
ახალი CEO-ს ხელმძღვანელობით, Berkshire-მა ორ დღეში $16.8 მილიარდის ინვესტიცია განახორციელა
Berkshire Hathaway-მა, ახალი აღმასრულებელი დირექტორის, გრეგ აბელის ხელმძღვანელობით, ორ დღეში 16.8 მილიარდი დოლარი გამოყო: ერთი მხრივ, დეველოპერული კომპანია Taylor Morrison Home Corp-ის შესაძენად, ხოლო მეორე მხრივ, Google-ისთვის ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში დასახმარებლად.
ეს ინვესტიციები, სავარაუდოდ, იმ ინვესტორებს დააკმაყოფილებს, რომლებიც აბელისგან Berkshire-ის ფულადი რეზერვების მეტი წილის დახარჯვას ითხოვდნენ, მისი წინამორბედისგან განსხვავებით. გრეგ აბელმა აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე უორენ ბაფეტი იანვარში შეცვალა.
არარერთი ინვესტორისა და ანალიტიკოსის თქმით, Berkshire-ის ნაღდმა ფულმა, რომელმაც 31 მარტის მდგომარეობით 380.2 მილიარდი დოლარი შეადგინა, ომაჰაში დაფუძნებული კონგლომერატის აქციების ფასზე უარყოფითად იმოქმედა.
აქციების ფასი 2025 წლის მაისში დაფიქსირებულ რეკორდულ მაქსიმუმთან შედარებით 13%-ით არის შემცირებული, მაშინ როცა იმავე პერიოდში ტექნოლოგიებით დატვირთული Standard & Poor's 500-ის ინდექსი 34%-ით გაიზარდა.
"ყველა ელოდა, რომ გრეგი უორენ ბაფეტის ჩრდილიდან გამოვიდოდა და საკუთარ ნაბიჯებს გადადგამდა, და ახლა ჩვენ ამას ვხედავთ," - განაცხადა სტივენ ჩეკმა, Check Capital Management-ის პრეზიდენტმა - მისი კომპანია 2.4 მილიარდ დოლარს მართავს, საიდანაც 700 მილიონ დოლარზე მეტი სწორედ Berkshire-ის აქციებსა და ოფციონებშია ჩადებული.
BERKSHIRE ALPHABET-ში თავის წილს 10 მილიარდი დოლარით ზრდის
მიმდინარე კვირაში Berkshire Google-ის მშობელ კომპანია Alphabet-ში კერძო განთავსების გზით 10 მილიარდი დოლარის აქციებს შეძეანას დათანხმდა. ეს ინვესტიცია Alphabet-ის მიმართ Berkshire-ის ნდობაზე მიანიშნებს.
Berkshire-მა Alphabet-ში ინვესტირება გასული წლის მესამე კვარტალში დაიწყო და 31 მარტის მდგომარეობით 16.6 მილიარდი დოლარის აქციებს ფლობდა. უახლესი ინვესტიციის შემდეგ, Alphabet-ი სავარაუდოდ მოხვდება მის სააქციო პორტფელში 5 ყველაზე მსხვილ კომპანიას შორის, რომელთა სათავეშიც iPhone-ის მწარმოებელი Apple-ი დგას.