
ამერიკელი პროფესიონალებისთვის ქართლსა და კახეთში ღვინის ტური გაიმართა | როგორია ქართული ღვინის ფასი და ექსპორტი აშშ-ში?
ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners“-ის მხარდაჭერით, საქართველოში ამერიკელი ღვინის პროფესიონალებისთვის ღვინის ტური გაიმართა.
ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, 14-კაციანი ჯგუფის შემადგენლობაში Colangelo & Partners-ის წარმომადგენელი ჰემა ბოში და ამერიკის ღვინით ვაჭრობის სფეროს პროფესიონალები შედიოდნენ. ტურის ფარგლებში, ამერიკელი სტუმრები ქართლისა და კახეთის რეგიონებში ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ესტუმრნენ, ადგილზე გაეცნენ ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიებსა და ქართულ სამზარეულოს, ასევე დააგემოვნეს როგორც კლასიკური, ისე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ღვინოები.
ცნობისთვის, ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, Colangelo & Partners აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას 2022 წლიდან ახორციელებს. აღნიშნული კომპანია ერთ-ერთი უმსხვილესი მარკეტინგული კომპანიაა, რომელიც ამერიკის ბაზარზე 15 წელზე მეტია ოპერირებს.
როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ამერიკელი ღვინის პროფესიონალების საქართველოში ვიზიტი ქართული ღვინის ცნობადობისა და ამერიკის ბაზარზე მასზე მოთხოვნის ზრდის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია.
"აშშ გამოირჩევა ღვინის ბაზრის მაღალი კონკურენციითა და ხარისხის მიმართ მკაცრი მოთხოვნებით. ბოლო წლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებულმა არაერთმა მარკეტინგულმა ღონისძიებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქართული ღვინის ცნობადობის ზრდას ამერიკის ბაზარზე, რომელიც ქართული ღვინისთვის ერთ-ერთ ყველაზე მაღალფასიან საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს", - აცხადებენ სააგენტოში.
მათივე ცნობით, აშშ-ში ერთი ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი დაახლოებით 6 აშშ დოლარს შეადგენს, რაც თითქმის ორჯერ აღემატება ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასს.
ცნობისთვის, ამერიკაში ქართული ღვინის ექსპორტი მცირედით შემცირებულია. 2026 წლის იანვარ-ივლისის განმავლობაში აშშ-ში 3,1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 523 293 ლიტრი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ექსპორტმა 3,3 მლნ აშშ დოლარი და 527 199 ლიტრი შეადგინა.
BM.GE
წყარო: bm.ge