მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. AI-ზე დაფუძნებული ქართული სტარტაპი „ნოდი“ პერსონალიზებულ სწავლების პლატფორმას ავითარებს – რას სთავაზობს მომხმარებლებს?
AI-ზე დაფუძნებული ქართული სტარტაპი „ნოდი“ პერსონალიზებულ სწავლების პლატფორმას ავითარებს – რას სთავაზობს მომხმარებლებს?

AI-ზე დაფუძნებული ქართული სტარტაპი „ნოდი“ პერსონალიზებულ სწავლების პლატფორმას ავითარებს – რას სთავაზობს მომხმარებლებს?

BM.GE16 ივნისი, 2026, 20:33|bm.ge

ქართული საგანმანათლებლო ტექნოლოგიური სტარტაპი „ნოდი“ მოსწავლეებისთვის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ პერსონალიზებულ სასწავლო გამოცდილებას ქმნის. პლატფორმა თითოეული მოსწავლის ცოდნის დონეს აფასებს, ავლენს ხარვეზებს და სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით მასზე მორგებულ სასწავლო გეგმას რეალურ დროში ადგენს.

როგორც „ნოდის“ დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ბურდულმა BMGTV-ს გადაცემაში "საქმიანი დილა“ განაცხადა, სტარტაპის მთავარი მიზანია, სწავლების პროცესი ინდივიდუალური გახადოს და მოსწავლის პროგრესს მუდმივად მოერგოს.

„ძირითადი განმასხვავებელი ფაქტორი უკვე არსებული მოდელებისგან არის პერსონალიზაცია და რეალურ დროში ადაპტირება. ჩვენ არ ვადგენთ ერთ სასწავლო გეგმას წლის დასაწყისში, რომელსაც სტატიკურად მივყვებით მთელი წლის განმავლობაში. ყოველი ინტერაქციით, ყოველი გაკვეთილისა და დავალების შესრულებით ვადგენთ ახალ გეგმას. თუ პირველადი ინტერაქციით დავადგინეთ, რომ კონკრეტულ საკითხებში მოსწავლეს აქვს პრობლემა, თუმცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამ საკითხებიდან რამდენიმე უკვე დაძლია, ვკონცენტრირდებით იმ თემებზე, რომლებიც კვლავ პრობლემურია“, – განაცხადა ქეთი ბურდულმა.

მისი განმარტებით, „ნოდი“ სხვა ონლაინ პლატფორმებისგან იმითაც განსხვავდება, რომ განათლების სამინისტროს მიერ გრიფირებული სახელმძღვანელოების მიხედვით მუშაობს და ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაშია.

„ჩვენ ვხელმძღვანელობთ განათლების სამინისტროს მიერ გრიფირებული სახელმძღვანელოებით. შესაბამისად, ჩვენი პლატფორმა ზუსტად არის მორგებული იმ სასწავლო კურიკულუმს, რომელსაც სამინისტრო მიჰყვება“, – აღნიშნა მან.

მისი ინფორმაციით, პლატფორმით სარგებლობა უფასო დიაგნოსტიკური ტესტით იწყება. რეგისტრაციისას მშობელი უთითებს ბავშვის კლასსა და მისთვის საინტერესო საგანს, რის შემდეგაც სისტემა შესაბამის 20-შეკითხვიან ტესტს აგენერირებს. სწორედ ამ ტესტის შედეგებზე დაყრდნობით იქმნება მოსწავლის პირველი ინდივიდუალური სასწავლო გეგმა.

„ჩვენ ვიცით, ამ კლასში მოსწავლემ რა უნდა იცოდეს და ტესტზე პასუხების მიხედვით ვხვდებით, მისთვის რომელი საკითხებია უკვე დაძლეული და სად არის პრობლემა. უკვე ამ პასუხებზე დაყრდნობით ვაგენერირებთ პირველი კვირის ოთხ გაკვეთილს და ყოველი შემდგომი კვირა ხდება ამ კონტენტის განახლება“, – განმარტავს ბურდული.

ამ ეტაპზე „ნოდი“ ხელმისაწვდომია მეოთხე კლასიდან მეათე კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის და მათემატიკის მიმართულებას ფარავს. კომპანიის წარმომადგენელი ეთერში საუბრისას აღნიშნავს, რომ სწორედ მშობლებთან და მოსწავლეებთან კომუნიკაციის შედეგად გამოიკვეთა, რომ მათემატიკა ყველაზე მოთხოვნადი და პრობლემური საგანია.

