
ახალი სახელი ქართულ ღვინის რუკაზე - „თეოფან ფრუიძის მარნის“ პირველი ნაბიჯები ფართო ბაზრისკენ
ბოლნისში მოქმედი საოჯახო მეღვინეობა „თეოფან ფრუიძის მარანი“ ადგილობრივ ბაზარზე აქტიურ გამოჩენას იწყებს. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს ღვინის წარმოების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ბრენდის სახით პროდუქცია მომხმარებელს მხოლოდ ერთი წელია რაც წარუდგინეს.
მარნის წარმომადგენელი ანა მანჯგალაძე BM.GE-სთან აცხადებს, რომ წლევანდელი ღვინის ფესტივალი მათთვის პირველი შესაძლებლობა იყო, საკუთარი პროდუქცია ფართო აუდიტორიისთვის გაეცნოთ.
"ეს არის ჩვენი საოჯახო მარანი, სადაც მთელ ენერგიასა და სიყვარულს ვდებთ. მიუხედავად იმისა, რომ ღვინოს დიდი ხანია ვაწარმოებთ, ფესტივალზე პირველად წელს წარვდექით. მსგავსი ღონისძიებები მცირე მეწარმეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან გვაძლევს შესაძლებლობას, უფრო ფართო საზოგადოებას გავაცნოთ ჩვენი საქმიანობა და რეგიონი", - ამბობს მანჯგალაძე.
ამ ეტაპზე მარანი წელიწადში დაახლოებით 1 000-დან 2 000 ბოთლამდე ღვინოს აწარმოებს. ასორტიმენტში წარმოდგენილია რქაწითელი და საფერავი-თავკვერის კუპაჟი. როგორც მეღვინეობა განმარტავს, მოცემული ჯიშები ოჯახური მემკვიდრეობის ნაწილია და მათი შენარჩუნება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.
"თითოეული დეტალი, რომელსაც მომხმარებელი ხედავს, ჩვენი ოჯახის წევრების შრომის შედეგია. მცირე წარმოება ვართ, თუმცა გაფართოებას ვგეგმავთ და გვინდა, ეტაპობრივად უფრო დიდ ბაზრებზე გავიდეთ", - აღნიშნავს მარნის წარმომადგენელი.
მარნის ღვინო ამჟამად ძირითადად ფესტივალებსა და სპეციალურ ღონისძიებებზეა ხელმისაწვდომი. ერთი ბოთლის საცალო ფასი დაახლოებით 25 ლარს შეადგენს.
სამომავლო გეგმებში ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად ექსპორტის განვითარება სახელდება. მეღვინეობა სხვადასხვა პარტნიორთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს და პრიორიტეტულ ბაზრად ევროპას განიხილავს.
„ჩვენი მთავარი მიზანია, ქართული ღვინო და საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო, ღირსეულად წარვადგინოთ საერთაშორისო ბაზარზე. ცნობადობის ზრდასთან ერთად ექსპორტის შესაძლებლობებიც უფრო რეალური გახდება“, - აცხადებს ანა მანჯგალაძე.
მისივე თქმით, მცირე მეწარმეებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მაღალი ხარჯები რჩება, თუმცა სახელმწიფო და დონორული პროგრამები განვითარების პროცესში მნიშვნელოვან მხარდაჭერას უზრუნველყოფს, რის გამოც კომპანია სხვადასხვა საგრანტო და დაფინანსების პროგრამაში აქტიურად მონაწილეობს.
BM.GE
წყარო: bm.ge