
ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმება და ფუნქციების აუდიტზე გადაცემა დამოუკიდებლობის გარანტიების გარეშე მოხდა - ევროკომისია
საქართველოში ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმება და მისი ფუნქციების სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის გადაცემა GRECO-სა და ვენეციის კომისიის იმ რეკომენდაციების გათვალისწინების გარეშე მოხდა, რომლებიც ინსტიტუციურ დამოუკიდებლობასა და ეფექტიანობას ეხებოდა. ამის შესახებ ევროკომისიის გაფართოების 2026 წლის ანგარიშშია აღნიშნული.
დოკუმენტის თანახმად, 2025 წლის დეკემბერში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ანტიკორუფციულ სფეროში ძირითადი ფუნქციები მთავრობასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის გადანაწილდა, ხოლო 2026 წლის მარტში ანტიკორუფციული ბიურო საბოლოოდ გაუქმდა. აუდიტის სამსახურს გადაეცა ისეთი საკვანძო მიმართულებები, როგორებიცაა თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარირება, მაუწყებელთა (მხილებულთა) დაცვა, პოლიტიკური პარტიების დაფინანსება და ინტერესთა კონფლიქტის კონტროლი.
ევროკომისია მიუთითებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული დამოუკიდებელი ინსტიტუტია, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული შეშფოთება და დემოკრატიული შრომისა და ბალანსის მექანიზმების შეზღუდვა არსებითად ამცირებს ეფექტიანი ზედამხედველობის შესაძლებლობას.
„საქართველოს ჯერ კიდევ არ შეუსრულებია ვენეციის კომისიისა და GRECO-ს რეკომენდაციები ეფექტიანობასა და ინსტიტუციურ დამოუკიდებლობასთან (მათ შორის, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტთან), თანამდებობის პირთა ქონებრივი და ინტერესთა დეკლარაციების გამჭვირვალე გადამოწმებასა და მაღალი დონის კორუფციულ საქმეებზე საგამოძიებო ფუნქციებთან დაკავშირებით“, - წერია ანგარიშში.
2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდა, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.
ბიუროს დაარსების დღიდან რაჟდენ კუპრაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც პოსტზე იმჟამინდელმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დანიშნა.
ანტიკორუფციული ბიურო 2022 წლის 15 დეკემბერს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე შეიქმნა, ბიურო შეიქმნა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მისანიჭებლად, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული მე-4 პრიორიტეტული ამოცანის საფუძველზე.
ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმებას "ოცნებამ" მხარი მესამე მოსმენით 2025 წლის 17 დეკემბერს დაუჭირა.
BM.GE
წყარო: bm.ge