
ახალ მოდელში "შეღავათიანი აგროკრედიტის" პროგრამა კლასიკური გაგებით აღარ მოიაზრება - ბექა გონაშვილი
„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ მოდელში „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამა კლასიკური გაგებით აღარ მოიაზრება“, - ასეთი შთაბეჭდილება კომპანია „აგროქიზიყის“ დამფუძნებელ ბექა გონაშვილს ახალი სახელმწიფო პროგრამის გაცნობის შემდეგ დარჩა.
როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა, „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაში“ ბანკის ადგილი პირდაპირ აღარ არის.
კომპანია "აგროქიზიყის" დამფუძნებლის შთაბეჭდილება, რომ მართალია, ამას ადასტურებს BMG-ის კითხვების პასუხად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტება, საიდანაც ირკვევა, რომ "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი" არ უქმდება და როგორც ერთ-ერთი ინსტრუმენტი იარსებებს, თუმცა 1-ელი ივლისიდან, სოფლის მეურნეობის სექტორში თამაშის წესები იცვლება და "აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა" ამოქმედდება. ახალი მოდელის მიხედვით კი, პროექტებს ბანკების ნაცვლად ჯერ სამინისტროში შეაფასებენ ანუ საფინანსო ინსტიტუტის ფილტრს სახელმწიფო ბიუროკრატია ჩაანაცვლებს.
ყველაფერი, რაც ვიცით, „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ ახალი მოდელის შესახებ|BMG-ის კითხვები და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პასუხები
ბექა გონაშვილის განმარტებით, ფერმერს კვლავ აქვს შესაძლებლობა, საწყისი კაპიტალი კრედიტის სახით მოიზიდოს, მაგრამ ახალი სახელმწიფო პროგრამის თანახმად, მთავრობა კრედიტის პროცენტს, სავარაუდოდ, აღარ დაუსუბსიდირებს თუ [ბენეფიციარის "ბიზნესგეგმა" ჯერ სოფლის განვითარების სააგენტოში არ მოიწონეს].
ფერმერი ხაზს უსვამს ახალი სახელმწიფო პროგრამის მთავარ პრინციპს - "პირველად ხარჯვა, ხოლო შემდეგ თანადაფინანსება" და განმარტავს, რომ ახალი წესებით, ბენეფიციარმა ჯერ საკუთარი ან ნასესხები სახსრებით სრულად უნდა განახორციელოს პროექტი - მაგალითად, ააშენოს ფერმა ან გააშენოს ბაღი — და მხოლოდ ამის შემდეგ წარადგინოს დოკუმენტაცია სოფლის განვითარების სააგენტოში დახარჯული თანხის 50%-ის მისაღებად.