
„ამ ეტაპზე არანაირი პრობლემა არ გვაქვს“ - კალაძე რუსთაველის რეაბილიტაციაზე
თბილისის მერი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი ნოემბრის ბოლომდე დასრულდება. როგორც მან BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ამ ეტაპზე სამუშაოების ვადებში დასრულების მხრივ პრობლემა არ არსებობს.
კალაძის ინფორმაციით, კომუნიკაციების განახლებას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დაახლოებით 15 სექტემბრისთვის სრულად დაასრულებს.
„ფაქტობრივად, ყველა მონაკვეთზე შეცვლილია მათ დაქვემდებარებაში არსებული კომუნიკაციები და უკვე დავიწყებთ საგზაო სამუშაოებს, სადრენაჟე, სანიაღვრე სისტემების მოწყობას, მიწისქვეშა ურნების განთავსებას და ასე შემდეგ“, - განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაცია. რამდენიმე ადგილას არსებული გადასასვლელი ავარიული მდგომარეობის გამო დაინგრევა და მათ ნაცვლად ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
ჟურნალისტის კითხვაზე, მოესწრება თუ არა რეაბილიტაციის დასრულება ნოემბრის ბოლომდე, კახა კალაძემ უპასუხა: „ამ ეტაპზე არანაირი პრობლემა არ გვაქვს“.
BM.GE
წყარო: bm.ge