
"უმძიმესი ეკონომიკური შედეგები" - ტრამპი ირანის დამხმარე ქვეყნებს ემუქრება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აფრთხილებს ქვეყნებს, რომლებიც ირანს „ნებისმიერი სახის დახმარებას“ გაუწევენ, რომ მათ შესაძლოა მძიმე ეკონომიკური შედეგები დაემუქროთ. განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ და ისრაელი ირანთან ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებების გზებს ეძებენ.
როგორც Reuters-ი წერს, კონფლიქტს, რომელიც თითქმის ექვსი თვეა გრძელდება, ათასობით ადამიანი ემსხვერპლა და ის სპარსეთის ყურის არაერთ ქვეყანაზეც გავრცელდა. გლობალურ ბაზრებზე განსაკუთრებით დიდი გავლენა იქონია ირანის შესაძლებლობამ, აკონტროლოს გემების გადაადგილება ჰორმუზის სრუტეში - მარშრუტში, რომლის გავლითაც ომამდე მსოფლიოში ნავთობის დაახლოებით მეხუთედი გადიოდა.
აშშ-მ და ირანმა აპრილსა და ივნისში ორჯერ გამოაცხადეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომლის მიზანიც ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის ომამდელ დონეზე აღდგენა და საბოლოოდ კონფლიქტის დასრულება იყო. თუმცა, ორივე შეთანხმება მალევე დაირღვა, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი საბრძოლო მოქმედებებიდან დიდწილად გავიდა.
ოთხშაბათს საღამოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ტრამპმა ირანის წინააღმდეგ „უპრეცედენტო მასშტაბის ეკონომიკური ომი და იზოლაცია“ დააანონსა. თუმცა, მას კონკრეტულად არ განუმარტავს, რა ზომების მიღებას გეგმავს.
„ირანის ისლამურ რესპუბლიკას შეთანხმების მისაღწევად ჩემზე მეტი შესაძლებლობა არავის მიუცია. სამწუხაროდ, მათ ეს შესაძლებლობა ვერ გამოიყენეს. ამიტომ, დღეს ვაცხადებ ყველაზე გამანადგურებელი ეკონომიკური ოპერაციის შესახებ, რომელიც ოდესმე რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებულა.
ეს იქნება უპრეცედენტო მასშტაბის ეკონომიკური ომი და იზოლაცია. მათი სამხედრო-საზღვაო ძალები აღარ არსებობს, საჰაერო ძალები განადგურებულია, სამხედრო ქარხნები ნანგრევებადაა ქცეული, მათი ვალუტა გაუფასურებულია და ქვეყანა ძაფზე ჰკიდია.
დღეს ასევე ვაცხადებ, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც საკუთარ ფინანსურ ინსტიტუტებს, ბიზნესებს, აეროპორტებს ან სამთავრობო უწყებებს ირანისთვის ნებისმიერი სახის დახმარების გაწევის საშუალებას მისცემს, თავადაც უმძიმესი ეკონომიკური შედეგების წინაშე აღმოჩნდება.
ნავთობის კონტრაბანდა, გაცვლის ხაზები, ფულადი გადარიცხვები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები, გემების რეგისტრაცია, საფარი კომპანიები - ყველაფერი ახლავე უნდა შეწყდეს. თქვენ იცით, ვისაც ვგულისხმობ“, - დაწერა ტრამპმა, თუმცა კონკრეტული ქვეყანა არ დაუსახელებია.
ცნობისთვის, ირანის ეკონომიკა თითქმის 50 წელია, 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ, აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მძიმე სანქციების პირობებში ფუნქციონირებს.
სამშაბათს არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, სადაც აშშ-ის მნიშვნელოვანი სამხედრო ბაზაა განთავსებული, განაცხადა, რომ ირანთან ვაჭრობას, კომერციულ გაცვლებსა და ფინანსურ ოპერაციებს შემდგომ შეტყობინებამდე აჩერებს. განცხადებას წინ უძღოდა საამიროების თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია, რომ მათ ირანიდან გაშვებული ორი რაკეტა დააფიქსირეს, რომლებიც ზღვაში ჩავარდა. ირანმა ამ ინფორმაციას უსაფუძვლო უწოდა.
აღსანიშნავია, რომ ირანის ნავთობის მთავარი მყიდველი ჩინეთია. ანალიტიკური კომპანია Kpler-ის 2025 წლის მონაცემებით, ირანის ექსპორტირებული ნავთობის 80%-ზე მეტს ჩინეთი ყიდულობს. თუმცა, ჩინეთზე დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის განხორციელებამ შესაძლოა საპასუხო ზომები გამოიწვიოს, რადგან ჩინეთი აშშ-ისთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია, მათ შორის იშვიათი მიწა-მინერალების მიწოდების მიმართულებით.
BM.GE
წყარო: bm.ge