„მუდმივი კომუნიკაციით მოსწავლეებთან და მშობლებთან დავადგინეთ, რომ ეს საგანი (მათემატიკა) არის ყველაზე მეტად პრობლემური ამ ეტაპზე. თუმცა, ეტაპობრივად ვგეგმავთ, რომ ყველა სასკოლო საგანი დავფაროთ“, – ამბობს სტარტაპის დამფუძნებელი.

აღსანიშნავია, რომ „ნოდის“ განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობამ ითამაშა. ქეთი ბურდულის თქმით, სტარტაპი 1 500 აპლიკანტიდან 20 საუკეთესო პროექტს შორის მოხვდა და გრანტის სახით ინვესტიცია მოიპოვა. მისივე განმარტებით, მიღებული დაფინანსება მთლიანად საპილოტე ვერსიის შექმნას მოხმარდა, თუმცა ფინანსურზე არანაკლებ მნიშვნელოვანი საერთაშორისო მენტორების გამოცდილება აღმოჩნდა.

„ჩვენ წარმატებით გავიარეთ აქსელერაციის პირველი ორი ეტაპი - Founder Market Fit და MVP Stage. შესაბამისად, მოვიპოვეთ პირველადი ინვესტიცია, რომელიც სრულად მოხმარდა საპილოტე ვერსიის მომზადებას. თუმცა, ჩვენთვის ყველაზე დიდი ინვესტიცია იყო ის ცოდნა, რომელიც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მენტორებმა გაგვიზიარეს. დღემდე გვაქვს მათთან კომუნიკაცია და მუდმივი მხარდაჭერა, რაც სტარტაპისთვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია“, - განაცხადა ბურდულმა.

ამ დროისთვის „ნოდის“ საპილოტე ვერსია უკვე მზად არის და კომპანია მომხმარებლებთან აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებს. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი მოთხოვნა ახალი სასწავლო წლის დაწყების პერიოდში ფიქსირდება, სტარტაპმა მომხმარებლებს საზაფხულო პაკეტიც შესთავაზა.

„ვთავაზობთ მომხმარებლებს საზაფხულო პაკეტს, რომელიც აკადემიური წლის პაკეტის ინტენსივობის ნახევარია და ფასიც შესაბამისად განახევრებულია. მშობლები უკვე ჯავშნიან მომსახურებას წლის დასაწყისისთვის, რათა მოსწავლე მომდევნო აკადემიური წლისთვის მომზადებული იყოს“, – აღნიშნა მან.

ქეთი ბურდულის თქმით, პლატფორმა მხოლოდ მოსწავლეებზე არ არის ორიენტირებული. „ნოდის“ მშობლების დაფა მათ საშუალებას აძლევს, ბავშვის პროგრესი რეალურ დროში აკონტროლონ და დეტალური ინფორმაცია მიიღონ მისი სასწავლო აქტივობის შესახებ.

„მშობლებს 24-საათიან რეჟიმში აქვთ ხელმისაწვდომობა ნებისმიერ ინფორმაციაზე – რა ინტერაქცია განახორციელა მოსწავლემ პლატფორმასთან, რომელი დავალებები შეასრულა, რომელი ვერ დაძლია და როგორი არის მისი პროგრესი. მშობელი მუდმივად საქმის კურსშია, რა ეტაპზეა მოსწავლე და კიდევ რა საკითხები აქვს დასაძლევი“, – განაცხადა ბურდულმა.

რაც შეეხება განვითარების გეგმას, კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ სტარტაპი საგნობრივი მიმართულებების გაფართოებასა და მომხმარებელთა ბაზის ზრდას გეგმავს, იმ ფონზე, როდესაც განათლების სფეროში ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მიმართ ინტერესი როგორც მშობლების, ისე მოსწავლეების მხრიდან მზარდია.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფინანსთა სამინისტრომ ბარტერული ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრის მიდგომა შეცვალა - დავით პაპიაშვილის განმარტება

ფინანსთა სამინისტრომ ბარტერული ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრის მიდგომა შეცვალა - დავით პაპიაშვილის განმარტება

BM.GE

4 თვეში პესტიციდები 19%-ით გაძვირდა, ექსპორტზე კი 33%-ით უფრო ძვირად გავყიდეთ - სად ვყიდულობთ/ვყიდით?

4 თვეში პესტიციდები 19%-ით გაძვირდა, ექსპორტზე კი 33%-ით უფრო ძვირად გავყიდეთ - სად ვყიდულობთ/ვყიდით?

BM.GE

ლუქსემბურგს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ - ნიკოლოზ სამხარაძე

ლუქსემბურგს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ - ნიკოლოზ სამხარაძე

BM.GE

ჭიათურაში არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს - ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საქმიანობა შეუჩერდა

ჭიათურაში არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს - ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საქმიანობა შეუჩერდა

BM.GE