მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ალკოჰოლიანი სასმელის კონტროლი სეს-იდან ღვინის სააგენტოში გადადის | კანონპროექტი
ალკოჰოლიანი სასმელის კონტროლი სეს-იდან ღვინის სააგენტოში გადადის | კანონპროექტი

ალკოჰოლიანი სასმელის კონტროლი სეს-იდან ღვინის სააგენტოში გადადის | კანონპროექტი

BM.GE17 ნოემბერი, 2026, 16:17|bm.ge

სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილება ფართოვდება და შედეგად, ის ალკოჰოლიანი სასმლის წარმოებიდან ბაზარზე განთავსებამდე სახელმწიფო კონტროლს (უვნებლობის გარდა) სრულად უზრუნველყოფს. ამას „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებების პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში დარეგისტრირდა და დაჩქარებული წესით განხილვაა მოთხოვნილი.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე ალკოჰოლიანი სასმლის კანონმდებლობასთან შესაბამისობის სახელმწიფო კონტროლი სსიპ - სურსათის ეროვნულ სააგენტოს ევალება, ხოლო, წარმოებისა და გადამუშავების ეტაპის კონტროლი - სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტოს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, საკანონმდებლო პაკეტის მიღების შედეგად ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე იქნება უწყვეტი, ეფექტური სახელმწიფო კონტროლი, უფლებამოსილებათა მკაფიო განაწილება და ადმინისტრაციული პროცესების უფრო ეფექტიანი ორგანიზება.

ამასთან, იმპორტირებული სპირტიანი სასმელი და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილი დაექვემდებარება სერტიფიცირებას. ეს, განმარტებითი ბარათის თანახმად, დადებითად აისახება მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებაზე, ხარისხიანი ღვინის წარმოებასა და მომხმარებელთა სანდოობის ამაღლებაზე. ასევე დარეგულირდება სახელმწიფო ენოთეკასთან დაკავშირებული საკითხები.

„ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტით ასევე, ზუსტდება ტერმინ - „ბუნებრივი ღვინის“ განმარტება.

სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებად განისაზღვრება ღვინის კომპანიაში ალკოჰოლიანი სასმლის, კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის და სპირტის მოძრაობისა და ნაშთების აღრიცხვა და საქართველოში წარმოებული, შიდა და გარე ბაზრებისთვის განკუთვნილი, აგრეთვე საქართველოში იმპორტისთვის განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმლის, სპირტის და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის სერტიფიცირება. სააგენტოს ემატება შემდეგი უფლებამოსილებები:

• სახელმწიფო ენოთეკის შექმნა, მართვა და ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ღვინის კოლექციის ფორმირება, შენახვა, აღრიცხვა, განახლება და შევსება, აგრეთვე ენოთეკაში დაცული ღვინოების, სპირტიანი სასმლის, ასევე ტარის შესახებ შესაბამისი ინფორმაციისა და მონაცემთა სისტემატიზაცია, აგრეთვე განკარგვა; • საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტის ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი; • საბაჟო პროცედურისთვის განკუთვნილ კონცენტრირებულ ყურძნის ტკბილზე ცნობის გაცემა, რომ აღნიშნული საქონელი არ ექვემდებარება სავალდებულო სერტიფიცირებას (თუ უკვე აქვს შესაბამისი ქვეყნის აკრედიტებული ორგანოს მიერ გაცემული და საქართველოში აღიარებული შესაბამისობის დოკუმენტი).

სერტიფიცირების მიზნით ლოტთან შეუსაბამო ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის ნიმუშის წარდგენისთვის ჯარიმა ხუთმაგდება და 5 000 ლარი იქნება (ნაცვლად 1 000 ლარისა), ხოლო იმავე ქმედების 1 წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენისას - ჯარიმა იქნება 10 000 ლარის ოდენობით (ნაცვლად 2 000 ლარისა).

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ახალი მუხლებიც ემატება, რომლითაც დგინდება პასუხისმგებლობა საქართველოში წარმოებული და ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე სარეალიზაციოდ განთავსებული ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტის "ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობა - ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით ჩადენისას - ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

ამასთან, საქართველოში წარმოებული და ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე სპირტიანი სასმლის შესაბამისობის სერტიფიკატის გარეშე რეალიზაცია გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, განმეორება კი 2 000 ლარის ოდენობით.

ღვინის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირისათვის სახელმწიფო კონტროლში ხელის შეშლა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. ხოლო იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა, რომელსაც 1 წლის განმავლობაში ასეთი ქმედებისთვის შეფარდებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებული ცვლილებების მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის, საქართველოში იმპორტისთვის განკუთვნილი კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის სერტიფიცირებასთან დაკავშირებული რეგულაციები, უნდა ამოქმედდეს 2026 წლის 1 დეკემბრიდან. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, 2027 წლის 1 მარტამდე უნდა უზრუნველყოს „ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე სარეალიზაციოდ განთავსებული ალკოჰოლიანი სასმლის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის“ დამტკიცება, ხოლო, მთავრობამ, 2027 წლის 1 აპრილამდე - „სახელმწიფო ენოთეკის შექმნის, ფორმირების, ფუნქციონირებისა და განკარგვის წესის შესახებ“ დადგენილების მიღება.

ახალი ფუნქციების შესასრულებლად (მათ შორის, 10 ახალი სპეციალისტის დასაქმებისთვის) ღვინის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტიდან და საკუთარი შემოსავლებიდან მომდევნო წლებში სავარაუდოდ დაიხარჯება: 2027 წელს – 960 800 ლარი, 2028 წელს – 1 056 880 ლარი, 2029 წელს – 1 162 568 ლარი, ხოლო 2030 წელს – 1 278 824.8 ლარი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დევიდ ბეკჰემი პარფიუმერიის მწარმოებელი კომპანია Coty-სგან $41 მილიონს ითხოვს

დევიდ ბეკჰემი პარფიუმერიის მწარმოებელი კომპანია Coty-სგან $41 მილიონს ითხოვს

BM.GE

ამსტერდამში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა - რა მოცულობის ღვინოს ვყიდით ნიდერლანდებში?

ამსტერდამში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა - რა მოცულობის ღვინოს ვყიდით ნიდერლანდებში?

BM.GE

საპენსიო ფონდი 13,500 კომპანიას მოუწოდებს დაფარონ დავალიანება, რათა ამნისტიით ისარგებლონ

საპენსიო ფონდი 13,500 კომპანიას მოუწოდებს დაფარონ დავალიანება, რათა ამნისტიით ისარგებლონ

BM.GE

რატომ აშენებენ კომპანიები კორპუსებს რამდენიმე თვეში, სკოლების მშენებლობა კი წლობით ჭიანურდება? - კაკაურიძის პასუხი

რატომ აშენებენ კომპანიები კორპუსებს რამდენიმე თვეში, სკოლების მშენებლობა კი წლობით ჭიანურდება? - კაკაურიძის პასუხი

BM.GE