
აგვისტოში ევროზონაში ინფლაცია 3.3%-მდე გაიზარდა
ევროზონის 21 ქვეყანაში წლიური ინფლაციის დონე აგვისტოში 3.3%-მდე გაიზარდა. ეს მაშინ, როცა ივლისში ეს მაჩვენებელი 2.9%-ს შეადგენდა. როგორც ირკვევა, ფასების მატება თითქმის მთლიანად ენერგორესურსების გაძვირებამ განაპირობა. Eurostat-ის მონაცემებით, ირანის კონფლიქტის ფონზე ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის ღირებულება გაიზარდა, რამაც ნავთობის გადასამუშავებელი საწარმოების მარჟების ზრდაც გამოიწვია.
რაც შეეხება სხვა მონაცემებს, საბაზისო ინფლაცია, რომელიც სურსათისა და საწვავის ცვალებად ფასებს გამორიცხავს, გასულ თვეში 2.5%-დან 2.4%-მდე შემცირდა. ეს კლება სამომხმარებლო კალათის უმსხვილესი კომპონენტის, მომსახურების სექტორის ფასების 3.3%-დან 3.0%-მდე შენელებამ განაპირობა.
როგორც Reuters-ი წერს, ეს ტენდენცია ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელებს იმის სიგნალს აძლევს, რომ ენერგორესურსების გაძვირება მეორეული ეფექტების პროვოცირებას და ინფლაციის შეუქცევად ზრდას არ გამოიწვევს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ გამოქვეყნებული მაჩვენებლები ECB-ის პროგნოზებს სრულად ემთხვევა და ამყარებს მოლოდინებს, რომ 10 სექტემბერს სადეპოზიტო განაკვეთი 2.50%-მდე გაიზრდება.
ცნობისთვის, სექტემბერში დაგეგმილი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ECB-ის მიერ მიმდინარე წელს გადადგმული მეორე მსგავსი ნაბიჯი იქნება. ინფორმაციისთვის, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთები პირველად ივნისში გაზარდა.
BM.GE
წყარო: bm.ge