
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კერძო ავიაციის პილოტთა საერთაშორისო ექსპედიციას უმასპინძლა
2-3 სექტემბერს „ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ საერთაშორისო საავიაციო ექსპედიციის ფარგლებში ბათუმში ჩამოსულ 50 პილოტს უმასპინძლა. ბათუმში ვიზიტის ფარგლებში პილოტები ადგილზე კუნძულზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს, პროექტის განვითარების ხედვასა და სამომავლო გეგმებს გაეცნენ.
„კერძო ავიაციის პილოტთა ექსპედიცია საქართველოში 2026“ 29 აგვისტოდან 12 სექტემბრამდე, მარშრუტით ლუქსემბურგი – საქართველო – ლუქსემბურგი, ხორციელდება. ექსპედიციაში, რომელიც 4 000-ზე მეტ საზღვაო მილს მოიცავს, მონაწილეობს 26 საჰაერო ხომალდი - ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან და აშშ-დან, რმათ შორის ლუქსემბურგიდან, საფრანგეთიდან, ჩეხეთიდან, ბულგარეთიდან, პორტუგალიიდან, ნიდერლანდებიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან. ინიციატივას კოორდინაციას უწევს ლუქსემბურგში საქართველოს საპატიო კონსული პიტერ სოდერმანსი, ხოლო მხარდამჭერები არიან ლუქსემბურგის თვითმფრინავების მფლობელთა და პილოტთა ასოციაცია (AOPA Luxembourg), თურქეთის თვითმფრინავების მფლობელთა და პილოტთა ასოციაცია (AOPA Türkiye) და ლუქსემბურგში საქართველოს საპატიო საკონსულო.
„ბათუმის ექსპედიციის მარშრუტში ჩართვა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან ის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი კარიბჭეა მსოფლიოსთან. „ამბასადორი აილენდ ბათუმი“ ასახავს იმ ამბიციას, რომელსაც დღეს საქართველოში ვხედავთ - შეიქმნას ახალი მიმართულებები და ინფრასტრუქტურა, რომელიც საერთაშორისო ვიზიტორებს მოიზიდავს და ქვეყანას ევროპასთან კიდევ უფრო მჭიდროდ დააკავშირებს. საქართველოს კერძო ავიაციისა და საავიაციო ტურიზმის განვითარებას უზარმაზარი პოტენციალი აქვს და ჩვენი ექსპედიციის ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ამ შესაძლებლობის წარმოჩენაა,“ -აღნიშნა პიტერ სოდერმანსმა, ლუქსემბურგში საქართველოს საპატიო კონსულმა და ექსპედიციის კოორდინატორმა.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ექსპედიციის მონაწილეებს მიესალმნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ვახტანგ მახარობლიშვილი.
აღნიშნულ საერთაშორისო საავიაციო ქსელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დაახლოებით 17 000 წევრია, რაც ბათუმისა და აჭარის საერთაშორისო ცნობადობის გაზრდისა და რეგიონის კერძო ავიაციის ფართო აუდიტორიისთვის გაცნობის მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის.
„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ თავისი საერთაშორისო ხედვითა და მასშტაბით საქართველოს მსოფლიოსთან კიდევ უფრო მჭიდროდ აკავშირებს. სწორედ ისეთი ინიციატივები, როგორიც კერძო ავიაციის პილოტთა საერთაშორისო ექსპედიციაა, ადასტურებს ბათუმისა და მთლიანად საქართველოს მზარდ ინტერესს საერთაშორისო აუდიტორიის მხრიდან. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროექტი იყოს პლატფორმა, რომელიც ქვეყანაში ახალ ადამიანებს, ახალ შესაძლებლობებსა და საერთაშორისო კავშირებს მოიზიდავს,“- აღნიშნა „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურმა დირექტორმა გოჩა კამკიამ.
ბათუმში ვიზიტის შემდეგ ექსპედიციის მონაწილეები კახეთში გაემგზავრნენ, სადაც Ambassadori Aviation Village-ის ოფიციალური გახსნა გაიმართება. ახალი საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარება და ექსპედიციის ორგანიზება ხელს შეუწყობს საქართველოში კერძო ავიაციისა და საავიაციო ტურიზმის განვითარებას და ქვეყნის საერთაშორისო ზოგადი ავიაციის რუკაზე პოზიციონირებას.
BM.GE
წყარო: bm.ge