
აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება - სამინისტრო
სოფლის განვითარების სააგენტო 2026 წლის 1-ელი ივლისიდან "აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის” განხორციელებას იწყებს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, აგროსექტორის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მომზადებული ახალ პროგრამა მხარდაჭერის ერთიანი მექანიზმია, რომელიც მოიცავს როგორც პირველადი წარმოების, ასევე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შენახვისა და გადამუშავების მიმართულებებს.
"აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის" ახალი მოდელის მიხედვით, რომელიც "ქათულმა ოცნებამ" მაისის დასაწყისში წარადგინა, პროექტებს ბანკების ნაცვლად ჯერ სამინისტროში შეაფასებენ: საფინანსო ინსტიტუტის ფილტრს სახელმწიფო ბიუროკრატია ანაცვლებს.
კერძოდ, "აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაში" მონაწილეობისთვის პოტენციურ ბენეფიციარებს/ფერმერებს სოფლის განვითარების სააგენტოში 4 ეტაპის გავლა მოუწევთ: პირველი - ფერმერული მეურნეობების რეესტრში რეგისტრაცია; მეორე - განაცხადის ელექტრონული ფორმით შევსება; მესამე - "ბიზნესგეგმის" წარდგენა; მეოთხე - შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მაგალითად, თუ ამჟამად, "შეღავათიან აგროკრედიტის პროგრამის" ფარგლებში, შეღავათიან აგროკრედიტს გასცემენ პროექტში ჩართული ბანკები და საფინანსო ორგანიზაციები და სოფლის განვითარების სააგენტო არ მონაწილეობს საკრედიტო განაცხადის დამუშავების და კრედიტის გაცემის პროცესში, 1-ელი ივლისიდან, განახლებული "აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის" თანახმად, სავალდებულო 4-ეტაპიან პროცესში ბანკი/საფინანსო ინსტიტუტი საერთოდ არ ჩანს.
"სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მრავალწლოვანი კულტურების გაშენება, სასათბურე მეურნეობების მოწყობა, მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმების შექმნა და განვითარება. პროგრამა ითვალისწინებს მეფუტკრეობის ხელშეწყობას, აკვაკულტურისა და მარიკულტურის მეურნეობების მოწყობას, ასევე, ფერმერებსა და მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსებით, შეღავათიანი აგროკრედიტითა და სასურსათო დანიშნულების ცხოველების დაკვლისთვის განკუთვნილი ობიექტის, სასაკლაოების მოწყობის ან მოდერნიზაციის მხარდაჭერის მექანიზმებით.
სახელმწიფო პროგრამის მიზანია აგროსექტორში თანამედროვე, ეფექტიანი და კლიმატურ პირობებთან ადაპტირებული ტექნოლოგიების დანერგვა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს წარმოების ზრდას, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებასა და ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას", - ნათქვამია პრესრელიზში.
"აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის" ამოქმედებასთან დაკავშირებით, 2026 წლის 1-ელი ივლისიდან სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებისა და პროექტების ფარგლებში განაცხადების მიღება შეჩერდება.
1 ივლისიდან ფერმერებისა და აგრობიზნესში ჩართული პირებისთვის ხელმისაწვდომი იქნება სოფლის განვითარების სააგენტოს მხოლოდ შემდეგი პროგრამები:
• "აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა"; • "მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა"; • "აგროდაზღვევის პროგრამა"; • "ტექნიკური დახმარების პროგრამა"; • "ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა"; • "ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამა"; • "ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა".
BM.GE
წყარო: bm.ge