.
სწორედ ამ ნაწილში განსხვავდება პირველი საქმე 2026 წლის 24 აგვისტოს წარდგენილი ახალი ბრალდებისგან: ახალი საქმე უკვე კონკრეტულ სავარაუდო კორუფციულ სქემას, სახელმწიფო შესყიდვებსა და ქრთამის გადაცემას აღწერს.
საპროცესო გარიგება და 5-წლიანი სასჯელი
2026 წლის 12 იანვარს საქართველოს პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა.
სასამართლოს მიერ შეთანხმების დამტკიცების შედეგად, მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
ღარიბაშვილს ასევე დაეკისრა 1 მილიონი ლარის ჯარიმა. სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა.
ახალი საქმე - რა მოხდა თავდაცვის სამინისტროს შესყიდვებში
2026 წლის 24 აგვისტოს პროკურატურამ ღარიბაშვილს ახალი ბრალი წაუყენა.
გამოძიება ეხება 2022 წლის ბოლოდან თავდაცვის სამინისტროს მიერ სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შესაძენად განხორციელებულ სამ საიდუმლო შესყიდვას.
პროკურატურის ვერსიით, შესყიდვების პროცესში კონკურენტული გარემო ხელოვნურად შეიზღუდა, რის შედეგადაც კონკრეტულ კომპანიებს ტენდერებში გამარჯვებისთვის ხელსაყრელი პირობები შეექმნათ და სახელმწიფომ საქონელში მის რეალურ ღირებულებაზე გაცილებით მეტი გადაიხადა.
საქმეში, ბრალდების მხარის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი ნათესავი ვასილ მხეიძე, თავდაცვის მინისტრის მაშინდელი მოადგილე გიორგი ხაინდრავა და შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ვლადიმერ ღუდუშაური ფიგურირებენ.
პროკურატურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს მიერ შეძენილი სამედიცინო აპარატურისა და სხვა ინვენტარის რეალური ღირებულება 11.5 მილიონ ლარს შეადგენდა, თუმცა ხელშეკრულებების საერთო ღირებულებამ 18.48 მილიონი ლარი შეადგინა.
სხვაობა 6.99 მილიონი ლარია.
პროკურატურა ამ თანხას სახელმწიფოსთვის მიყენებულ ქონებრივ ზიანად აფასებს.
როგორ მივიდა საქმე, პროკურატურის ვერსიით, ღარიბაშვილამდე
გამოძიების მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო შესყიდვებში მონაწილეობის მსურველ ბიზნესმენს ვასილ მხეიძე დაუკავშირდა.
პროკურატურის ინფორმაციით, მას შესთავაზეს ისეთი პირობების შექმნა, რომელიც დაკავშირებული კომპანიის გამარჯვებას და მისთვის სასურველი ფასის უზრუნველყოფას გარანტირებულს გახდიდა. სანაცვლოდ ბიზნესმენს სახელშეკრულებო ღირებულების დაახლოებით 10%-ის ნაღდი ფულის სახით გადაცემა მოსთხოვეს.
ბიზნესმენმა, პროკურატურის ვერსიით, თავდაპირველად უარი თქვა და უმაღლესი თანამდებობის პირებისგან დამატებითი გარანტიების მიღება მოითხოვა.
სწორედ ამის შემდეგ, გამოძიების თანახმად, საქმეში ირაკლი ღარიბაშვილი ჩაერთო.
პროკურატურის ინფორმაციით, მაშინდელი თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს შეუთანხმდა, რომ შესყიდვები იმგვარად განხორციელდებოდა, რომ კონკრეტული კომპანიების გამარჯვება და სასურველი ფასის მიღება უზრუნველყოფილიყო.
„...თავდაცვის სამინისტროს საჭიროებებისათვის შესყიდვებს განახორციელებდა იმგვარი ფორმით, რაც უზრუნველყოფდა ზემოხსენებულ მეწარმესთან დაკავშირებული კომპანიების გარანტირებულად, სასურველი ფასით გამარჯვებას, სანაცვლოდ კი მიიღებდნენ სოლიდურ არამართლზომიერ ფინანსურ სარგებელს“, - აცხადებს პროკურატურა.
უწყების ვერსიით, ღარიბაშვილისგან მიღებული „სამსახურებრივი მფარველობის“ შემდეგ შესყიდვების პროცესში ჩართულმა თანამდებობის პირებმა შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღეს.
1.9 მილიონი ლარი ქრთამის სახით განაწილდა
პროკურატურის განცხადებით, ბიზნესმენმა სამი შესყიდვის საერთო ღირებულების დაახლოებით 10% - 1.9 მილიონი ლარი - რამდენიმე ეტაპად ნაღდი ფულის სახით ვასილ მხეიძეს გადასცა.
ბრალდების მხარის ვერსიით, მხეიძემ თანხიდან 400 ათასი ლარი თავად დაიტოვა, ხოლო 1.5 მილიონი ლარი ჯუანშერ ბურჭულაძეს გადასცა.
შემდეგ, პროკურატურის თანახმად, ბურჭულაძემ თანხა ორ ნაწილად გაყო: 750 ათასი ლარი თავად დაიტოვა, ხოლო დარჩენილი 750 ათასი ლარი რამდენიმე ეტაპად ირაკლი ღარიბაშვილს გადასცა.
„ამ უკანასკნელმა ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან, 750 000 ლარი დაიტოვა თავად, ხოლო თანხის მეორე ნახევარი - 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად ასევე ქრთამის სახით ხელზე გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს“, - აცხადებს პროკურატურა.
ამგვარად, ახალი ბრალდების მიხედვით, ღარიბაშვილის სავარაუდო ქრთამი უშუალოდ სახელმწიფო შესყიდვების კონკრეტულ ეპიზოდებს უკავშირდება.
რა მუხლით არის წარდგენილი ახალი ბრალი
ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარედგინა.
პროკურატურის განმარტებით, საუბარია სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაზე.
ამ დანაშაულისთვის კანონით გათვალისწინებული სასჯელი 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა.
ამავე საქმეზე ყოფილი თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე უკვე მსჯავრდებულია. სასამართლომ მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პროკურატურის ინფორმაციით, ახალი საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია უწყებას 2026 წლის 12 აგვისტოს მიეწოდა.
გენერალური პროკურორის მოადგილის განცხადებით, გამოძიებას თანამშრომლობის სურვილით მიმართა ვასილ მხეიძემ, რომელიც ჯუანშერ ბურჭულაძის ნათესავია და ამ საქმესთან დაკავშირებულ სხვა ეპიზოდებში უკვე მსჯავრდებულია.
მხეიძემ, პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებას მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდა, რის შემდეგაც შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.
ამავე პროცესში, გულუაშვილის განცხადებით, გამოძიებასთან ითანამშრომლა ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემაც.
პროკურატურის ინფორმაციით, დაკითხვების შედეგად მიღებულ ინფორმაციასა და სხვა საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებებზე დაყრდნობით, გამოძიებამ ღარიბაშვილის სავარაუდო მონაწილეობა დაადგინა.
BM.GE
წყარო: bm.ge