
ალჟირმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა
ალჟირმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ყოველგვარი დიპლომატიური ურთიერთობა ოფიციალურად გაწყვიტა.
ოფიციალური განცხადების თანახმად, ორმხრივი კავშირების შენარჩუნების ყველა შესაძლებლობა ამოიწურა. საყურადღებოა, რომ განცხადებაში გადაწყვეტილების კონკრეტული მიზეზები მითითებული არ არის, თუმცა ადგილობრივი მედია წერს, რომ გადადგმული ნაბიჯი პირდაპირაა დაკავშირებული არაბთა გაერთიანებული საამიროების მონაწილეობასთან რეგიონულ კონფლიქტებში. როგორც პრესა წერს, საამიროები ალჟირში სამხედრო დაპირისპირებების გაღვივებას ცდილობდა.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ვიდრე დიპლომატიური უწყება ოფიციალურ გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა, ორ ქვეყანას შორის ვითარება ისედაც სერიოზულად იყო დაძაბული. 2026 წლის თებერვალში ალჟირის ხელისუფლებამ საჰაერო მიმოსვლის შესახებ არსებული შეთანხმების გაუქმების პროცესი დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელს ალჟირის პრეზიდენტმა, აბდელმაჯიდ ტებუნმა სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ურთიერთობებზე საუბრისას საუდის არაბეთი, ქუვეითი, ომანი და კატარი "ძმურ" სახელმწიფოებად მოიხსენია, საამიროები კი ირიბად დაადანაშაულა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასა და სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობაში.
BM.GE
წყარო: bm.ge