
Apple-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჯონ ტერნუსი გახდა
15-წლიანი მმართველობის შემდეგ ტიმ კუკმა თანამდებობა დატოვა და ტექნოლოგიურ გიგანტ Apple-ს სათავეში ჯონ ტერნუსი ჩაუდგა.
51 წლის ტერნუსი, რომელსაც კომპანიაში მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს, $4.7-ტრილიონიანი კორპორაციის მართვას საკმაოდ რთულ პერიოდში შეუდგება. ახალი ხელმძღვანელი პროგრამული უზრუნველყოფის, მოწყობილობების, ფინანსურ და იურიდიულ მიმართულებებს უხელმძღვანელებს. ამასთან, ტერნუსს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით კომპანიის ახალი ხედვის ჩამოყალიბება მოუწევს, რადგან Apple-ს საკუთარი, დასახული სტრატეგია ბოლომდე ჯერ არ განუვითარებია.
ტერნუსისთვის გამოწვევა იქნება ისიც, რომ Apple-ი მეხსიერების ჩიპების გლობალური დეფიციტისა და გაზრდილი ხარჯების წინაშე დგას, რაც სამომხმარებლო მოწყობილობებზე ფასების დამატებით გაზრდის რისკებს აჩენს. ეს ვითარება კიდევ უფრო რთულდება იმ ეკონომიკური წნეხის ფონზე, რასაც შეერთებულ შტატებში არსებული ინფლაცია ქმნის.
რაც შეეხება ყოფილ მმართველს, 65 წლის კუკი კომპანიას სრულად არ დატოვებს და დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს. ის სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებთან და მარეგულირებლებთან ურთიერთობის პროცესს კვლავ გაუძღვება.
საკონსულტაციო კომპანია Kotter-ის აღმასრულებელი დირექტორის, კეტი გერშის შეფასებით, ტერნუსის ერაში Apple-ს სრულიად ახალ გარემოში მოუწევს კონკურენციის შენარჩუნება, რადგან ბაზარი გაცილებით ფართო და მრავალფეროვანია, AI კი კომპანიისთვის პრობლემურ მიმართულებად რჩება. გერშმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ტიმ კუკის მართვის სტილი ჯონ ტერნუსისთვის შესაძლოა ეფექტიანი აღარ აღმოჩნდეს. თავად ტერნუსმა აღნიშნა, რომ კომპანია საკუთარ გეგმებზე არის კონცენტრირებული და რომ ის ინდუსტრიაში არსებულ შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოიყენებს.
შეგახსენებთ, ჯონ ტერნუსი Apple-ის აპარატურული უზრუნველყოფის მიმართულებას წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ის 2011 წლის შემდეგ კომპანიის რიგით მეორე აღმასრულებელი დირექტორია. იმავე პოსტს წლების წინ თავად ტიმ კუკი იკავებდა.
BM.GE
წყარო: bm.ge